ავტორი:

3 სახეობის აჯიკასა და საწებელში საშიში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა - შემოწმების შედეგები

3 სახეობის აჯიკასა და საწებელში საშიში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა - შემოწმების შედეგები

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 36 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან 3 ნიმუშში საღებავი "სუდან 1" აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" - momxmarebeli.ge ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, პროდუქტები გერმანიის ლაბორატორია "ევროფინსში" შემოწმდა. შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

შემოწმების შედეგად "სუდანის" ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა "ხათოს აფხაზური აჯიკაში", waimespices-ის აჯიკასა და "სუპრემოს" ტომატის საწებელში. სამივე პროდუქტი შესამოქმებლად "გუდვილიდან" წაიღეს.

"სურსათში "სუდანის" ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩავატარეთ, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა (იხილეთ ბმული). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა.

სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული).

ჩვენი მორიგი კვლევის შედეგად, ირკვევა, რომ გატარებული ღონისძიებები ჯერჯერობით არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ამ მცირე მასშტაბის კვლევის შედეგად, 3 ნიმუშში სუდან 1-ის აღმოჩენა საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად, რასაც ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალს" - ნათქვამია ინფორმაციაში... იხილეთ შემოწმებული ნიმუშების სია სრულად

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია

"კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე

"შემოწმების მომენტში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "ევექსი" კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე