ავტორი:

"სამივე კონტაქტში იყო უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან" - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

"სამივე კონტაქტში იყო უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან" - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, ზემოთ მოცემული ვებ-გვერდის მონაცემებით, ამ დრომდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამი პირი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, კონტაქტში იყვნენ უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჯერჯერობით იმედისმომცემი სიტუაციაა.

„33 ინფიცირებულია. გუშინ იყო 30 და დაემატა - 3. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

მე არ ვიცი ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ. არაფერი კავშირი ამ პაციენტებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძის განცხადებით, სამივე პირს, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ და ეს დაავადება დამოუკიდებლად შეიძინეს, მათი კონტაქტები ახლა დგინდება.

„ერთის მდგომარეობა არის სერიოზული, ორის დამაკმაყოფილებელი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"