ავტორი:

კორონავირუსის 150 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვლილი - რატომ აქვს სინგაპურს COVID-19-თან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი?

კორონავირუსის 150 შემთხვევა და არც ერთი გარდაცვლილი - რატომ აქვს სინგაპურს COVID-19-თან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი?

მსოფლიოს 109 ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის და ამ ეტაპზე ყველაზე დიდი წარმატება სინგაპურს აქვს, სადაც ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით 150 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 90 გამოჯანმრთელდა და არც ერთი არ გარდაცვლილა.

საინტერესოა, როგორ ახერხებენ ვირუსთან ეფექტურად ბრძოლას, იმ ფონზე, რომ სხვა ქვეყნებში გაცილებით მძიმე ვითარება და გარდაცვალების ბევრი შემთხვევაა.

თუ მოძებნით სტატიებს კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებზე, რომელსაც სინგაპურში იყენებენ, განსაკუთრებულს ვერაფერს იპოვით. იქაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, რომლებსაც სხვა ქვეყნებში.

სინგაპურის ოფიციალური პირები და მედიკოსები ამბობენ, რომ ვირუსთან წარმატებით ბრძოლის საიდუმლო, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა (როგორც ცნობილია, თუკი კორონავირუსს ადრეულ ეტაპზევე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება გაცილებით ადვილია).

გამოცემა businessinsider.com წერს, რომ სინგაპურში, როცა კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვი გაუჩნდებათ, ადამიანს სპეციალურ კითხვარს ავსებინებენ, რომელიც უამრავ შეკითხვას მოიცავს, მათ შორის, კითხვებს იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა კონკრეტული ადამიანი და ვის შეხვდა კითხვარის შევსებამდე.

ადამიანებს, რომლებიც ტყუილს იტყვიან, ან 6-თვიანი პატიმრობა ემუქრებათ, ან 10 000 დოლარის გადახდა ეკისრებათ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნილია სპეციალური მობილური ჯგუფები კორონავირუსით დაავადებულებისა და მათი კონტაქტების გამოსავლენად, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

"ეს ჯგუფები შეუსვენებლად მუშაობენ და სწავლობენ კორონავირუსით ინფიცირებულთა თითოეულ ნაბიჯს, რათა გამოვავლინოთ კონტაქტები და ახალი ინფიცირებულები დაავადების საწყის ეტაპზევე“, - ამბობს "ბიზნეს ინსაიდერთან“ საუბრისას სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

ჯგუფები იკვლევენ, არა მხოლოდ კონტაქტებს, არამედ ყველა ნივთს, რომელსაც ინფიცირებული, ან პოტენციური ინფიცირებული შეეხო.

ქუჩებში, აეროპორტებში და დაწესებულებებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების საშუალებით კი ამოწმებენ, თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი ამა თუ იმ ინფიცირებულს, ან პოტენციურ ინფიცირებულს და ყველას საკარანტინო ზონაში ათავსებენ. უბრალოდ გვერდით გამვლელი ადამიანიც კი კარანტინში მიჰყავთ.

"ადამიანებს ასეთ კითხვებზე უწევთ პასუხების გაცემა: "რა გააკეთე? სად იყავი? ვის შეხვდი?“ - ყველაფერს ძალიან დეტალურად ვსწავლობთ.

ვიყენებთ ყველა რესურსს, მათ შორის პოლიციასაც. ყველგან, სადაც მივდივართ ჩვენ ვტოვებთ ციფრულ ხელმოწერას, ვიყენებთ ციფრულ საკეტებს, საკრედიტო ბარათებს, შესაბამისად ყველგანაა ჩვენი ციფრული ხელმოწერები, ამ ყველაფრის გამოყენებით, ვიკვლევთ და ვადგენთ, სად იმყოფებოდა ადამიანი, ამიტომ ვერ მოგვატყუებს და თუ დაიმალება, ამ ყველაფრის საშუალებით დავადგენთ, თუ სად წავიდა“, - ამბობს სინგაპურელი ექიმი, ინფექციური დაავადებების სპეციალისტი, ლეონგ ჰო ნამი.

სინგაპურში უკვე არის პრეცედენტები კორონავირუსთან დაკავშირებით ტყუილის თქმის და ამის გამო დაკავების. ტყუილში გამოიჭირეს ჩინელი წყვილი, რომლებმაც არ გაამხილეს, თუ სად იმყოფებოდნენ კარანტინში მოთავსებამდე. კარანტინის დასრულების შემდეგ მათ ექვსი თვის განმავლობაში ციხეში მოუწევთ ყოფნა, ან 10 ათას დოლარს გადაიხდიან.

ყველა ეს ღონისძიება მედიკოსებს საშუალებას აძლევთ, რომ კორონავირუსი ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ და სწორედ ამას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში 150 ინფიცირებულიდან, უკვე 90 გამოჯანმრთელებულია და არც ერთი არ გარდაცვლილა.

ამასთან, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირება გარდაუვალია და ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით ისინი ნაკლებ მსხვერპლს ელოდებიან, რადგანაც პროაქტიურ ღონისძიებებს ატარებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებმაც მსგავსი სტრატეგიით უნდა იმოქმედონ, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის წინ, როდესაც სინგაპურში კორონავირუსის სხვა სახეობა, Sars-ი გავრცელდა, მას 33 ადამიანი ემსხვერპლა. იმ პერიოდში იზოლირებულ ადამიანებს ელექტრონულ სამაჯურებს უკეთებდნენ, რათა მათი სახლიდან გასვლა გაეკონტროლებინათ. როგორც ჩანს, სინგაპურმა წინა გამოცდილებიდან ბევრი ისწავლა და ბოლო 17 წლის განმავლობაში, ვირუსებთან ბრძოლაში დიდი პროგრესი განიცადა.

რა გაფრთხილება მისცა ინტერპოლმა 194 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ

პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - დიდ ბრიტანეთში მომდევნო კვირიდან ვაქცინაცია დაიწყება

სინგაპურმა ლაბორატორიაში შექმნილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა