ავტორი:

"სცემეს თანამშრომლები, ტურისტები... ეს ჩვეულებრივი რეკეტია!" - გუდაურში კრიმინალური შემთხვევების მატება ბიზნესს საფრთხეს უქმნის

"სცემეს თანამშრომლები, ტურისტები... ეს ჩვეულებრივი რეკეტია!" - გუდაურში კრიმინალური შემთხვევების მატება ბიზნესს საფრთხეს უქმნის

მთის კურორტების ბიზნესში ჩართული პირები, გუდაურში გახშირებული კრიმინალური შემთხვევების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და სახელმწიფო სტრუქტურებს სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

23 თებერვალს სამთო კურორტზე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელსა და დაცვის თანამშრომლებს დაესხნენ თავს. როგორც თვითმხილველები წერენ, გუდაურში "მოკრიმინალო ელემენტები" თარეშობენ:

23 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების კადრები "მთავარმა არხმა" გაავრცელა

"გუდაურში ყველაზე წარმატებული რესტორნის "მთვრალი ალუბლის" მფლობელს, ქალს, გუშინ შეუვარდნენ ვიღაც ნაძირლები და ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. ძალიან ბევრჯერ უთქვამს მირანდას, რომ ვიღაც მოკრიმინალო ელემენტები ხან რესტორნის გადაწვით, ხან ცემით და გუდაურიდან გაგდებით ემუქრებიან, იმიტომ რომ ხმას იღებს და რეაქცია აქვს ბანდიტების თავგასულობის წინააღმდეგ და თურმე, ხშირად ჩივის პოლიციაში. ეს პოლიცია გინდ ყოფილა გინდ არა..." - წერს "მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის" დამფუძნებელი მაია ბიჭიკაშვილი.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ორი პირი უკვე დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, 32 და 27 წლის მამაკაცები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, დაუპირისპირდნენ "მთვრალი ალუბლის" დაცვის რამდენიმე თანამშრომელს, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კაფე-ბარის მეპატრონესაც. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ორი ბრალდებული დააკავა.

AMBEBI.GE აღნიშნული ინცინდენტის დეტალების გასარკვევად ბარ-რესტორნის მეპატრონეს, მირანდა ესაკიას დაუკავშირდა:

"ასეთი შემთხვევები არამხოლოდ ჩვენს ბარში, ზოგადად მთელ გუდაურში არის ძალიან გახშირებული.

იმ საღამოს მთვრალი ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა და დაჟინებით ითხოვდა შემოსვლის ნება დაგვერთო. ძალიან გავამკაცრეთ სტუმრების მიღების წესები, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი ფაქტი იყო, რომ სცემეს თანამშრომლები, ტურისტები. ბოლოს 4 თებერვალს ჩემს მეუღლეს ჩაარტყეს თავში. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვიცნობ თუ არა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს არ ვუშვებთ.

დაცვის თანამშრომელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უხსნიდა, რომ ადგილები არ იყო და ვერ შემოვუშვებდით. თუმცა, ის სულ უფრო ღიზიანდებოდა და ბოლოს ხელით გადავიდა. გავედი გარეთ და ჩავერთე შეხლა-შემოხლაში, რადგან დაცვის თანამშრომელს პირობითი ჰქონდა და არ მინდოდა რამე პრობლემები შექმნოდა.

წავიდა, მაგრამ მალევე მობრუნდა უკან ჩემზე გაბრაზებული. მომკიდა ჯემპრზე ხელი და გვერდზე გამათრია, თან მემუქრებოდა, არ იცი რას გიზამო. ამ დროს დანა გადმოუვარდა ჯიბიდან. ავიღე ეს დანა და ვუთხარი, რომ არ დაგიბრუნებ, რადგან სხვაგან წახვალ და იქ შეუქმნი ადამიანებს საფრთხესმეთქი. გაშლილი ხელი ჩამარტყა სახეში. შემდეგ დაცვის თანამშრომელსაც სცემა.

ადგილობრივები ფხიზლები ძალიან მშვიდები და კარგები არიან, მაგრამ ზოგიერთს სიმთვრალე აქვს პათოლოგიური... ამ ინციდენტის გამო, ერთ-ერთი ტურისტი მიჩივის, რომ ავუნაზღაურო ფსიქოლოგიური ზიანი, რადგან თვლის, რომ მის შვილს სტრესი მიადგა.

ამ შემთხვევას კი მოეკიდნენ ადეკვატურად სამართალდამცავები, მაგრამ აქამდე საქმე რატომ მივიდა იცით? ისინი, ზოგადად, არ აღიქვამენ დანაშაულად უცხოელის მიმართ ძალადობას. ჰგონიათ, რომ "მისიანი" უნდა დაიცვან.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ: გერმანელი ტურისტი იყო ჩამოსული, ტაქსმა არარეალური თანხა მოსთხოვა, რის გადახდაზეც ეს ბიჭი უარს ამბობდა. ამის გამო ტაქსის მძღოლმა სასტიკად სცემა, თავი გაუტეხა. ტურისტი შემოვარდა ჩვენს ბარში და დახმარება ითხოვა. გავედი გამოვესარჩლე და იცით რა მოხდა?! სამართალდამცველებმა იმ ტაქსის მძღოლს უთხრეს, ერთი ამ გერმანელის დედაც, თქვი, რომ ყინულზე მოუსრიალდა ფეხი და იმიტომ გაიტეხა თავი და თავისუფალი ხარო. გავოგნდი!

ერთი ამბავი ავტეხე. შვილები არ გყავთ, ქვეყანაზე, საერთოდ არ ფიქრობთ მეთქი?! ერთია, რომ ამ პოტენციურ დამნაშავეს ასე უშვებთ და საფრთხეს უქმნით სხვა ადამიანებს და მეორეა, რომ ქვეყანას სახელს უტეხთ, ვინ მოისურვებს აქ ჩამოსვლას მეთქი. იცით რა მითხრეს? შენ რომ გერმანიაში ჩახვიდე და გერმანელმა შეურაცხყოფა მოგაყენოს, მისიანს დაიცავენ თუ შენო?! მიხვდა ეს გერმანელი ყველაფერს და აქეთ მამშვიდებდა. ასე აზროვნებენ ისინი, ვინც სამართლიანობა უნდა დაიცვან! თურმე ამ ინციდენტს იღებდნენ ავსტრიელი ტურისტი გოგონები, როგორ გაუტეხეს ამ ბიჭს თავი და გაავრცელეს სოციალური ქსელების მეშვეობით.

რამდენჯერ შევხვდი გუბერნატორს, სამართალდამცავებს და პირადად ვუთხარი, რომ ასეთი პრობლემები გვაქვს გუდაურში, მაგრამ მითხრეს, რომ იტყუებიო. მე რასაც შევესწარი უამრავი ფაქტია და კიდევ რამდენი ხდება სხვა კაფეებში და ქუჩებში ვინ იცის?!" - უყვება მირანდა ესაკია AMBEBI.GE-ს.

"მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის" დამფუძნებელი მაია ბიჭიკაშვილი AMBEBI.GE-ს მთის კურორტებზე არსებულ სხვა პრობლემებზეც ესაუბრა:

"ზოგადად, უკონტროლოა სიტუაცია გუდაურში. ბიზნესი უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს. ორი წელია მესმის, რომ არ თავდება სხვადასხვა ტიპის მუქარები, შევარდნები ბარებში. დიდი პრობლემა ისიც, რომ ტურისტებს იმხელა თანხებს ახდევინებენ ზოგიერთ ობიექტში, წარმოდგენაც გაგიჭირდებათ. ეს რეკეტია ჩვეულებრივი! შემდეგ ეს ტურისტები იგებენ, რომ მოატყუეს და რეპუტაცია ელახება, როგორც კონკრეტულ კურორტს, ისე მთელ ქვეყანას.

ტაქსის მძღოლები საერთოდ საოცრებებს აკეთებენ. კატასტროფულ თანხებს სთხოვენ ტურისტებს. წინააღმდეგობა თუ გაუწიეს, მაშინვე ძალადობაზე გადადიან.

მაშინ, როდესაც ამხელა ფინანსური სარგებელი მოაქვს მთელი ქვეყნისთვის გუდაურს, ცოტა მეტი კონტროლი და ყურადღებაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან. სამართალდამცავები არ აღიქვამენ შეხლა-შემოხლას მძიმე დანაშაულად. თუმცა, აქედან იწყება ყველაფერი. შეიძლება, ვინმემ ამ ჩხუბის დროს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს და მოხდეს ტრაგედია..." - ამბობს მაია ბიჭიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გუდაურში მომხდარი ტრაგედია, რა დროსაც 28 წლის თაზო გორთამაშვილი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ უცხოელ ტურისტებთან დაკავშირებით დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა.