ავტორი:

"ბევრი მოხუცი გარდაიცვალა და მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ" - რას ჰყვება 9 აპრილის გმირი ქალი იტალიის დაკეტილი ქალაქიდან

"ბევრი მოხუცი გარდაიცვალა და მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ" - რას ჰყვება 9 აპრილის გმირი ქალი იტალიის დაკეტილი ქალაქიდან

ნანა მახარაძეს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ის იმ ცნობილი ფოტოს მთავარი გმირია, რომელიც იური მეჩითოვმა 1989 წლის 9 აპრილის მძიმე ღამეს გადაიღო. 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 31 წელი შესრულდა... დროშიანი გოგონა გაიზარდა, წლებია ის იტალიაში, ემიგრაციაში გახლდათ. სამი წლის წინ იტალიაში ახალი სიყვარული იპოვა და მარკო სბრაჯისთან ერთად ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ქალაქ არეცოში ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ მათ მყუდროებას კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინი არ დაარღვევდა.

ნანა მახარაძე AMBEBI.GE-ს იტალიიდან ესაუბრა:

- თავიდან აცხადებდნენ, რომ კორონავირუსით მხოლოდ ხანში შესული ადამიანები ავადდებოდნენ. ყველამ იცის, რომ იტალიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დიდია. თუმცა რეალურად დღევანდელი მდგომარეობით, ახალგაზრდებიც ბევრი არიან ინფიცირებული. გაითვალისწინეთ, რომ იტალიაში 40 წლის ადამიანი ახალგაზრდად ითვლება.

- თქვენი ნაცნობი ან მეზობელი თუ არის დაინფიცირებულებს შორის?

- ჩემი მეუღლის მეგობარი დაავადდა, რომელიც მოხალისედ იყო ჩაწერილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ავადმყოფების გადაყვანაში ეხმარებოდა. ერთ-ერთი რიგითი ავადმყოფის გადაყვანის დროს დაინფიცირდა, ოღონდ ის ჩრდილოეთ იტალიაში ცხოვრობს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ქართველი ემიგრანტები, მათი დიდი ნაწილი უსამსახუროდ დარჩა...

- დიახ, ქართველ ემიგრანტებზე ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა თავიდან. პირველად, ჩემს ცხოვრებაში ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანების ნაწილი სპეცრეისით წამოიყვანა სამშობლოში. ზოგადად მე მგონი, იტალია ერთადერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა ემიგრანტების მიმართ. ყველას იღებს და მკურნალობს, არ აქვს მნიშვნელობა საბუთიანია თუ უსაბუთო.

გავრცელდა ვიდეოები, სადაც ემიგრანტები ამბობდნენ, რომ სამსახურები დაკარგეს და სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ. მესმის მათი, ზოგიერთმა მათგანმა სამსახური კორონავირუსის ინფექციის გამო დაკარგა ან მუშაობდნენ ისეთ დაწესებულებებში, სადაც შემდეგ კარანტინი გამოცხადდა. ვინც 24 საათიან სამსახურში მუშაობდა, ისინი აგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ გარეთ არ გამოდიან. თუმცა წარმოიდგინეთ, ის ადამიანები, ვინც საათობრივად მუშაობდნენ, იტალიელებს მათი სახლში შეშვების ეშინიათ, რადგან ვირუსია გავრცელებული.

შიში აქვთ უცხო ადამიანის მიღების. ამიტომ უნდათ ქართველებს სამშობლოში დაბრუნება. არც კორონავირუსამდე იყო ბევრი სამსახური, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება, სამსახურის შოვნა რთულია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ძალიან ბევრი მოხუცი გარდაიცვალა ვირუსით და მათი მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ. თან ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს დანაზოგი არ აქვთ, რომ ცოტა ხანი მაინც გაიტანონ თავი. მთელ ფულს საქართველოში აგზავნიდნენ.

- ვრცელდება ვიდეოები ინტერნეტით, სადაც იტალიელები აივანზე ცეკვავენ, მღერიან, თითქოს მაინც მხიარულად უყურებენ არსებულ სიტუაციას...

- თითქოს არ ვიმჩნევთ, მღერიან, ცეკვავენ და რეალურად ეს არის ერთმანეთისთვის შეძახილი, რომ - აბა, კარგად ვიყოთ. იტალიელები აღარ დადიან ერთმანეთთან სტუმრად. ეს მათთვის კატასტროფის ტოლფასია. ჩვენთან დილას რომ დგებოდნენ ჩვილი ბავშვებით ხელში, ბარში მიდიოდნენ ოჯახები და საუზმეს იქ მიირთმევენ. ეს ისეთივე ჩვეულებრივობაა მათთვის, რაც თქვენთან დილას ჩაი და კარაქიანი პური. ძლივს შევიგნეთ, რომ ეს სახიფათო იყო, ამიტომ გამოცხადდა დაგვიანებით კარანტინი და ახლა ვზივართ სახლში.

- თქვენ მთელ დღეს სახლში ატარებთ?

- მე სახლში ვარ, ჩემი მეუღლე სახელმწიფო სამსახურში მუშაობს პროგრამისტია და დადის სამსახურში და უამრავი საქმე აქვს. ყველა ორგანიზაცია და დაწესებულება ცდილობს ონლაინ რეჟიმში გადასვლას და მეუღლე მათთვის სპეციალურ პროგრამებს აკეთებს.

- პროდუქტების დეფიციტი თქვენთანაცაა?

- თავიდან ჩვენთანაც იყო, რადგან აქაც მიაწყდა ხალხი სუპერმარკეტებს... ბოლოს როდესაც გავედი, ჩემს ქალაქში დახლებზე პროდუქცია იყო, მაგრამ არჩევანი ნაკლებია. ადრე თუ 12 სახეობის შაქრიდან ამოარჩევდი სასურველს, ახლა ნაკლებად. ვერსად იპოვით აქაც სველ ხელსახოცებს, ერთჯერად ხელთათმანებს, ანტისეპტიკურ სითხეებსა და გელებს, თუმცა ტუალეტის ქაღალდი არის. ასევე დეფიციტია ნიღბების. შეზღუდულია გადაადგილება.

- ტელევიზიებით ალბათ ძირითადად ვირუსის შესახებ ვრცელდება ინფორმაციები...

- მთელი დღის მანძილზე საინფორმაციო პროგრამები გადის, იწვევენ ექიმებს, ინფექციონისტებს, ცნობილ სახეებს. განსაკუთრებული მითითებაა, რომ ადამიანებმა უნდა დაიცვან მეტრანახევარი დისტანცია. ისე მივეჩვიეთ, რომ ლამის სახლში მე და მეუღლეც დისტანციით ვიყოთ ერთმანეთთან. ჟურნალისტები ვისაც პოპულარული გადაცემები მიყავდათ და მათ შოუებს უამრავი ხალხი ესწრებოდა ახლა სახლებში არიან. გადაცემები დაიხურა. აკრძალულია დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის ყოფნა. ამიტომ ონლაინ რეჟიმში წამყვანი ჟურნალისტები სახლებიდან აკეთებენ ჩართვებს და დღის განმავლობაში ახალ ამბებს გვიყვებიან. ცნობილი მუსიკოსები სახლიდან აკეთებენ ლაივკონცერტებს და უამრავი მაყურებელი ჰყავთ.

თავიდან კორონავირუსს რომ იუმორით ვუყურებდით, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. იტალიაში 60 მილიონი მოსახლეა. ზოგადად იტალიელების პლუსი ის არის, რომ ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას. თითი რომ გაიჭრან იმისთვისაც ექიმთან მიდიან ინფექცია ხომ არ შეეჭრათ შემთხვევით. ერთხელ, სადილის მომზადებისას ხელი დავიწვი. ჩემი მეუღლე მთელი დღე ყვიროდა, რომ ექიმთან წავსულიყავი. ეს კულტურაში აქვთ და ამიტომ არის სიცოცხლის ხანგრძლივობაც დიდი.

- თქვენთან ძირითადი რეკომენდაციები როგორ გამოიყურება?

- ტელევიზიით მთელი დღის მანძილზე 4 მესიჯი ტრიალებს, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსთვის:

1. ხშირად დაიბანეთ ხელები.

2. დაიცავით დისტანცია ადამიანებმა ერთმანეთისგან მეტრანახევრის მანძლზე.

3. აკრძალულია თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ქორწილი, დაკრძალვის დიდი ცერემონიალი.

4. სახლიდან არ უნდა გახვიდე გადაუდებელი შემთხვევის გარდა. ამიტომ მოსახლეობაც მოუწოდებს ერთმანეთს, რომ დავიცვათ წესები. სახლში დარჩენაზე მეტი თავდაცვა არ არსებობს ამჯერად.

"ელიტ ელექტრონიქსი“ "ჰოთსეილის“ პარტნიორი გახდა

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ, კიდევ ერთი "კლასტერი“ გაჩნდა

"ინფექცია ცირკულირებს და ვრცელდება... ჰოსპიტალური სექტორი სრულ მზადყოფნაშია, რათა პაციენტების მზარდი რაოდენობა მიიღოს" - თამარ გაბუნია