ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა ახალი შემთხვევის შესახებ. ინფიცირებული პაციენტი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა იტალიიდან:

"გუშინ, გვიან, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა. ისიც თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე. შემდგომ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ სავადმყოფოს, გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

ჩატარდა კლინიკური კვლევები და გუშინ გვიან ღამით დადებითი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. რომ დავრწმუნებულიყავით, რამდენჯერმე გავიმეორეთ ტესტი და ყველა გამეორებისას პოზიტიური შედეგი აღინიშნა, რის გამოც გუშინვე პასუხი ინფექციურ საავადმყოფოს გადაეგზავნა.

ზოგადად, დღეს ოთხი შემთხვევაა საქართველოში დაფიქსირებული. ოთხივე მოთავსებულია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, ხოლო ორ შემთხვევაში - იტალიაში. ამ 4 პაციენტიდან 3 პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია. კლინიცისტების ინფორმაციით, დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება.

რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, ის წინა სამ შემთხვევასთან შედარებით, კლინიკურად უფრო საყურადღებოა. მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები, მკურნალობა და ავადმყოფზე დაკვირვება“ - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აქამდე კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, ის 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"