ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მარტის ნომერი #3(111), რომელშიც წაიკითხავთ:

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართულ რეფერენდუმზე დასმულმა ერთადერთმა კითხვამ – “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის საფუძველზე?” – ქვეყნის მომავალი განსაზღვრა. პირველი ამომრჩეველი, რომელმაც ამ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა, თბილისში მცხოვრები 101 წლის ლიტველი მამაკაცი იყო.

1991 წლის 17 მარტს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც ცხრა მოკავშირე რესპუბლიკა მონაწილეობდა: რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. მასში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 80%-მა, რომელთაგანაც 76%-მა ახალი დემოკრატიული ფედერაციული სახით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. საბჭოთა რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ამ მოდერნიზაციის პროცესს მხარი არ დაუჭირეს და საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს: ლიეტუვა (ლიტვა), ლატვია, ესტონეთი, სომხეთი, მოლდავეთი და საქართველო. 1991 წლის 28 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, 17 მარტის რეფერენდუმი არ გამართულიყო. ქართველმა ხალხმა XX საუკუნეში, 1919 და 1990 წლების არჩევნებით უკვე ორჯერ დაადასტურა თავისი ნება – ჰქონოდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში რეფერენდუმი დანიშნულიყო 31 მარტს, რომელშიც მხოლოდ ერთადერთი კითხვა იქნებოდა...

იუგოსლავიური ჯოჯოხეთის ანატომია

XX საუკუნის დამდეგს ვერავინ იფიქრებდა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი სამხრეთელი სლავი ერების ერთ სახელმწიფოში გაერთიანება დაუსრულებელ სისხლისღვრასა და ენით გამოუთქმელ სისასტიკეს გამოიწვევდა. საერთო სამხრეთსლავური სახელმწიფოს შექმნის შესახებ ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში საუბრობდნენ ხორვატი და სერბი პოლიტიკური მოღვაწეები.

საერთო სამხრეთსლავური სახელმწიფოს შექმნის იდეის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის “ილირიულ მოძრაობას”, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში ხორვატ სწავლულთა რიგებში წარმოიქმნა და მიზნად ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში მყოფი სამხრეთ სლავების გაერთიანებას ისახავდა. მათ იმთავითვე ჰქონდათ წარმოდგენილი, რა პირობებში უნდა შექმნილიყო ამ სახის სახელმწიფო და როგორი მმართველობის ტიპი უნდა ჰქონოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერბებთან შეთანხმებით ხდებოდა, რომელთა შორისაც სამხრეთსლავური სახელმწიფოს შექმნის იდეა არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა, ამასთან მათ უკვე მოპოვებული ჰქონდათ დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისგან.

1915 წლის გაზაფხულზე ლონდონში იუგოსლავიური კომიტეტი შეიქმნა, სადაც იუგოსლავიის სამეფოს შექმნის იდეაც განიხილებოდა. 1917 წელს გაიმართა შეხვედრა იუგოსლავიურ კომიტეტსა და სერბეთის მთავრობას შორის, ხელი მოეწერა “კორფუს დეკლარაციას” იუგოსლავიის სამეფოს პოლიტიკური მოწყობის შესახებ. შეთანხმებას მიაღწიეს სამი ერის – სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების თანასწორუფლებიანობაზე კანონის წინაშე. განხილვებისას ნაკლები ყურადღება ეთმობოდათ ეთნიკურ ბოსნიელებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ისლამის მიმდევარი გახლდათ. ამ საკითხისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ მომავალში მრავალი პრობლემა წარმოშვა...

პირველი თვითმკვლელი ტერორისტები - ასასინები

ტერორისტულმა აქტებმა წარსულ საუკუნეებში მრავალი მეფის, იმპერატორის, მხედართმთავრის, სასულიერო პირის თუ რიგითი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ტერორის წარმოშობის ისტორია ჯერ კიდევ მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბების სტადიაზე იწყება, როდესაც ჰომო საპიენსმა ძალადობრივი ქმედებით, შიშის დანერგვით ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე ზემოქმედების პოტენციალი დაინახა.

ცალკე განხილვის საგანია ისტორიის ასპარეზზე თვითმკვლელი ტერორისტების გამოჩენა. პირველი ცნობები ისმაილიტების სექტის თვითმკვლელი ტერორისტების შესახებ გვხვდება სუნიტი ისტორიკოსების, ევროპელი მემატიანეებისა და მოგზაურების ჩანაწერებში. ევროპელმა მემატიანეებმა მათ ასასინები უწოდეს.

ასასინთა ორდენის ფუძემდებელი იყო წარჩინებული წარმოშობის ჰასან იბნ საბაჰი, რომელიც ბავშვობიდან ეზიარა ისმაილიტურ სჯულს, ხოლო 25 წლის ასაკში მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება მოახერხა. ჰასან იბნ საბაჰმა რელიგიურ ფანატიზმს პოლიტიკური მიმართულება მისცა. იმ დროისთვის ორდენი წარმოადგენდა კრიმინალურ-ტერორისტულ დაჯგუფებას და თავისი არსებობის პირველ ეტაპზე შეკვეთილ მკვლელობებს ახორციელებდა.

თუმცა, საჭირო ფინანსური რესურსის დაგროვების შემდეგ ჰასან იბნ საბაჰმა გადაწყვიტა, “შეკვეთებზე” უარი ეთქვა და საკუთარი ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა განემტკიცებინა. მან ირანის არაერთი ოლქი შემოიერთა, ეწეოდა პროპაგანდას და ეძებდა შესაფერის ადგილს მმართველობის ცენტრის დასაარსებლად. საბოლოოდ შეირჩა მიუვალი კლდეებით გარშემორტყმული ალამუთის ციხე (“ალაჰ ამუთ”), რომელიც ზღვის დონიდან 3 689 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. შეიქმნა კარგად ორგანიზებული და დისციპლინირებული დაცვის სისტემა. იბნ საბაჰი ითვლება პირველ ტერორისტად, რომელმაც ტერორისტული აქტების მოსაწყობად თვითმკვლელი ფანატიკოსები გამოიყენა.

ნადირობა ძველ საქართველოში

ნადირობა კაცობრიობის ასაკისაა. პრეისტორიული ხანის ადამიანი პრიმიტიული იარაღებით და ხერხებით მოიპოვებდა საარსებო საშუალებას. შუა საუკუნეებიდან ნადირობა საბრძოლო წვრთნის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი გადმოგვცემს, რომ იბერიელები ნადირის ტყავისგან ამზადებდნენ და ბრძოლაში იყენებდნენ ფარებსა და მუზარადებს. წყაროს მიხედვით, უებრო მონადირე იყო მთაში გაზრდილი ფარნავაზი (ძვ.წ. IV-III სს.). “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ვახტანგ გორგასალს (V ს.) ყველასგან გამორჩეული ფარი ჰქონდა, “ფარი ვიგრისა”. ნადირობასთან დაკავშირებული ეპიზოდებია XIV საუკუნის ძეგლში “ხელმწიფის კარის გარიგება” და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში “აღწერა სამეფოსა საქართველოსი”.

უხვად იყო ადგილნი სანადირონი, მაგრამ მეფეებსა და წარჩინებულ თავადებს, მხარეთა გამგებლებს გამოყოფილი ჰქონდათ ადგილები, ფაქტობრივად ნაკრძალები. სხვა მონადირეს აქ არ დაედგომებოდა. თოფის ინტენსიურად შემოსვლამდე მშვილდ-ისრით ნადირობდნენ, თავისი კაპარჭით, რომელიც ისრების ჩასადები ბუდე იყო და მხარიღლივ გადაიკიდებოდა. ნადირობდნენ წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ყველაზე ხელსაყრელი იყო შემოდგომასა და ზამთარში, როცა თოვლი ჩამობარდნიდა.

მთაში მონადირე მუჯირას გარეშე არ წავიდოდა. ეს ხის კეტია, ბოლოში რკინის ბუნიკით. შესაძლებელია, ისტორიულ ხანაში, მუჯირა შუბის მაგივრობასაც სწევდა. ამას ის გვაფიქრებინებს, რომ სვანეთში საბავშვო გასართობად გავრცელებული იყო მუჯირას მიზანში სროლა, რაც საბრძოლო ჩვევების გამომუშავებას უწყობდა ხელს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • ფოტოისტორია, აბუ-სიმბალი – ძეგლის გადატანის უნიკალური ოპერაცია
  • მოკლე ამბები. ვენეციის სიამაყე 1902 წელს მტვრად გადაიქცა
  • უახლესი ისტორია. პირველი ქართული ლატარია
  • გერბთმცოდნეობა. საქართველოს სახელმწიფო გერბის ისტორია / კახეთისა და ქართლის სამეფოთა გერბები (XVIII ს.)
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი – იალქნიანი ქუდები
  • უახლესი ისტორია. ზვიად გამსახურდია და 1992 წლის მოვლენები ქართულ პრესაში
  • პერსონა. “ბედნიერებაა, იყო ქართველი და ცხოვრობდე საქართველოში”
  • საბჭოთა სპეცსამსახურების “დამპლური თამაშები”
  • ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში
  • ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ყველა ბავშვი მკითხველია - ლიტერატურული დღესასწაული ბავშვებისათვის

„წიგნების თარო“ მცხეთაში - ლექცია “ხელნაწერები არ იწვიან“- როგორ იცავს ლიტერატურა კულტურულ მემკვიდრეობას

"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"