ავტორი:

ანიმაციური გმირი, რომელიც ტატას ჰგავს - თიკო ჩხეიძემ შვილის ხსოვნისთვის საბავშვო სტარტაპი შექმნა

ანიმაციური გმირი, რომელიც ტატას ჰგავს - თიკო ჩხეიძემ შვილის ხსოვნისთვის საბავშვო სტარტაპი შექმნა

დაახლოებით 2 წლის წინ, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის და მოდელ თიკო ჩხეიძის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა - მათი 9 წლის ქალიშვილი, ტატა რევიშვილი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ტატას უყვარდა ხელოვნება, ხატავდა, აკეთებდა ჩანაწერებს და სკოლაშიც გამორჩეული მოსწავლე იყო. ტრაგედიის შემდეგ, ნუკრიმ და თიკომ შვილის სახელზე ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, რაშიც მეგობრები და უცნობი ადამიანებიც ეხმარებიან.

ცოტა ხნის წინ, თიკო ჩხეიძემ და ტატას ნათლიამ ნინუკა გაგუამ, გადაწყვიტეს სტარტაპის შექმნა, რომელსაც "ტატა" ჰქვია და ბავშვების განვითარებაზე იქნება ორიეტირებული.

დეტალურად ახალი წამოწყების შესახებ თიკო და ნინუკა AMBEBI.GE-ს ესაუბრნენ:

- თიკო, გვიამბეთ რა გახდა ამ სტარტაპის შექმნის იდეა?

- ეს იდეა სპონტანურად დაიბადა და გაგრძელებაც ბუნებრივად მოჰყვა. საუბარია სივრცეზე ბავშვებისთვის, სადაც პატარები განვითარდებიან, მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, რაც ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. შემეცნებით-გასართობი პროექტი იქნება, თანამედროვე ტრენდების მიხედვით შექმნილი და ნებისმიერი ასაკის ბავშვს დააინტერესებს.

ინფორმაციას მათ, ანიმაციური გმირი გაუზიარებს, რომელსაც "ტატა" ჰქვია და ჩემს გოგონას ჰგავს ხასიათით და ინტერესებით.

ნინუკა გაგუა: ამ სტარტაპის იდეა ტატას სიცოცხლის გაგრძელებაა, მის მიერ შექმნილი სამყაროს გადმოცემა და აწმყო დროში გოგონას არსებობა, რომელსაც ბევრი აქვს სათქმელი თანატოლებისთვის და არამხოლოდ მათთვის. ეს ანიმაციური გმირი "ტატა" ხდება ელჩი ყველაფერი ქართულისა, რაც ბავშვებს ეხებათ.

ის მისაბაძი უნდა გახდეს პატარებისთვის, თავისი ჩაცმის სტილით, საუბრით და განვითარებით. ვფიქრობ, დროულია ქართულ ინტერნეტსივრცეში ამ გმირის შემოსვლა, რადგან განვითარების პერიოდში მყოფი ბავშვის ფსიქოლოგია საჭიროებს გმირს, რომელსაც მიბაძავს და მისთვის სამაგალითო იქნება. მათ ეყოლებათ ტატა, მათ ენაზე მოსაუბრე, რომლის მიმართ ნდობა ექნებათ და მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საინტერესო, ამავე დროს დასამახსოვრებელი და სასარგებლო იქნება.

- სად არის ხელმისაწვდომი ანიმაციური გმირი "ტატა" მოზარდებისთვის?

- ის უკვე არის ხელმისაწვდომი "ინსტაგრამსა" და "ფეისბუქზე", თუმცა დიდ მასშტაბებზე ჯერჯერობით არა. ეტაპობრივად ვვითარდებით და არსებული იდეების გაცხრილვის შემდეგ, ხდება საინტერესო იდეების განხორციელება. მთავარი მიმართულება და ზუსტი სამოქმედო გეგმა გაწერილი გვაქვს, პროექტი არაკომერციულია და სრულიად ჩვენი რესურსით არის შექმნილი.

მთავარი რაც გვამოძრავებს, ამ გოგონას საშუალებით ღირებულის შექმნაა, ტატას სახელით სიკეთის კეთების გაგრძელება, ის არის მოტივაცია და არის ის, ვინც მკაფიოდ გვაჩვენებს, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს.

- თიკო, მეუღლე გეხმარებათ ამ საქმეში თუ სხვა ადამიანები?

თიკო ჩხეიძე: ნუკრი რასაკვირველია მეხმარება მორალურად, თუმცა ფიზიკურად ვერ ახერხებს თავისი გრაფიკიდან გამომდინარე, მან მენეჯერობა შეითავსა და ფეხბურთელებს ეხმარება სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებთან ურთიერთობაში.

TaTa_official პროექტში, ალბათ მე უფრო ვეხმარები ნინუკა გაგუას, რომელმაც სიზმარში ნახა ტატა. ნინუკა ტატას ნათლიაა და მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ტატა დაესიზმრა ნინუკას და შესთავაზა, გაეკეთებინა პროექტი, რომლითაც ბავშვებს გაახარებდა. ლოგო, რომელიც პროექტს აქვს, ტატას დახატულია და სიზმარში აჩვენა ნინუკას.

ნინუკა არის ადამიანი, ვინც ტატას დაბადებამდეც, ორსულობის პერიოდშიც, ყველაფერს გრძნობდა ჩვენზე და წინასწარ მირეკავდა. როგორ გითხრათ, მართლა სხვანაირი კავშირი აქვთ, სულ აღვნიშნავდი, რომ ერთნაირად უყვართ ცეკვა და ხასიათის სიმტკიცის ბევრ საერთოს ვიჭერდი მათში. ნინუკა ტატას სახელზე წერს წიგნს, რომელიც მის ცხოვრებას ასახავს. წიგნი, რომელშიც მოქმედება აწმყოში ხდება და არაფერი აკავშირებს წარსულთან. შესაბამისად მისი თანატოლებისთვის ძალიან კარგი წასაკითხი იქნება.

ჩემი ჩართვის გარეშე ვერ შეკრა წიგნი, რადგან ამბები, რაც მე და ტატას გადაგვხდა, ბუნებრივია მე უნდა დამეწერა. ასე რომ, მეც ჩავერთე წიგნის წერის პროცესში. ტატას ჩანაწერებს მუდამ ვკითხულობთ და ვარჩევთ საინტერესო ისტორიებს - ტატას ძალიან უყვარდა წიგნების შექმნა, რომელსაც ყდა აქვს გაკეთებული, სათაური, იდეა, თუ რის შესახებ უნდა დაიწეროს და დანარჩენი ცარიელი გვერდებია... ასეთი ბევრია მის ნაწერებში.

ასევე ჩანაწერებში ვიპოვეთ მისი შედგენილი ბიზნეს გეგმა, თავისი ნახაზებით, გათვლებით... სურვილი მქონდა მისი ნახატები შემეკრა და რამე მიმართულება მიმეცა ან გადამეტანა რამეზე, ამ ფიქრებში და ჩანაწერების კითხვით მივედით ამ აზრამდე, რომ უნდა გაკეთებულიყო ტატას პერსონაჟი, რომელიც დადებითი გმირი გახდებოდა და ისევე გაახარებდა და ეურთიერთობოდა მეგობრებს, როგორც ადრე.

- თქვენი ოჯახი ქალიშვილის სახელზე აშენებს ტაძარს... რა ეტაპზეა ახლა მშენებლობა? ვიცი, რომ ფინანსურის გარდა, თქვენ და თქვენი მეუღლე ფიზიკურადაც ხართ ჩართული ტაძრის მშენებლობაში...

- დიახ, მშენებლობაში ოჯახის ყველა წევრმა შევიტანეთ წვლილი შეძლებისდაგვარად. ეს იყო სულიერი და ფიზიკური მოთხოვნილება ჩვენივე ხელით დაგვედო აგური აგურზე (ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, ალბათ ასე იქცევა ადამიანი, როცა სიყვარულით აშენებს ღმერთის სახლს შვილის სახელზე).

ამაში ჩვენმა ბერმაც შეგვიწყო ხელი, მინიმუმამდე დაიყვანა ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა. ჩემი და ნუკრის მეგობრების დახმარებით შენდება ეს ტაძარი, ამ ეტაპზე ტაძარს გარედან პერანგი ეცმევა, ნახევარი თითქმის დასრულებულია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს ვინც მიიღო მონაწილეობა ტაძრის მშენებლობაში, ფინანსურად თუ ფიზიკურად. ტაძარი არ დასრულებულა, დღემდე მიდის მშენებლობა და დღემდე ღმერთი გვიჩენს ადამიანს, ვინც საჭირო დროს იღებს მოწყალებას და ეხმარება მშენებლობას...

ზამთარში შევაჩერეთ მშენებლობა, ველოდებით გაზაფხულს და დიდი იმედით გავაგრძელებთ მშენებლობას. ტაძარი ულამაზესი იქნება და საოცარ სიმშვიდეს მოგვრის მომლოცველებს, თავისი ლაჟვარდოვანი სახურავით და ულამაზესი სარკმლებით, რომლებზეც უძველესი ქართული ჩუქურთმები იქნება.

- რა გეხმარებათ ამ დიდი ტკივილის შემსუბუქებაში?

- ჩემი პასუხი ამ კითხვაზე არის - ღმერთი! ღმერთი აძლევს ადამიანს ძალას გაუძლოს განსაცდელს, რაც დაეკისრა. სხვანაირად ამ ტკივილის შემსუბუქებაც წარმოუდგენელია...

თვითონ ტატა არის ყველა ტკივილის შემსუბუქება, მისი ღიმილი, სიკეთე, სიცოცხლის სიყვარული, არის ჩემი სიძლიერეც და ცხოვრების მიზანიც. ბედნიერებაცაა გყავდეს ასეთი გამორჩეული შვილი და პასუხისმგებლობაც - ცხოვრების მისი თვალებით გაგრძელება. თუკი რამე სიკეთე მიკეთებია მის შემდეგ, არის სურვილი ტატასნაირი ვიყო და მისი გულისთქმით ვიცხოვრო.

ჩვენ, მშობლები სიცოცხლეში იმდენად ვერ ვაფასებთ, ვერ ვამჩნევთ ჩვენი შვილების გამორჩეულობას და უკიდეგანო უნარებს, არადა თურმე რა საოცარია ბავშვი და ბავშვური ლოგიკა!

თუ დააკვირდებით თქვენ შვილს, გულისყურით მოუსმენთ და სურვილი გაგიჩნდებათ მათსავით შეხედოთ სამყაროს, დამერწმუნეთ უამრავ პრობლემას მოაგვარებთ - პირველ რიგში შეწყვეტთ საკუთარ თავთან უთანხმოებას, გაუღიმებთ გარშემომყოფთ, გაგითბებათ გული, ისე რომ საოცარი დუღილით დაიწყებს მუშაობას, სამყაროს და ყველა სულიერის მიმართ.

ეს ყველაფერი იმდენ დადებით ენერგიას მოგცემთ, რაც არასდროს წარმოგედგინათ, რადგან ჩვენ ხომ ჩვენი პრობლემების გარდა, დიდი ხანია დავივიწყეთ ბავშვობა, სილაღე, სიკეთე...

სამწუხაროდ, მე ამას ტატას შემდეგ მივხვდი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ დღეიდან - მეგობრობა არა, რადგან ჩვენ ყველანი ვმეგობრობთ ჩვენ შვილებთან, ვგიჟდებით მათზე. არამედ დაფასება! მათი უსაზღვრო წარმოდგენის სამყაროსა და ადამიანებზე!

"გიმალავთ რამეს? ვიყავით იმის ღირსი რაც გაჟღერდა?" - ვის უსაყვედურა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე

კორონავირუსის საფრთხის გამო, თბილისის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას აჩერებენ

დიღმის მასივში, "ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს