ავტორი:

"ჩემი ნება რომ იყოს, ელვირს დავაჩაგვრინებდი ფატმანს" - სოფო ჭოხონელიძე ჩცდ-ს იდუმალი პერსონაჟისა და ცნობილი ოჯახის შესახებ

"ჩემი ნება რომ იყოს, ელვირს დავაჩაგვრინებდი ფატმანს" - სოფო ჭოხონელიძე ჩცდ-ს იდუმალი პერსონაჟისა და ცნობილი ოჯახის შესახებ

„ჩცდ“-ს მეთექვსმეტე სეზონშიც, როგორც ყოველთვის, ბევრი ახალი პერსონაჟი მონაწილეობს. მათ შორისაა ფატმან გრძეული, თურქმენეთის აგენტად ცნობილი, იდუმალებით მოსილი ქალბატონი, რომელსაც ბევრი არც ისე სასიამოვნო საქმე, ამბავი თუ ინტრიგა უკავშირდება.

პერსონაჟს სოფო ჭოხონელიძე განასახიერებს, ადამიანი, რომელსაც დღემდე ფართო აუდიტორია როგორც მომღერალს, ისე იცნობდა ტრიოდან - დები ჭოხონელიძეები.

როგორც გაირკვა, ის პროფესიით მსახიობია, თუმცა „თეატრალურის“ დამთავრების შემდეგ პროფესიით საკუთარი ნებით არასდროს უმუშავია. მოსწონს თუ არა საკუთარი პერსონაჟი, რატომ თქვა მსახიობობაზე უარი და როგორ დაითანხმეს ამ როლზე, სოფო ჭოხონელიძე AMBEBI.GE-ს ახლა თავად უამბობს:

- მე და ეკა მჟავანაძე - სერიალის კასტინგის მენეჯერი „თეატრალურში“ ერთ პერიოდში ვსწავლობდით. იქიდან ვახსოვდი და როლზე სწორედ მან მომიწვია... გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვიყავი, მასთან საკურსო სპექტაკლში „მუსუსი“ მაქვს ნათამაშები, რომელიც დადგმის დღიდანვე პოპულარული გახდა. ამ წარმოდგენას 2 წელი კიდევ ვთამაშობდით, ბატონმა გიზომ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გადაიტანა, მოხუცი ქალის როლი მქონდა, რაც ყველას მოსწონდა. წარმოიდგინეთ, ის როლი დღემდე ყველას ახსოვს...

ისე, სანამ „ჩცდ“-ში ჩემი როლი იქნებოდა, მანამდე ჩემმა უმცროსმა შვილმა, ანდრო ჯაფარიძემ ითამაშა სერიალში ლუკას როლი ბავშვთა სახლიდან. სანამ ეს როლი იქნებოდა, ანდრო თორნიკე გოგრიჭიანმა თავის ფილმში გადაიღო... ახლა უკვე მეც მომიწია ეკასთან შეხვედრამ. უარზე კი ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ დამითანხმა. თავიდან ფიზიკოსის როლი შემომთავაზეს და უარი თქვი, ამ როლს დღეს ჩემი და - თინიკო ასრულებს. მეგონა, ამით ეკას დავეხსენი-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა...

ამ სფეროში დაბრუნება ვერ წარმომედგინა, რადგანაც ამდენი წელი გავიდა და გგონია, ვეღარ ითამაშებ, სახეს ვერ შექმნი. მოკლედ, ბოლომდე ცივ უარზე ვიყავი, თუმცა საბოლოოდ ეკამ ჩემი დათანხმება მოახერხა... მერე სანამ ჩემ მიერ ნათამაშები სერია ეთერში გავიდოდა, იმაზე ვნერვიულობდი, არ შევრცხვენილიყავი.

- ნიკა ქავთავაძე როგორი პარტნიორია, ადამიანი, რომელსაც არანაირი სამსახიობო სკოლა არ აქვს გავლილი, თუმცა შესანიშნავი სახე შექმნა.

- ძალიან კარგია ნიკა, უპირველესად, პარტნიორის გულშემატკივარია, მისი სახით გვერდით მართლა დიდ გულშემატკივარს ვგრძნობ. თავიდან შეშინებული რომ მივედი, სწორედ ნიკამ მიკარნახა რაღაცები, მირჩია, მომაქცია იმ სიტუაციაში. თვითონაც ისე აკეთებს ამ ყველაფერს, სხვა გზა არ გრჩება და შენც ისევე პასუხობ.

- ფატმანი საოცარი ქალია, იდუმალებით სავსე. უთანაგრძნობთ ამ პერსონაჟს?

- თან რა საოცარი გვარი აქვს... მოკლედ, მომინდა, რომ საშინელი გმირი ელვირი ფატმანს ცოტა დაესაჯა, შეეჯანჯღარებინა, რადგანაც თავსგასული ადამიანია. ამასთან, ფატმანიც მისი სფეროდანაა და ასევე აუტანელი და ამაზრზენი საქმის მკეთებელი - იმ ყველა საშინელ დავალებას ეს ქალი იძლევა. ამიტომ, მას როგორც პერსონაჟს არ ვგულშემატკივრობ.

თუკი მაყურებელს აგრესია აქვს ელვირის მიმართ, და წესით უნდა ჰქონდს, ჩემი ნება რომ იყოს, ვიმეორებ, მას ფატმანს დავაჩაგვრინებდი და ამით მაყურებელს გულსაც „მოვფხანდი“. თუმცა როგორ წავა სცენარი, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მინდა, რომ ეს ხალხი და ამ საქმის მკეთებლებიც დაისაჯონ, მით უმეტეს, მას მერე, რაც გავიგე, რომ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ასეთი ადამიანები. საერთოდ კი, გამიხარდებოდა ისეთი როლის თამაში, რომ ეს სამსახური ნაცარტუტად ვაქციო.

- რატომ არ გაყევით ამ პროფესიას, მით უფრო, რომ ეს საქმე ასე გამოგივიდათ...

- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა და როდესაც მოვიდა დრო, პროფესიული არჩევანი გამეკეთებინა, ვთქვი, რომ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი მითხრა - ეს ოცნება დაივიწყეო. არადა, ბავშვობიდან ძნელად დასამორჩილებელი ვიყავი - ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა, ოღონდ, ძალიან მშვიდად და წყნარად... მამის უარის შემდეგ, პირველ წელს არ ჩავაბარე „თეატრალურში“ - დრო გავწელე. მეორე წელს მიხვდა, რომ წინააღმდეგობას ვეღარ გამიწევდა და წარმატებით ჩავაბარე.

სწავლის პერიოდში კი ამ პროფესიის მიმართ თითქოს ინტერესი გამინელდა და არც ისე წარმატებული შედეგები მქონდა, რადგანაც შემიყვარდა ჩემი ჯგუფელი - დათო ჯაფარიძე. ისე, რომ სწავლის პროცესი აღარც მაინტერესებდა. ვთქვი კიდეც, რომ სწავლა აღარ მინდა, თავი უნდა დავანებო-მეთქი, მაგრამ კარგი ჯგუფი მყავდა - ირაკლი კავსაძე, ზურა ბერიკაშვილი, გოგა თავაძე, ირაკლი მკერვალიშვილი, ეკა მინდიაშვილი და კიდევ ბევრი - ჩემთან სწავლობდნენ. მოკლედ, მათ გასაქანი არ მომცეს, განსაკუთრებით, ირაკლი კავსაძემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ სწავლისკენ შემომაბრუნა...

როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ, მითხრა - არ ვიცი, შენ რას იზამ, მაგრამ მე არტისტი ცოლი არ შემიძლიაო, არც დავფიქრებულვარ, - დათო, რა პრობლემაა? არც მე შემიძლია მსახიობი ქმარი-მეთქი და ასე „მოვრიგდით“...

იმ პერიოდისთვის გიზო ჟორდანიასთან უკვე მქონდა როლი - სადიპლომოზე ვმუშაობდით... ის სამუშაო დავასრულე, „თეატრალურიც“ და ასე დავემშვიდობე პროფესიას.

- თუმცა სცენას მაინც ვერ აცდით და ფართო მაყურებელმა სიმღერით გაგიცნოთ. თქვენი ოჯახური ტრიო - „დები ჭოხონელიძეები“ საკმაოდ ცნობილია. გარდა ამისა, ხართ იმ სტუდიის პედაგოგი, სადაც ახალგაზრდებს სიმღერას ასწავლით.

- მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე არ ვდგავარ და სოლო მომღერალი არ ვარ, რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ სიმღერა ყოფილა ჩემთვის ყველაფერი. ჩვენი ტრიოც ბოლო დროს ძალიან იშვიათად ჩნდება სცენაზე, თუმცა წლები იყო, კონცერტი არ ტარდებოდა და გადაცემა არ იყო ჩვენ გარეშე, მაგრამ ისე მოხდა, რომ დაკარგეს ჩვენ მიმართ ინტერესი. მაგრამ რაც უნდა იყოს და როგორც უნდა იყოს, ვხვდები, რომ სიმღერა ჩემთვის მართლა ყველაზე ახლობელი რამ არის. მაქვს მასთან მუდმივი „კონტაქტის“ საშუალება. გვაქვს სტუდია, სადაც ბავშებს სიმღერას ვასწავლი.

სტუდიაში ჩემი დის, თინიკოს ძალისხმევით მოვხვდი, იქ საქმიანობაზეც თავის დროზე, როცა სტუდია ყალიბდებოდა, უარს ვამბობდი. ყველაფრი კი იმის ბრალია, რომ გამოჩენა არ მიყვარდა და რა უცნაურია, რომ სამსახიობოზე ჩავაბარე...

ბავშვობიდან ვახმოვანებდით ხოლმე ფილმებს. „აურზაური სალხინეთში“ რომ გადაიღეს, 4-5 წლის ვიყავი და მაგ ფილმზე მომიწია სიმღერის ჩაწერა. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ ნოდარ გაბუნიამ ჩემ გამო სიმღერა გადააკეთა - იოლი ვარიანტი მამღერა. მოკლედ, ის მომენტი უფრო მომწონდა, როცა არ ჩანხარ და მღერი და ასე არაერთ ფილმში გვაქვს მონაწილეობა მიღებული.

საერთოდ რომ ვმღერი, ეს დედის დამსახურებაა. დედამ გვაზიარა ამ ხელოვნებას ყველა შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილებსაც უმღერის დღემდე. მამაც კარგად მღეროდა, მაგრამ უმეტესად დედა გვამღერებდა, ამაში აქტიური იყო, ხომ ვამბობ, მის იავნანაზე გავიზარდეთ. თუმცა ბავშვობიდან დიდი სმენით და ხმით არ გამოვირჩეოდი. მამა დედას უებნებოდა, - ლიზიკო, რა დავაშავეთ, რომ ეს ბავშვი ასეთი გამოვიდაო?! ჩვენი ოჯახიდან სულ სიმღერა ისმოდა.

თამრიკო დედასთან და მამასთან ერთად, სამ ხმაში მღეროდა. მერე ეტყობა, თამრიკოს შევეცოდე, დამსვა, მამეცადინა და ამამღერა. აი, საიდან იწყება მისი პედაგოგიური მოღვაწეობა და ჩემი შეერთება მუსიკალურ ოჯახთან. მერე თინიკო გაჩნდა, რომელსაც სიმღერაზე მეტად ცეკვა მოსწონდა, მაგრამ ისიც აამღერა. მოგვიანებით კი სამივე სამ ხმაში ვმღეროდით. ჩვენზე ტელერეჟისორმა ლია დავლიანიძემ ფილმიც „სამი და“ გადაიღო.

- თამრიკო თქვენ შორის უფროსია და როგორც ჩანს, მზრუნველიც.

- არა მარტო უფროსი დაა, ის მუსიკაში ჩვენზე ნიჭიერია, როგორც მუსიკოსს ვერ შევედრებით, ახლოს ვერ მივალთ. ის ჩვენი სიმღერების იდეის ავტორია, რასაც მუსიკალური სტუდიის შემთხვევაში ვერ ვიტყვი. იქ და იმ მიმართულებით თინიკოა ყველაფერი.

- სერიალში თქვენს როლს როგორ აფასებს?

- თამრიკოს გამოხმაურებას, შეფასებას ყოველი სერიის შემდეგ ველოდები. გახარებული ვარ, რომ უხარია ჩემი ეკრანზე გამოჩენა. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან მთელი ცხოვრება სადღაც ვჩანვართ, მაგრამ სერიალში მეც და თინიკოც პირველად გამოვჩნდით. მოსწონს ჩვენი ამ სფეროში ყოფნა. გვაქებს.

- ორი შვილი გყავთ. ერთს უკვე ჰქონია კინოროლი და სერიალშიც გამოჩნდა...

- ანდროზე გითხარით და გოგონა ახლახანს გათხოვდა. კატოსაც აქვს როლი რუსუდან გლურჯიძის ფილმში ნათამაშები. მოკლედ, მე და ჩემი მეუღლე ჩამოვშორდით სცენას და ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ იქ, თუმცა კატო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და მისი ოცნება ექიმობაა, ექიმობა თამრიკოსაც უნდოდა, მარიამსაც, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯები ჯერ მხოლოდ კატომ გადადგა!

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს

ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?