ავტორი:

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, იმ შემთხვევაში, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი მაისში თბილისში გაიმართება? - ეს იყო შეკითხვა, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა ანა ბროლაძემ რუს დიპლომატს ჟენევაში დაუსვა, თუმცა მისგან შეურაცხყოფელი პასუხი მიიღო. "გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტები ლავროვს „თავს დაესხნენ“, თუმცა „ბოსი არ დაშავებულა“.

„და იცით რა სჭირდებოდათ? შეუძლებელია დაიჯერო! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში“, - წერს ზახაროვა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ „თვითონ თავის კოლეგასთან ერთად გაკაწრეს, თუმცა ბოსი არ დაშავებულა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც მაისშია დაგეგმილი, გაიმართება თუ არა თბილისში.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას 26 თებერვალს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღებენ. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების ადგილად თბილისის გარდა სტრასბურგიც მოიაზრება.

„ხვალ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს და ბუნებრივია, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა ქართველ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნება" შერბილდა და სწორი მიმართულებისკენ დაიძრა"

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"