ავტორი:

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

ერთ თვეზე ოდნავ ნაკლები რჩება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე. უკვე გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც რეგიონის მართვისთვის იბრძოლებენ.

თუმცა, მანამდე მოკლედ იმ პრობლემებზე, რომლებიც აფხაზეთში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებს შეემატა:

  • პალმების მასობრივი გაჩეხვა
  • ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში რუსული "როსნეფტის" მიერ დაწყებული ნავთობმომპოვებელი სამუშაოები, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს (ამ პროექტზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ახლა კომპანიის თანამშრომლებისთვის საცხოვრებლის მშენებლობაც მიმდინარეობს)
  • მთელს რეგიონში მწვავედ დგას წყლის მილების პრობლემა. საკურორტო ქალაქები ხშირად უწყლოდ რჩება, რაც მუდმივი კრიტიკის საგანია
  • ისევ მოუგვარებელია ელექტროენერგიის საკითხი, - იმ შემთხვევაში თუ რეგიონი დენის მოხმარებას უახლოეს მომავალში მკვეთრად არ შეამცირებს, ჩაბნელება ემუქრება.

ამდენი მოუგვარებელი პრობლემის ფონზე, თანაგუნდელებმა, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ მასზე იმედებს ამყარებდნენ, საბოლოოდ აქციეს ზურგი ე.წ. ყოფილ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას და ყველაფერი მას დააბრალეს, როგორც ლიდერს, რომელმაც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება ვერ შეძლო. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ მის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმეც" აღიძრას. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს "აფხაზეთის სახალხო ფრონტის" ერთ-ერთი ლიდერი, მანანა კვიცინია, რომელიც ამავდროულად საქველმოქმედო ფონდ "აფხაზეთის" პრეზიდენტიც არის.

საუბარია სადავო 3,5 მილიონზე... "პრეზიდენტობის" დროს, ხაჯიმბა, კვიცინიას ფონდის მხარდაჭერით, ადგილობრივ მძღოლებს სამი შვიდიანისა და ერთნაირი კომბინაციის მქონე სამანქანო ნომრებს შეჰპირდა, რაც საკმაოდ ძვირი ღირდა. აფხაზურ ელიტაში კარგი მარკისა და მოდელების მანქანებით შეჯიბრი ძალიან მოდურია. შესაბამისად, განსხვავებულ ნომრებზე დიდი მოთხოვნა იყო. ხაჯიმბა გეგმავდა, შემოსული თანხა გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაეცა, მაგრამ მოულოდნელად გადაიფიქრა. თანხა გაქრა. კვიცინიას თქმით, ვიდრე ხაჯიმბა "პრეზიდენტის" პოსტზე იყო, ჩივილს აზრი არ ჰქონდა, ახლა კი, სიმართლის დადგენის შანსი არსებობს.

ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ ხაჯიმბას კიდევ უამრავი "ცოდვა" აქვს და სხვა "ცოდვებსაც" თანდათან გაუხსენებენ. საქმე ის არის, რომ მისი თანაგუნდელების ნაწილი "პრეზიდენტობის" სხვა კანდიდატთა ჯგუფებში გადანაწილდნენ. არცერთ მათგანს მისი მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია, რაც აფხაზების თქმით, ნიშნავს, რომ მას უღალატეს.

ახლა "პრეზიდენტის" მოვალეობას დროებით, "პრემიერ-მინისტრი" ვალერი ბგანბა ასრულებს. დარეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მარტის ვადამდელ "არჩევნებში", წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, არც ისე ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია უპირობო ფავორიტია. გასულ წელს მისი მოწამვლის მცდელობა, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა, ახლა უკვე მის კოზირად იქცა. მას ადრეც საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა, ოპონენტთა მხარდამჭერების მხრიდან უკვე არაერთხელ იქცა თავდასხმის ობიექტად. მას შემდეგ, რაც ქართული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, მის წინააღმდეგ აგორებული ტალღა ჩაწყნარდა, მისი ახალი ინიციატივა აიტაცეს. ბჟანია ახალი ციხის აშენებამდე, განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების რუსეთის ციხეებში განთავსებას გეგმავს, რადგან დრანდაში არსებულ შენობაში ვითარება უძიმესია.

იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრები საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობენ, ბჟანიას განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივი ბადრი ხაშბას თქმით, "მან ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, საკუთარი ხალხი რუსეთის უსასტიკეს ციხეებში, კაციჭამიებთან გასაგზავნად გაიმეტა".

"როგორც ვიცი, ციმბირი ჩვენი ტერიტორია არ არის და საინტერესოა, რატო უშვებენ იქ ჩვენს დამნაშავეებს. რატომ უნდა გავუშვათ იქ ჩვენი ხალხი, რაც უნდა დამნაშავეები იყვნენ?", - კითხულობს ადგილობრივი ასმათ კვიცინია.

თუმცა, ბჟანიას მომხრეებიც გამოუჩნდნენ, რომელთა თქმითაც, საუბარია მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებზე, რომლებიც სასჯელს ხულიგნობისთვის გასამართლებულებთან არ უნდა იხდიდნენ.

"დრანდის ციხეში რაც ხდება, კარგად ვიცი, რადგან ჩემი ძმა ადვოკატია და იქ შესვლა ხშირად უწევს. გვაქვს ფოტო და ვიდეომასალა და ზუსტად ვიცი, თუ რატომ ვერ ხედავს სხვა გამოსავალს" - წერს, ინტერნეტმომხმარებელი ლიდა პეტროვნა.

ასეა თუ ისე, ბჟანიას გავლენიანი პოლიტიკოსი, ალექსანდრ ანქვაბი უმაგრებს ზურგს. ბჟანიას გაერთიანება გავლენიან პოლიტიკოსთან, აფხაზეთის "ექს-პრეზიდენტ" ალექსანდრ ანქვაბთან, მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. თუკი ბჟანია "პრეზიდენტი" გახდება, ანქვაბი "პრემიერ-მინისტრის" პოსტს დაიკავებს.

"პრეზიდენტობის" სურვილი გამოთქვა, აფხაზეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლეონიდ ძიაპშბამ. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ 2014 წლის შემდეგ, ეს მისი ერთგვარი ჰობია.

ხაჯიმბას კლანიდან, არჩევნებში ახალგაზრდა ეკონომისტი ადგურ არძინბაც მონაწილეობს. ის "ეკონომიკის მინისტრი" და "ვიცე-პრემიერი" იყო, რომელიც "მთავრობას" ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნას სთავაზობდა, თუმცა, პროექტმა არ გაამართლა. სამაგიეროდ, მას რუსეთთან დაახლოებული, ახალგაზრდა ინალ არძინბას დიდი მჭარდაჭერა აქვს, რომელიც ახლოს არის პატრიარქ კირილთან.

უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხაჯიმბას კლანის კიდევ ერთი წევრი, სოხუმის მერი კან კვარჩია, რომელმაც შესაძლოა, გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, კანდიდატურა არძინბას სასარგებლოდ მოხსნას. თუმცა, არც ერთი მათგანი დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობს.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი