ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია" - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

"კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია" - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და ჯერჯერობით გართულებას ადგილი არ აქვს.

„ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დღესაც სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს. ლაბორატორიული კვლევა ყოველდღიურად კეთდება - სისხლის საერთო ანალიზი და ამ დაავადებისთვის საჭირო კრიტერიუმების შემფასებელი გამოკვლევები. გუშინდელი კვლევებითაც სიტუაცია სტაბილურია. ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ აქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინო ზონაში 6 პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელი.

მისი თქმით, უკვე გამოკვლეულ 11 პაციენტს შორის ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ლაბორატორიული ანალიზის პასუხი კი ცნობილი დღეს გახდება.

რაც შეეხება ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელს, ეზუგბაიას ინფორმაციით, „მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

„ამ დროისთვის ჩვენთან უკვე 28 პაციენტი წევს. გუშინ ცენტრი დატოვა 6-მა პაციენტმა, ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში.

გუშინ შემოვიდა 17 პაციენტი. აქედან კვლევა ჩაუტარდა ჯერჯერობით 11-ს. კვლევები ტარდება სამ ეტაპად. 17-18 პაციენტის შემოსვლა ერთდროულად ბევრია, თითოეული ტესტის აღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ამიტომ იმისთვის, რომ მოხდეს ყველას გამოკვლევა, გუშინ სამ ეტაპად ჩატარება გადავწყვიტეთ. ორი ეტაპის, 11 პაციენტის პასუხი, რომელიც დილას და შუა დღეს იყო, უარყოფითია, დანარჩენი ტესტების პასუხები, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაკეთდა, ალბათ დღეს დილით ან შუადღეს იქნება და პასუხს მოგვცემენ. სიტუაცია ჩვენს სტაციონარში სტაბილურია. ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვნახოთ, რა იქნება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"