ავტორი:

ვინ იქნებიან მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატები ოპოზიციიდან - "ინტერპრესნიუსი" ლიდერების გვარებს ასახელებს

ვინ იქნებიან მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატები ოპოზიციიდან - "ინტერპრესნიუსი" ლიდერების გვარებს ასახელებს

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე "ინტერპრესნიუსისთვის“ გარკვეული ინფორმაცია ხდება ცნობილი.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა ექსკლუზიურად განუცხადეს, თბილისში არსებული 22 ოლქიდან 8 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იქნება, ხოლო 14 ოლქი დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს შორის გადანაწილდება.

ამასთან, "ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერის კანდიდატურა უკვე დასახელებულია და მათზე მსჯელობა მიმდინარეობს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად, შესაძლოა, "ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი წარადგინონ, ზუგდიდში კი ოპოზიციის რიგებიდან კენჭი "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სანდრა რულოვსმა იყაროს.

ამავე დროს, დუშეთში მაჟორიტარობის კანდიდატად, "ლეიბორისტული პარტიიდან" წარმომადგენელი მოიაზრება, მცხეთაში კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას კანდიდატურა განიხილება. ხონის მუნიციპალიტეტში მოიაზრება "ევროპული საქართველოს“ კანდიდატის წარდგენა.

რაც შეეხება დედაქალაქს, არ არის გამორიცხული, მთაწმინდის რაიონში ოპოზიციამ შალვა შავგულიძის კანდიდატურა დააყენოს, ხოლო კრწანისში - ალეკო ელისაშვილის.

სააგენტოს ინფორმაციით, ვაკეში კანდიდატურის დაყენებას ოპოზიცია "ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სთავაზობს, თუკი პარტია გადაწყვეტს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდეს, ან "ლელოსთან“ მიმართებაში განიხილება მეორე ვარიანტი - მამუკა ხაზარაძემ იყაროს კენჭი ჩუღურეთის მუნიციპალიტეტში.

"გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ყველა პარტიიდან ერთი ლიდერი მაინც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში არსებულ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. გადანაწილება პარტიების პოლიტიკური წონის, სხვადასხვა გამოკითხვაში დაფიქსირებული რეიტინგისა და ბოლო არჩევნებში მიღებული შედეგების მიხედვით მოხდა. დედაქალაქში რომელი ოლქი რომელ პარტიას ერგება, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც პარტიულ რეიტინგზე, ასევე კონკრეტული პერსონებისადმი საზოგადოების სიმპათიებზე. ამავე პრინციპით მოხდება ოლქების განაწილება რეგიონებშიც“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პროცესში ჩართულმა ერთ-ერთმა პირმა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და არცერთ ოლქთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

ოპოზიციის მემორანდუმი -  ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბს პაატა დავითაია უხელმძღვანელებს

შატილის გზაზე მომხდარ შემზარავ ავარიას ხელისუფლებაში ეხმიანებიან და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)