ავტორი:

კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?

კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?

ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, არასოდეს განადგურდეს და ის მუდმივად, ყოველ წელს, სეზონურად იყოს ცირკულაციაში. ამის შესახებ Business Insider ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით, კორონავირუსი პერმანენტული რესპირატორული დაავადებების მსგავსია.

"დრო და დრო კორონავირუსი, შესაძლოა, განმეორდეს ისე, როგორც გრიპი და გაციება და მასთან საბრძოლველად საჭირო იქნება ვაქცინის გამოყენება“ - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ამეშ ადალია.

ვირუსი იწვევს დაავადებას სახელად - COVID-19, რომელიც გამოიხატება სიცხით, ხველებით და ხშირ შემთხვევაში, პნევმონიის მძიმე ფორმით.

ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტები ოპტიმიზმით არიან განწყობილნი და ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ ამბობენ, რომ გაზაფხულიდან, როცა ჰაერის ტემპერატურა აიწევს და დათბება, ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, როგორც ეს ხდება ხოლმე ჩვეულებრივი გაციების დროს.

"შეიძლება ეს ასეც მოხდეს - გაზაფხულზე შემცირდეს ინფიცირებულთა რაოდენობა და ვირუსის გავრცელების სიხშირე, რაც მომდევნო თვეებში ვაქცინის შექმნაზე მშვიდად მუშაობის საშუალებას იძლევა“, - ამბობს ამეშ ადალია.

თუმცა, მისივე განმარტებით, ვაქცინის შექმნა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი სამუდამოდ გაქრება. ადალიას თქმით, თუ გაზაფხულსა და ზაფხულში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, შესაძლოა, შემოდგომასა და ზამთარში ის ისევ დაბრუნდეს, როგორც სეზონური ვირუსი.

"გასათვალისწინებელია ისიც, რომ დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ ნახევრასფეროებში ერთნაირი ამინდი არ არის. როდესაც ჩინეთსა და აშშ-ში თბილი ამინდებია, სამხრეთ ამერიკაში ამ დროს იწყება ზამთარი. პლუს ამას, ზოგიერთ ქვეყანაში ამინდს არ ახასიათებს მკვეთრი სეზონური ცვლილება და ასეთ ქვეყნებში გრიპის ვირუსი მთელი წლის განმავლობაში ცირკულირებს“ - ამბობს ადალია.

კორონავირუსის შესაძლო სეზონურობაზე საუბრობს ინფექციური დაავადებების კიდევ ერთი სპეციალისტი უილიამ შაფნერი

"ჩვენ ვიცით, რომ რესპირატორული დაავადებები სეზონურია. კორონავირუსიც რესპირატორული დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება. ზოგიერთი თვლის, რომ გაზაფხულზე, როცა ჰაერის ტემპერატურა აიწევს, დაავადებულთა რაოდენობა შემცირდება, მაგრამ ამაში დარწმუნებულები არ ვართ“, - ამბობს შაფნერი CNN-თან საუბრისას.

მისივე განმარტებით, რესპირატორული დაავადებები სეზონურია, რადგანაც ცივ ამინდში ვირუსი ძალას იკრებს და ადვილად ვრცელდება, უფრო მარტივად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე.

აღსანიშნავია, რომ გარდა ახალი ტიპის კორონავირუსისა გლობალური მასშტაბით უკვე გავრცელებულია კორონავირუსის ოთხი სხვა ტიპი და ყველა მათგანი სეზონურია. როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებთ ჩვეულებრივი გაციება, ხოლო ზოგიერთ, იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, პნევმონიის მიზეზიც გახდნენ.

ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ამეშ ადალია თვლის, რომ შესაძლოა ახალი ტიპის კორონავირუსი ენდემური იყოს და როგორც კორონავირუსის ოჯახის სხვა ვირუსები, მანაც სეზონურად იცირკულიროს.

საყურადღებოა ის, რომ აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები უკვე გამოვლინდა, მაგრამ ის არ იყო ისეთი სიმძიმით, როგორც ჩინეთში, ექსპერტები ყოველივეს იმით ხსნიან, რომ ჩინეთში ვირუსი რაღაც კონკრეტული წყაროდან გაჩნდა, ხოლო ამერიკაში ისევე, როგორც ჩინეთს მიღმა სხვა ქვეყნებში, ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა, სწორედ ამიტომ, შედარებით იოლ ფორმებში გამოიხატა.

ამერიკელი ვირუსოლოგები ამბობენ, რომ შესაძლოა, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ზოგიერთი შემთხვევა გამორჩათ კიდეც, რადგანაც მას ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომები ახასიათებს და ადამიანებმა იმდენად მსუბუქად გადაიტანეს, რომ ექიმთან მიმართვაც არ გახდა საჭირო.

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 83 045 ადამიანი, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 36 574-ს აღწევს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"