ავტორი:

როგორ არიან კორნავირუსით ინფიცირებული - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

როგორ არიან კორნავირუსით ინფიცირებული - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ხუთს უდასტურდება პნევმონია.

„5 პაციენტთან დადასტურებულია პნევმონია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მდგომარეობით, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ამ პაციენტთან მდგომარეობა და ახლა მისი პნევმონია შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი ოთხი მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და ასევე რჩება ჯერჯერობით, პროგრესირება დილის მონაცემებით არ შეინიშნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 45 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 17 პაციენტის პასუხი რამდენიმე საათში იქნება.

„დღეს დილის მონაცემებით სააავადმყოფოში წევს 45 პაციენტი, საიდანაც 21 არის ინფიცირებული. გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტირებით მივიღეთ 11 პაციენტზე უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტები გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში. ახლა 17 პაციენტზეა აღებული ტესტი და ჩვენთვის ჯერჯერობით პასუხები ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ალბათ ნეგატიური უნდა იყოს ყველა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

„მინიმალური ჩივილებით არის ეს ბავშვი და ზოგადი მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იმედია, ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ჯერჯერობით ინფექცია კვლავ უფიქსირდება, რის გამოც, კლინიკაში რჩება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მას კიდევ ერთი ტესტი 2-4 დღის ვადაში ჩაუტარდება.

„გაკეთდა მისი ტესტირება ვირუსთან მიმართებაში. მიღებული იქნა სუსტი დადებითი პასუხი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსმა არ დატოვა ორგანიზმი, გასაგები ენით რომ ვილაპარაკოთ. ვირუსი მცირე კონცენტრაციით ისაზღვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი. მაინც ითვლება, რომ ამ პაციენტთან პასუხი დადებითია და აუცილებლად ითხოვს გადაკონტროლებას. გადაკონტროლება სადღაც 2-4 დღის ინტერვალში მოხდება, ალბათ, უფრო მე-4 დღეს. თუ მიღებული იქნება ნეგატიური პასუხი, ამ შემთხვევაში, ერთი დღის ჩაგდებით კვლავ უნდა ჩატარდეს ტესტირება და განმეორებით უნდა იყოს ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი, რომ ჩაითვალოს პაციენტი გამოჯანმრთელებულად. ეს გარკვეულწილად რამდენიმე დღის პროცესია, ნელ-ნელა გავყვებით და ამის განმარტებებსაც მოგცემთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 55 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. მას 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ ახალი ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ორგანიზმში ჯერ კიდევ ვირუსის არსებობა დაადასტურა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, იტალიაში იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც იყო დაინფიცირებული და გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც აუცილებლად უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"