ქალბატონმა ლიამ ლექსების წერა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი ლექსი ენძელაზე დაწერა. მამამ პატარა გოგონას შემოქმედება მაშინ ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. დღეს პოეტი ლია ბედოშვილი უკვე სამი წიგნის ავტორია. მალე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებულ ფონდ "სამრეკლოს" ჩაუდგება სათავეში, სადაც მწერლები, მომღერლები, მსახიობები გაერთიანდებიან. პოეტი ქალი საზოგადოებისთვის იმითაც არის საინტერესო, რომ ის ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელის დავით აქუბარდიას ყოფილი მეუღლეა და მისგან სამი შვილი ჰყავს.
- ქალბატონო ლია, საუბარი თქვენი ახალი პროექტით დავიწყოთ.
- ამას პროექტს ვერ დავარქმევ. ჩვენ შევეჩვიეთ ახალ ტერმინოლოგიას და დღეს ყველაზე პოპულარული ტერმინებია: შოუ, ბიზნესი, პროექტი. ადამიანი ორი სუბსტანციისგან შედგება. ეს არის ხორცი და სული. ხორცსაც უნდა მოვლა და რაღა თქმა უნდა, სულსაც. დღეს ეკრანს რომ შეხედო, ყველა რეკლამა ხორცის მოვლას ემსახურება. სულის მოვლაზე აღარავინ ზრუნავს. არადა, ორივეს გაფრთხილება და პატრონობა უნდა.
- დღეს რამდენად ხართ ჩართული პოლიტიკაში, მახსოვს, აფხაზეთის ომშიც იბრძოდით?
- მხოლოდ აფხაზეთის ომში არა. 1971 წლიდან დისიდენტი ვარ. ამ ეტაპზე არც პოზიცია ვარ და არც ოპოზიცია. არასოდეს არც ერთი კლანის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ დღევანდელობა რომ მომწონდეს და ამ ცხოვრებას ვაქებდე, მაპატიეთ და ასათიანის კლინიკის პაციენტი უნდა ვიყო.
ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერაფერს გვიშველის, თუ არ შევდექით, როგორც საზოგადოება. გლობალიზაცია გარდაუვალია, თუმცა უნდა ვეცადოთ, ნაკლები დანაკარგით შევიდეთ ამ პროცესში.
- ძალიან საინტერესოდ საუბრობთ, თუმცა ტელევიზიით არასოდეს ჩნდებით...
- ჩემისთანა ადამიანი დღესდღეობით არავის სჭირდება. დღეს ყველაფერი კლანურია, ჩემო კარგო. თუ ამ კლანში არ ეწერები და არ ეტევი, არავის სჭირდები. ამას კი აუცილებლად სჭირდება კუდის ქიცინი. მე ეს არასოდეს გამიკეთებია და ვერც შევძლებ. ამიტომ არის, რომ ბევრი მერიდება და არ სურთ ჩემთან საუბარი. თუმცა ახლა უწმინდესის ნება-სურვილითა და ლოცვა-კურთხევით იქმნება ხელოვანთა და მეცნიერთა კავშირი "სამრეკლო", რომლის სათავეშიც სამი ადამიანი ვიქნებით.
- მანამდე როგორ ცხოვრობდით?
- უკვე წლებია, რაც სახლში ვზივარ. ეს შეგნებულად გავაკეთე, რათა ხალხში არ გამოვჩენილიყავი და ჩემი სამყარო გადამერჩინა. პატარა ნოეს კიდობანი შევკარი და ამღვრეულ ცხოვრებაში გავცურე. გადავარჩინე სიკეთე, რწმენა და სულიერი ღირებულებები.
- რაში დაგჭირდათ კიდობნის აგება?
- მეშინოდა, მეც ხორცისთვის გადამკვდარი და საშოვარზე მიშვებული არ გავმხდარიყავი. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ისევ ის ლია ბედოშვილი გესაუბრებით, ვინც წლების წინ ვიყავი. მე მერაბ კოსტავას გაზრდილი ვარ და მის შემდეგ ასეთი უანგარო ქართველი პოლიტიკაში აღარ შემხვედრია. არადა, როგორ მენატრება, იცით? საოცრად მენატრება. ღრმად მოაზროვნე პიროვნება იყო და ალბათ შეგნებულად წავიდა დაღუპვისკენ. დათმო ხორცი და აჯეჯილა სული. აი, ასეთი იყო ჩემი მერაბი.
- "სამრეკლოს" საქმიანობაზე მოგვიყევით...
- იმისთვის შეიქმნა, რომ საზოგადოება ნამდვილ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს და არავინ გვიკარნახოს, რა გავაკეთოთ. უკვე ოთხასი კაცი ვართ გაერთიანებული. მომღერლები, პოეტები, მსახიობები, მეცნიერები. ჩვენ გავცდებით თბილისს და ხალხს პერიფერიებში შემოვიკრებთ. მოვუვლით და ვუპატრონებთ ქუჩაში დარჩენილ მეცნიერებს, ნიჭიერ ადამიანებს გზაზე დავაყენებთ.
- ისეთი გატაცებით საუბრობთ, თითქოს ცხოვრება თავიდან დაგეწყოთ.
- დიახ, ჩემს ცხოვრებაში საოცარი გარდატეხა მოხდა. ერთ დღეს ლომისი მოვილოცე. იქ ჩემი მეგობარი, ბერი სერაფიონი ვნახე. სახლში დაბრუნებულმა დავაბრძანე ლომისის ხატი და ვუყურებდი. უცებ ვიფიქრე, მებრძოლი ხარ ხომ, ლომისის წმინდა გიორგი, შუბით დგახარ ხომ? მაპატიე, რომ მე დეზერტირი გყავარ და ბრძოლაზე ხელი ავიღე-მეთქი.
- თქვენ ნამდვილ ომშიც იბრძოლეთ და მაშინ ოჯახი გყავდათ, ამხელა რისკის არ გეშინოდათ?
- არა, ჩემო კარგო, ოჯახს რა მნიშვნელობა ჰქონდა. თერთმეტი შვილი რომ მყოლოდა, იმავეს გავაკეთებდი. ძალიან ძლიერი გენეტიკა მაქვს. ჩემი წინაპრები საქართველოსთვის იბრძოდნენ. პაპაჩემის მამა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო ხევში. მისი მიმოწერაც არის შემორჩენილი, ილია ჭავჭავაძე სწერს, "გაბრიელ, ჩემო თვალის ჩინოო".
- სამი შვილის დედა ბრძანდებით, მათ თუ გამოჰყვა თქვენი გენეტიკა?
- ლამაზი და კარგი შვილები მყავს. უმცროსი ვაჟი ბათურა მე და მამაჩემს გვგავს. ორი უფროსი გოგონა ულამაზესები არიან, მამას ჰგვანან. ჩემს ყოფილ მეუღლეს გარეგნულად მართლა არაფერი უჭირდა...
- ერთ-ერთ გაზეთში ლექსი გამოაქვეყნეთ, რომელიც თქვენს ყოფილ მეუღლეს დავით აქუბარდიას მიუძღვენით და მწარედ აკრიტიკებდით.
"არ მედარდება მშიერსა და ლამაზად მავალს
ავის მუქარა, მედროვეთა უგონო დოღი,
ჩემი სიცოცხლის დიდ ტაძარში ალალად ვდგავარ,
ვის შერჩენია პოეტებთან ბოროტი შფოთი.
ცვდება ჟამი და ცუდ მედიდთა სალამ-ქალამი
საწუთროს კანონს რას გაიგებს შენებრ აშარი,
ღმერთმა მაშოროს, გაშრეს სისხლი, წამიხდეს ძალი,
და შენს საპალნეს ვეღარ გასწვდე, ჩემი კალამი!"
- ეს აუცილებელი იყო, რათა ზღვარი დამედო ჩემსა და მის პოზიციას შორის. მაინც სამი შვილის დედა ვარ და ძალიან დამწყდა გული. არ იყო ღირსეული საქმე ტელეეთერში ბიჭების დაჭერა. მახსოვს ერთხელ, უმძიმეს წუთებში, როცა ჯერ კიდევ ერთად ვცხოვრობდით, ღამე ხმაური შემოგვესმა. აქუბარდიამ მითხრა, ჩადი ქვევით, მგონი მანქანის ხმა ისმისო.
მაშინ იარაღის ტარების უფლება მქონდა, ავიღე იარაღი და ქვევით ჩავედი. ვხედავ, ჩემს მანქანას ქურდი უკვე დასაქოქად ამზადებს, მივედი და ვუთხარი, შვილო, რას აკეთებ? წადი, მე უკვე მანქანაში ვზივარო, მითხრა. - არ გინდა მასეთი ლაპარაკი, მე არ ვარ მხოლოდ ქალი, ნახე, იარაღიც მაქვს-მეთქი და ვაჩვენე. ძალიან შეეშინდა, ეგონა პოლიციას დავურეკავდი, მაგრამ დავამშვიდე, ავუხსენი, რომ რკინის გამო ცხოვრებას არ დავუნგრევდი და გავუშვი, თან ვთხოვე, ალალმართალი გზა აერჩია.
შვიდი წლის შემდეგ თავდახრილმა მომაკითხა, მითხრა, რომ გამოსწორდა და იმ ღამის შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო.
- ერთი ადამიანის სული გადაგირჩენიათ...
- დიახ, და ამის მოწმე იყო აქუბარდიაც. ეს უკვე პირადი წყენა კი არ არის, ის მეწყინა, რომ ასეთი რამ მოხდა საქართველოში. ვიღაცამ რომ დედა შეგაგინოს, შეიძლება ყელში სწვდე, მაგრამ რას აშავებდნენ სტუდიაში მსხდომი ბიჭები, რომელთაც "საიდუმლო სერობა" "საიდუმლო სირობად" უქციეს, თან აღიზიანებდნენ, რას ჰგავხართ წვერებშიო. ამას როგორ აკეთებ, მასაც ხომ ქართველის გული უძგერს მკერდში. მერე გავიგე, რომ ეს დაკვეთა იყო.
- მასე თქვენ ფიქრობთ, თუმცა ზოგიერთისთვის ის ადამიანები გმირებად იქცნენ...
- გმირის ცნება შეიცვალა ალბათ, თორემ გმირობა ყოველთვის ძნელი იყო. სიცოცხლის გაწირვას და თავდადებას მოიცავდა. ალბათ ყველაზე დიდი გმირობა ის არის, რომ ადამიანმა თავისი დანიშნულება შეასრულოს. ამისთვის მანჭვა-გრეხა ცუდი ხერხია.
- ალბათ ხალხიც ხელს უწყობს ამას...
- დიახ, და ეს გაფეტიშება რაღა არის? სახელების ძახილმა დაღუპა საქართველო. როგორ უნდა გააკერპო ვიღაც... ჯერ ზვიადი, ზვიადი იძახეს, მერე ბაბუ, ბაბუ, მიშა, მიშა, გია, გია. ჰო, კიდევ რა ჰქვია იმას, გაჩეჩილაძეს?
- ლევანი.
- მერე ლევანი, ლევანი... ხალხი კი საქონელივით გასარეკ-გამოსარეკად აქციეს. ახლა მგონი მიხვდა ხალხი, რომ თუ საკუთარი თავის იმედი არ გვექნება, ერი ვერ შედგება.
- ქალბატონო ლია, ინტერვიუმდე დამპირდით, რომ აუცილებლად მომიყვებოდით სასწაულის შესახებ, რომელიც ახლახან გადაგხდათ.
- არსად არ მომიყოლია, პირველად თქვენ გიამბობთ. 17 ივლისს სნოში ვახტანგ გორგასალის ძეგლი უნდა გახსნილიყო. უწმინდესმა მითხრა ლია, აუცილებლად ჩამოდიო. ტრაპეზის შემდეგ თავის ოთახში შემიყვანა და მკითხა, მოგწონს აქაურობა? ვიცი, დღეს შენი დაბადების დღეაო და საქორწინო ბეჭედი მაჩუქა. მე ვუთხარი, უწმინდესო, რაც ცხოვრებამ წამართვა, ის დამიბრუნეთ-მეთქი. უფალმა დაგიბრუნა, უფალმაო.
მე ჩემი საქორწინო ბეჭედი, ძალიან რომ გვიჭირდა, მშრალ ხიდზე გავყიდე. ძალიან მწყდებოდა გული. მანამდეც მიმიღია პატრიარქისგან საჩუქრები, მაგრამ ამ საჩუქარზე საოცარი განცდა დამეუფლა. მამა სერაფიონს რომ მოვუყევი, მითხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალს დაუნიშნიხარო.
ჩემი ცხოვრების გზაზე უწმინდესმა გადამარჩინა. წლების წინ, როცა საკუთარი თავის რწმენა დაკარგული მქონდა, დაბადების დღეზე სატრაპეზოდ მიმიწვია და მითხრა, არაჩვეულებრივი პოეტი ხარო. ამ სიტყვებმა გამაძლიერა, ახლახან საკუთარი ოპერისთვის "შიოლა" ლიბრეტოს დაწერა შემომთავაზა. ორი კვირა ვწერდი და როცა წავუკითხე, ტაში დაუკრა და გამოაცხადა, ჩემ თვალწინ შედევრი შეიქმნაო.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)