ავტორი:

"არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულთა მიმართ" - მეუფე ანდრია

"არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულთა მიმართ" - მეუფე ანდრია

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს, - ასე მიმართავს მრევლს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპილიტი, მეუფე ანდრია.

მიტროპოლიტის მიმართვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ადამიანების შეშფოთება, მითქმა-მოთქმა და მრავალი აზრის გავრცელება.

უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქონიოთ სიმშვიდე, არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, გავითვალისწინოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ მედიკოსების რჩევებს, გულისხმიერება და თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულ, ან კარანტინში მყოფთა მიმართ, იქნებიან ისინი ჩვენი, თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვართ ადამიანები, გვაქვს ერთნაირი ფიზიკური ტკივილი და სიხარული.

ჩვენ უნდა გვწამდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველი მოვლენა ღვთისგანაა. მწუხარებამ, თუ სიხარულმა, ჭირმა თუ ლხინმა, უფრო მეტად უნდა განგვამტკიცოს და დაგვაახლოვოს, როგორც ღმერთთან, ისე ერთმანეთთან, „რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა“ (რომ. VIII. 38-39) „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6-2).

ხშირად წარმოვთქვათ საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო…“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ…“, „უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“.

სახლში ვიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ხშირად გადავისახოთ პირჯვარი, ჩვენც ვიცხოთ და ოჯახის წევრებსაც ვაცხოთ ნაკურთხი ზეთი შუბლზე, ყელზე და ხელებზე, დილით უზმოზე მივიღოთ ნაკურთხი წყალი.

სასულიერო პირებმა კვირაში ერთხელ ტაძრებში შეასრულონ წყლის კურთხევის წესი და ნაკურთხი წყალი დაურიგონ მრევლს. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც შავი ჭირის გავრცელების დროს გარეჯელი მამები ტოვებდნენ უდაბნოს მონასტრებს და ემსახურებოდნენ ერს.

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს“, - ნათქვამია მეუფე ანდრიას მიმართვაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"