ავტორი:

სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს

სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების შემთხვევაში, სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს

1-ელი აპრილის შემდეგ, სკოლებში არდადეგების პროცესის გახანგრძლივების შემთხვევაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებს შესთავაზებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

დგებუაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობს.

"ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი კიდევ უფრო შეკუმშული ეროვნული სასწავლო გეგმით, მოდიფიცირებული, ოღონდ გარკვეული პერიოდით. ალბათ, მოხდება აღდგენითი საათების ჩატარება. ამას უკვე დეტალურად შემდეგ გავაჟღერებთ, როგორ ვფიქრობთ ამ ტიპის პროცესის დაწყებას. გვინდა და ვთანამშრომლობთ „პირველ არხთან“, სადაც გამოვიყენებთ სატელევიზიო ბადეს და სასწავლო პროცესის გადატანა მოხდება სატელევიზიო ბადეში. ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვექნება ორშაბათს და დეტალებს გავაჟღერებთ.

ასევე მუდმივად საუბარია ალტერნატიულ საკომუნიკაციო არხებზე. რეკომენდაციის პაკეტი ყველა საჯარო სკოლას უკვე დაეგზავნა, მათ შორის ეს რეკომენდაციების პაკეტი ნათარგმნია სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე და მათაც დაგზავნილი აქვთ მშობლიურ ენაზე. ამ რეკომენდაციის ფარგლებში მითითებულია ყველა ის გზა, გაფილტრული პლატფორმები, რომლის გამოყენებაც სკოლას შეუძლია ონლაინ რეჟიმში თავიანთ მოსწავლეებთან და მშობლებთან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გზა“, - განაცხადა დგებუაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, გახანგრძლივებული არდადეგების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ქულებით არ შეფასდება.

მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, მოსწავლეებს საბოლოოდ კონკრეტულ თემაზე პროექტი წარმოადგინა მოსთხოვონ. მისივე თქმით, მოსწავლეთა შეფასების ნაწილზე სამინისტრომ შესაძლოა, რეკომენდაციები გასცეს.

"როდესაც გახანგრძლივებული არდადეგები გვაქვს, აკადემიური მოსწრების შეფასება ნიშნით ვერაფრით ვერ მოხდება. თუ ჩვენ გადავალთ სხვა რეჟიმში, შეიძლება შეფასებს ნაწილზეც გავცეთ რეკომენდაციები. იმ ფორმას, რასაც შევთავაზებთ, როგორ მოვახდინოთ მის ფარგლებში შეფასება. შეიძლება შეფასება სულაც არ მოვახდინოთ და საბოლოოდ მოსწავლემ თემაზე პროექტი წარმოადგინოს. მილიონი გზა არსებობს. დღეს ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა არის ახალი, თემებზე დაფუძნებული და არა ტექსტებზე. ამიტომ მოქნილობა სკოლას ამ ნაწილშიც ექნება", - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტრო იზიარებს როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ასევე ინოვაციურ მეთოდებსაც გეგმავს.

"მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა საელჩოებთან, გამოცდილებასაც ვიზიარებთ, რადგან ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს არ აქვთ დიდი გამოცდილება. თუმცა, ისეთი გამოცდილების ქვეყანასაც კი, როგორიც ჩინეთია, ამასთან ტექნოლოგიურადაა გამართული, მათაც გაუჭირდა ტექნოლოგიაზე სრულად გადასვლა. ტექნოლოგიების კუთხით ნაწილი არის საერთაშორისო გამოცდილება, რადგან ვიყენებთ Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებს, რაც დაცული სისტემაა ბავშვებისთვის და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. ის რეკომენდაციები, რაც სკოლაში გავაგზავნეთ, სწორედ დაცული საიტების ჩამონათვალს მოიცავს. ინოვაციები, რასაც ვამუშავებთ ქართულ კონტენტზეა დაფუძნებული და დიდი ნაწილი არ არის საერთაშორისო გამოცდილების გადმოღება. გვაქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანის, რამაც არ იმუშავა, ამიტომ ქართულ კონტენტზე, კულტურაზე შესაძლებლობაზე დაფუძნებულ ინოვაციებს ვთავაზობთ“, - განაცხადა დგებუაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი პაციენტების მდგომარეობა - თენგიზ ცერცვაძის კომენტარი

ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი მძიმე სენს ებრძვის - "ველოდებით გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს"

"რამდენადაც ვიცი, საქართველოში მეოთხეული გავრცელება არ ფიქსირდება" - თენგიზ ცერცვაძე