ავტორი:

"ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს..." - მოწამლული "პრეზიდენტობის" კანდიდატი და არეულობა აფხაზეთში "არჩევნების" წინ

"ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს..." - მოწამლული "პრეზიდენტობის" კანდიდატი და არეულობა აფხაზეთში "არჩევნების" წინ

მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მოწამლულია, მისი მომხრეები სოხუმის ცენტრში შეიკრიბნენ და ე.წ. მთავრობის სახლში შეიჭრნენ.

აფხაზური გამოცემები რუსულ РИА Новости-ზე დაყრდნობით წერენ, რომ აფხაზ პოლიტიკოსს, რომელიც კრასნოდარში გადაიყვანეს სამკურნალოდ, "უცნობი ნივთიერებით მოწამვლა" დაუდგინდა. მიუხედავად იმისა, რომ ბჟანია კომიდან გამოვიდა, ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ოპოზიციის ლიდერს პოლისეგმენტური პნევმონია აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დიაგნოზი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატს კრასნოდარის საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ის ინტენსიურ მკურნალობას გადის.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ასლან ბჟანიამ იანვარში საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ვრცელი ინტერვიუ მისცა და ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა. მაშინ ოპონენტებს მიაჩნდათ, რომ ეს ბჟანიას შეცდომა იყო, რასაც მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ, მაგრამ პროგნოზები არ გამართლდა - როგორც აფხაზები წერენ, ქართულ მხარესთან დიალოგის სურვილის მომხრეები იმაზე მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ეს ოპონენტებს წარმოედგინათ..."

ერთიანი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ბჟანია კომაში ორშაბათს დილით ჩავარდა, როდესაც მოსკოვიდან სოხუმში ბრუნდებოდა. რუსეთის დედაქალაქში ის აფხაზურ დიასპორას შეხვდა... ბჟანია სოჭის კლინიკაში მოათავსეს. მისი მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდათ დაცვის წევრებსაც, რომლებიც ასევე ცუდად გრძნობენ თავს.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება. რეგიონში დაძაბულობა კი სულ უფრო მატულობს. ბჟანიას მოწამვლამ ოპოზიციის გეგმები თავდაყირა დააყენა.

"22 მარტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხაჯიმბას კლანი ვერ შეეგუა იმას, რომ მათი ლიდერის მოშორების შემდეგ, ყველაფერი შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალიას გეთია.

აფხაზები ირონიულად ხუმრობენ კიდეც, რომ ასლან ბჟანიას ზურგს უკან მდგომმა ალექსანდრე ანქვაბმა, მოსახლეობის მხარდაჭერთან ერთად, მის ფავორიტს თავისი მძიმე ბედიც გადასცა მემკვიდრეობით.

ალექსანდრე ანქვაბი

"ანქვაბი, იგივე “რკინის ალიკა” 6-ჯერ გადაურჩა აფეთქებასა და შეიარაღებულ თავდასხმას. ბჟანია კი, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წინა პერიოდს ჯანმრთელი ვერ გადაურჩა - ორივე მცდელობისას მოწამლეს" - წერს კომენტარებში "ლაშა აფსუა".

"აშკარაა, მას ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს. არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა დაინტერესებულ მედიას დაელაპარაკებოდა ქართული მხრიდან" - მიაჩნია ირმა ბედიას.

ადგილობრივი მოსახლეობის ვერსიით, მოწამვლაში "დაინტერესებული პირი" ხაჯიმბას წრეებში უნდა ვეძებოთ, სადაც ბჟანიას ერთადერთ რეალურ კანდიდატად აღიქვამენ.

ცნობისთვის, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით შარშან აპრილშიც მოათავსეს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში. მოგვიანებით, ბერლინში გადაიყვანეს. გერმანელი ექიმების დასკვნით, ანალიზებმა აჩვენა, რომ ოპოზიციონერი მოწამლეს, მას სისხლში მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩნდა.

რა ელის აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს?

"საპრეზიდენტო არჩევნებში" ასევე მონაწილეობს აფხაზეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი, ლეონიდ ძიაპშბა... ხაჯიმბას მომხრეები არძინბასკენ იხრებიან. მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ბჟანიას მონაწილეობის გარეშე "არჩევნები" არ ჩატარდება, მის მიმართ სიმპათია გაიზარდა. თუმცა, სხვების თქმით, ის უბრალოდ ძალების მოკრებას ცდილობს.

ადგურ არძინბა

აფხაზების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ 22 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, ჩაიშალოს, რადგან ბჟანიას მომხრეები არჩევნების გარეშე, ალექსანდრე ანქვაბის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ითხოვენ, ან არჩევნების გადატანას იქამდე, ვიდრე ბჟანია ფეხზე არ წამოდგება.

"მთავრობის სახლთან" ადგურ არძინბას მხარდამჭერებიც მივიდნენ და არჩევნების დათქმულ დროს ჩატარება მოითხოვეს... ბგანბამ მხარეებს სთხოვა, არ გამოიყვანონ თავისი მომხრეები ქუჩაში, რათა ვითარება “კანონის ფარგლებიდან” არ გამოვიდეს.

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს