ოსაკას უნივერსიტეტისა და ტელეკომუნიკაციათა კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლებმა რობოტ-ანდროიდი Telenoid R1 შექმნეს, რომელსაც ადამიანის მიმიკის დიდი სიზუსტით გამეორება შეუძლია. ადამიანის სახის გამომეტყველების ამოცნობაში რობოტს კომპიუტერი და ვებ-კამერა ეხმარება.
იაპონელ გამომგონებელთა თქმით, რობოტი Telenoid R1, პირველ რიგში, მარტოხელა ადამიანებს წაადგებათ, რომლებსაც "ხმის გამცემი" არ ჰყავთ. სხვა ადამიანთან ურთიერთობას მონატრებულ ადამიანს "ემოციური" რობოტი მოწყენილობას გაუქარვებს.
ანდროიდი მოსაუბრე ადამიანზე ინფორმაციას ვებ-კამერიდან იღებს, შემდეგ მაქსიმალური მიმბაძველობით ამოძრავებს თავს და იმეორებს მის მიმიკას. ანდროიდის ხმაც რეალურთან ძალიან მიახლოებულია.
რობოტის ადამიანური იერსახე ასაკსა და სქესს არ ასახავს, რათა ის ერთნაირად მისაღები იყოს ყველასთვის - ქალისთვის და მამაკაცისთვის, ბავშვისთვის და მოხუცისთვის.
Telenoid R1-ის გაყიდვა წლის ბოლოს დაიწყება. რობოტი ორ ვარიანტადაა წარმოდგენილი. სამეცნიერო-კვლევითი მოდელი 34 ათას დოლარამდე ეღირება, კომერციული კი - 8 ათასი დოლარი.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.