ავტორი:

ქოლერის ეპიდემიამ საქართველოში პატრიარქი იმსხვერპლა - უმძიმესი ფაქტები ქართველების ცხოვრებაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების დროს

ქოლერის ეპიდემიამ საქართველოში პატრიარქი იმსხვერპლა - უმძიმესი ფაქტები ქართველების ცხოვრებაზე მომაკვდინებელი ეპიდემიების დროს

საქართველომ ბოლო რამდენიმე საუკუნეში არაერთი ეპიდემია გადაიტანა. მომაკვდინებელ ვირუსებთან ბრძოლა მარტივი არ ყოფილა და ამის შესახებ არაერთ ისტორიულ წყაროშია ცნობები შემორჩენილი. მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანას სამ ეპიდემიასთან მოუხდა ბრძოლა - შავმა ჭირმა, ქოლერამ და "ისპანკამ" ათასობით ქართველი იმსხვერპლა.

გენეალოგი ქეთი პაპუნაშვილი AMBEBI.GE-ს უყვება საინტერესო დეტალებს ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ ეპიდემიების დროს:

- ქოლერას ეპიდემია პირველად 1840 წელს გავრცელდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. საეკლესიო ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ორ და სამ დღეში იხოცებოდნენ მთლიანად ოჯახები. შეიძლებოდა ერთი გვარის ხალხიც კი დახოცილიყვნენ.

მაშინ გაცილებით ბევრი ადამიანი დაზარალდა და მსხვერპლიც მეტი იყო. ქოლერა მეოცე საუკუნის დასაწყისშიც განმეორდა, მაგრამ მაშინ უკვე ხალხს გამოცდილება ჰქონდა და თან გაითვალისწინეთ, რომ აცრის შესაძლებლობა იყო.

მეორედ ეპიდემია უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში 1919 წელს დაიწყო. პირველი შემთხვევები უცხოელებისგან დაფიქსირდა, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ, მათი რიცხვი არ აღემატებოდა 90-ს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გადამდები დაავადება იყო, გადაედოთ სხვა თბილისელებსაც. დადგა საკითხი, რომ საპრევენციო ღონისძიებები მიეღოთ.

თბილისს ამაზე უფრო რთული ეპიდემიებიც ახსოვდა, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღეს ზომები: ქარხნებისა და ფაბრიკების მეპატრონეებს აეკრძალათ გადაუდუღებელი ან ცივი წყლის მიწოდება მუშებისთვის. უფრო მეტად კონტროლდებოდა სანიტარული მდგომარეობა, ჩართული იყო იმ დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ არ მომხდარიყო წესების დარღვევა, რომელიც შემოიღეს.

ქოლერას დროს ძალიან უფრთხოდნენ მწერებს, განსაკუთრებულად ბუზებს. ხალხს აფრთხილებდნენ, რომ მიექციათ ყურადღება, არ ეჭამათ ისეთი ხილი, რომელსაც ბუზები ასხდებოდნენ, გაეტანათ დროულად ნაგავი, ასევე გაეკეთებინათ აცრები. თუმცა, მაშინაც იყვნენ აცრების მოწინააღმდეგეები, რის საწინააღმდეგოდაც სამედიცინო პერსონალს მაგალითად მოყავდათ ყვავილზე აცრილი ის 2000 ადამიანი, რომლებიც კარგად გრძნობდნენ თავს.

ნელ-ნელა ადამიანები დაემორჩილნენ ექიმებს და აიცრნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქოლერაზე აცრები იყო უფასო. არსებობდა სპეციალური პუნქტები, სადაც შეიძლებოდა აცრების გაკეთება და ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო.

- რა ხდებოდა ამ დროს საპატიმროებში?

- ქოლერა თბილისში ორთაჭალის ციხეშიც გავრცელდა და პატიმრებს გადაედოთ. იზოლაციებში იყვნენ საეჭვო პატიმრები და დაენიშნათ უფრო ხშირად ბანაობა. აეკრძალათ უმი საკვები, ხილი და ბოსტნეული. უნდა დაელიათ მხოლოდ გადადუღებული წყალი. ასევე ციხის ადმინისტრაციას დაევალა, რომ პატიმრების თეთრეული და ტანსაცმელი ყოფილიყო მაქსიმალურად სუფთა.

1919-1920 წლებში თბილისში გრიპის ეპიდემია, „ისპანკა" და ქოლერა მძვინვარებდა. ქოლერას გავრცელების მიზეზი დაბინძურებული მტკვრის სასმელ წყლად გამოყენება უნდა ყოფილიყო.

ქოლერას ეპიდემიას ემსხვერპლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; დაბადებული 1861 წლის 15 თებერვალს, დისევში (ახლანდელი ერედვის მუნიციპალიტეტი), ავტ.).

დაავადების თავიდან აცილების მიზნით მორჩილებმა მთიდან წყაროს წყალი ჩამოუტანეს, ლეონიდემ უარი განაცხადა წყაროს წყლის მიღებაზე იმ მოტივით, რომ მასაც ის წყალი უნდა ესვა, რასაც მისი მრევლი სვამდა

დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, ვინმესგან გადაედო პატრიარქს დაავადება თუ წყლით დაავადდა, მაგრამ 1921 წლის 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, საპატრიარქო რეზიდენციაში, სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა.

- განსაკუთრებულად რომელი რეგიონი ზარალდებოდა ეპიდემიების დროს?

- ყველაზე მეტად შავი ჭირით დაზარალდა დასავლეთ საქართველო, რის გამოც, ადამიანები ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადიოდნენ და იცვლიდნენ საცხოვრებელს. ერთ-ერთ დოკუმენტში წერია, რომ მთელი გვარი იმერეთიდან ქართლში გადავიდა საცხოვრებლად.

ეპიდემიებს მოყვებოდა ეკონომიკური კრიზისი და შიმშილი. თუ უამინდობაც დაემატებოდა, ადამიანები მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენას ცდილობდნენ...

"შიმშილობა იყო ისეთი, დედამა შვილი შეჭამა. ერთი ლიტრი ფეტვი ოცდაათ თანგათ იყო, ბერს საფურცლეს ფეტვი ედვა, იქიდაღმამოც ისრე იყიდა, მერმე საორმოცეთ ჩვენა მოგვცა, ჩვენ ერთი კარი კიდევა მივეცით და ის კარი მანგლეს მიცა ... ქელქედაშვილს საორმოცეთა, ისიც ჩემის კონდაკითა მომებირა, ვინცა ეს ჩვენ შვილთა შეუცვალოს, ჩემითა", - ვკითხულობთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ერთ დოკუმენტში.

გერმანელი მოგზაური და მეცნიერი იოჰან გიულდენშტედტი, სწორედ ეპიდემიის დროს მოგზაურობდა საქართველოში, მას აქვს ძალიან საინტერესო ჩანაწერები როგორ მკურნალობდნენ ყვავილსა და სხვადასხვა ტიპის ვირუსებს საქართველოში მცენარეებით.

თუკი ჩვენ ჩანაწერებს გადავხედავთ 1920-1925 წლამდე გარდაცვლილ ადამიანებს გარდაცვალების მიზეზი 70 პროცენტის შემთხვევაში წერია ისპანკა ან "ინფლექცია", მაშინ ინფექციას ასე წერდნენ.

- პირველი აცრის შესახებ რა ინფორმაცია გვაქვს?

- საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ინფექციებიდან ერთ-ერთია ყვავილი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყვავილის ვაქცინა ევროპელმა მეცნიერებმა და კათოლიკე მღვდლებმა შემოიტანეს საქართველოში და ერთ-ერთი პირველი, ვინც ყვავილზე აცრეს იყო ერეკლე მეორის შვილი, იულონ ბატონიშვილი. ეს მოხდა 1772 წელს და ვაქცინაციას ამ დროს ეწოდებოდა "ყვავილის აჭრა".

1811 წელს მასობრივ შიმშილობას მოყვა შავი ჭირის ეპიდემიაც, რომელიც ახალციხის მხრიდან გავრცელდა (ამბობენ, გენერალმა ტორმასოვმა შემოიტანა ახალციხიდანო).

შიმშილობამ და ეპიდემიამ მარტო ერთი წლის განმავლობაში 32 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ხალხი რკოსა და წალამს ფქვავდა, ხის ძირებითა და ბალახით იკვებებოდა. მოსახლეობის ერთი ნაწილი აიყარა და გადასახლდა

კავკასიის მთავარმართებელი ალექსი ერმოლოვი იმერეთში შექმნილ მდგომარეობას, ასე ახასიათებს: "იმერეთში მძვინვარე უძლიერესი შავი ჭირი და შიმშილი იმდენად საშინელი იყო, რომ მამები თავიანთ შვილებს სამუდამოდ მონობაში ყიდიდნენ ლუკმა-პურისთივს, სასოწარკვეთილი დედები კი შიმშილისაგან გალეულ ბავშვებს ტყეში და შარაგზაზე ტოვებდნენო".

- რა ხდებოდა ეპიდემიების დროს საქართველოს მთაში?

- მთაში ეპიდემიები შედარებით ნაკლებად უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან მისვლა-მოსვლა ჰქონდათ მთისა და ბარის მოსახლეობას, ისინიც არ იყვნენ დაცულნი. მთის მოსახლეობა ეპიდემიებს ღვთის რისხვად და სასჯელად მიიჩნევდა.

გვაქვს ძალიან საინტერესო შემთხვევა ანატორის, როდესაც მთელი სოფელი ამოწყდა, იქ ძირითადად სისაურებს უცხოვრიათ. ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, სპეციალურ აკლდამებში მიდიოდნენ და იქ ელოდებოდნენ სიკვდილს. ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოადგებდნენ და მშიერ-მწყურვალნი, განმარტოებით ელოდნენ სიკვდილს... ეს სოფელი მთლიანად გაწყდა, შვიდი ადამიანი გადარჩა სასწაულებრივად...

"გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ... თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან, გექნებათ მესამე ძალა!" - მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

KIU-ში სტუდენტთა საგაზაფხულო მობილობა იწყება

"მინდა, ადამიანებს ჩემ მიმართ გაჩენილი შიში მოვუხსნა..." - იპოვის თუ არა ნიკა გვარამია "მთავარ ჭკვიანს"?