ავტორი:

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"

მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის. ზოგიერთი ქვეყანა კარანტინშია, ზოგან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადამიანთა დიდი ნაწილი, მათ შორის, საქართველოშიც, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ყოველდღე გვესმის რჩევები ოფიციალური პირებისგან და მედიკოსებისგან, რომ დავრჩეთ სახლში და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.

ამის ფონზე საზოგადოების ნაწილი პანიკაშია. ადამიანები იმარაგებენ საკვებს და ჰიგიენის საშუალებებს, თუმცა ყველასთვის გასაკვირად, განსაკუთრებული მოთხოვნა ტუალეტის ქაღალდზეა და ასე ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა.

ყველამ ვნახეთ კადრები, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ავსტრალიაში ქალები ტუალეტის ქაღალდის გამო, ვნახეთ ტუალეტის ქაღალდისგან დაცლილი ჰიპერმარკეტების თაროები დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ვნახეთ ჩვენს ქვეყანაში გადაღებული კადრებიც, როგორ მიაქვთ მანქანებით ტუალეტის ქაღალდები.

ერთი შეხედვით ეს ყოველივე აუხსნელია და საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რატომ ყიდულობენ ამდენ ტუალეტის ქაღალდს? - ფსიქოლოგები ცდილობენ განმარტონ, რა იმალება ამის მიღმა.

მიზეზი #1 - უკიდურესი პანიკა

ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა "პანდემიების ფსიქოლოგია“, სტივენ ტეილორი CNN-თან ამბობს - "ერთი მხრივ, საზოგადოების რეაქცია გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, ის რაც ხდება, გადაჭარბებულია. ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ პანიკის გარეშე“.

მისი განმარტებით, ახალი კორონავირუსი აშინებს ადამიანებს, რადგანაც ის არის ახალი და ბევრი რამეა ისეთი, რაც ვირუსის შესახებ არ ვიცით. ტეილორი ამბობს, რომ საზოგადოება ოფიციალური პირებისგან ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ისმენს - გვეუბნებიან, რომ უნდა მოვემზადოთ რაღაც ძალიან დიდი საფრთხისთვის, მაგრამ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ ხელების დაბანას გვირჩევენ, ამიტომაც ადამიანები უკიდურეს პანიკამდე მიდიან.

"როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ რაღაც ძალიან საშიში ხდება, მაგრამ ყველაფერი რაც უნდა გააკეთო ხელების დაბანაა, მოქმედება საფრთხის პროპორციულად არ გამოიყურება. განსაკუთრებულ საფრთხეს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები სჭირდება“, - ამბობს ტეილორი.

მიზეზი #2 - მოლოდინი იმისა, რომ დიდი დროით მოუწევთ სახლში გამოკეტვა

რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა მთელ ტერიტორიაზე კარანტინი. ადამიანები ყიდულობენ ტუალეტის ქაღალდს და საოჯახო საჭიროებებისთვის აუცილებელ სხვა პროდუქტს.

ფიქრობენ, რომ დიდი დროით მოუწევთ სახლში გამოკეტვა. იმარაგებენ პროდუქტებს და მათ შორის, დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდს.

მიზეზი #3 - მიმბაძველობა

მაღაზიების ცარიელი თაროების ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. გარდა ამისა, ტელევიზორშიც ყოველდღე ვხედავთ, როგორ ყიდულობენ დიდი რაოდენობით პროდუქტს, როგორ ცარიელდება დახლები. ვხედავთ, თუ რა პანიკურად ყიდულობენ სხვები, თითქოს რაღაც ძალიან სახიფათოსთვის ემზადებიან და ეს პანიკა სხვებშიც ღვივდება.

"ადამიანები, როგორც სოციალური არსებები, თითქოს ერთმანეთს მივუთითებთ რა არის სახიფათო და რა უსაფრთხო, თითქოს ჩვენი ქმედებებით მივანიშნებთ, თუ რა გადაგვარჩენს. როცა შენ ხედავ ვიღაცას მაღაზიაში, რომელიც პანიკურად ყიდულობს პროდუქტებს, ამას შეიძლება ჰქონდეს გადამდები ეფექტი“, - ამბობს ფსიქოლოგი სტივენ ტეილორი.

დაცარიელებული თაროების ფოტოების დანახვისას დიდი ნაწილი აბსოლუტურად ინტიქტურად მიდის და ტუალეტის ქაღალს ყიდულობს. ცდილობს, მოასწროს, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია ყიდვა.

სოციალური მედია ახალი კორონავირუსის შიშის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. არაზუსტი ინფორმაცია მარტივად ვრცელდება და ღია პლატფორმები პანიკას ზრდიან.

მიზეზი #4 - ბუნებრივი სურვილი, რომ საფრთხეს ზედმეტად მომზადებული შეხვდე

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ფრენკ ფერლი ამბობს, რომ არის რაღაც პრაქტიკულობა პროდუქტების მომარაგებაში. მისი განმარტებით, მომარაგება - ეს აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ხელისუფლება ურჩევენ ადამიანებს, რომ სახლებში დარჩნენ და სხვებთან კონტაქტს თავი აარიდონ, ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ მათ მომზადება უნდათ. თვლიან, რომ გარეთ გასვლას ვეღარ შეძლებენ.

"ახალი კორონავირუსი ადამიანებში ერთგვარად გადარჩენის ფსიქოლოგიას ავლენს. გვეუბნებიან, რომ ვიყოთ სახლში, არ გავიდეთ გარეთ და ბუნებრივია, რომ გვსურს მარაგი გვქონდეს და რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ტუალეტის ქაღალდის მარაგსაც. ტუალეტის ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?“ - ამბობს ფრენკ ფერლი CNN-თან საუბრისას.

მისივე თქმით, ადამიანს ასეთ დროს ბუნებრივი სურვილი აქვს, რომ გადაჭარბებით მოემზადოს. მართალია ორი კვირის განმავლობაში ურჩევენ ოფიციალური პირები სახლში დარჩენას, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ იზოლაციის პერიოდი, შესაძლოა, უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს, ამიტომაც ყველაფერს დიდი რაოდენობით ყიდულობენ.

მიზეზი #5 - განცდა იმისა, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ

ადამიანები, რომლებიც ყველაფერს იმარაგებენ, ფიქრობენ საკუთარ თავსა და ოჯახებზე და ერთადერთი რისი გაკეთებაც ასეთ დროს შეუძლიათ, ეს არის მოსალოდნელი საფრთხისთვის კარგად მომზადება.

"საზოგადოება ასე შიშისგან მოქმედებს“, - ამბობს ფსიქოლოგი ფიშჰოფი. მისივე თქმით, მომზადება, თუნდაც ტუალეტის ქაღალდის შეძენით, აჩენს განცდას, რომ ყველაფრის გაკონტროლებაა შესაძლებელი, რომ ყველა დაბრკოლებას დაძლევენ და უიმედო სიტუაციასაც გადალახავენ.

ბრიტანელი ფსიქოლოგი, ემა კენი ტუალეტის ქაღალდის პანიკურად ყიდვას ირაციონალურს და გაუაზრებელს უწოდებს. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ტუალეტის ქაღალდი აუცილებელია, მაგრამ ვერ ხსნის, თუ რატომ შეიძლება ყიდულობდნენ ასეთი დიდი რაოდენობით.

"ეს არ არის ვირუსზე რეაგირება, ეს არის რეაქცია შიშზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც ასეთია - რა მოხდება თუკი დანარჩენები ყველაფერს იყიდიან და მე ისე დავრჩები. სწორედ ამის გამო ყიდულობენ პანიკურად და ეს დიდი პრობლემაა“, - ამბობს ფსიქოლოგი.

კარმის პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს

Youtube ხარისხს შეამცირებს - ექსპერტები შიშობენ, რომ ინტერნეტის სერვერები რეკორდულ მოხმარებას ვეღარ გაუძლებს

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს