ავტორი:

"იბუპროფენი" და "კაპტოპრილი" კორონავირუსით ინფიცირებას უწყობს ხელს? - ბიძინა კულუმბეგოვი ვირუსთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე

"იბუპროფენი" და "კაპტოპრილი" კორონავირუსით ინფიცირებას უწყობს ხელს? - ბიძინა კულუმბეგოვი ვირუსთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე

კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, შესაბამისად, თანდათან რთულდება იმის გარკვევა, რომელია დაუსაბუთებელი და რომელი, არგუმენტებით გამყარებული მოსაზრება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პერიოდში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის "იბუპროფენის" მიღება სახიფათოა და ის კორონავირუსით ინფიცირებას უწყობს ხელს, ასევე იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირებული ხართ და ამ პრეპარატს მიიღებთ, მკურნალობა რთულდება.

BBC-სთან საუბარში ექიმები ამბობენ, რომ "იბუპროფენის" მიღება არ არის რეკომენდებული კორონავირუსის სიმპტომების დროს, თუმცა, ვინც უკვე იღებს ამ მედიკამენტს, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა შეწყვიტოს ის.

"იბუპროფენსა" და "პარაცეტამოლს" სიცხის დამწევი და გრიპის სიმპტომების გამქრობი ეფექტი აქვს, თუმცა ეს მედიკამენტები ყველასთვის სასარგებლო არაა გვერდითი ეფექტების გამო, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ასთმა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აქვს.

ამ მედიკამენტების შესახებ, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხების მისაღებად AMBEBI.GE-მ იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.

- გავცელებული მოსაზრებით, "იბუპროფენი" და მისი ჯგუფის მედიკამენტები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის და ართულებს გამოჯანმრთელების პროცესს. რამდენად სარწმუნოა ეს მოსაზრება?

- ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური, დაუსაბუთებელი მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით. ეს არის ჰიპოთეზა, რომ შესაძლებელია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი (ამ მედიკამენტების ჯგუფს სათავეში უდგას ასპირინი, პარაცეტამოლი, იბუპროფენი) პრეპარატების გამოყენების დროს, ადამიანს უფრო მეტად ჰქონდეს ორგანიზმში და ფილტვის ქსოვილში ის რეცეპტორები ( AC 2 რეცეპტორი ჰქვია ამას ), რომლებსაც იყენებენ კორონავირუსები ორგანიზმში შეჭრისთვის.

ეს ვარაუდი ვრცელდება პირველი და მეორე ჯგუფის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე და ასევე წნევის დამწევ საშუალებებზეც. მათ შორის კაპტოპრილის ჯგუფის წამლებზე, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წნევის დამწევი მედიკამენტი

მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეს საკმარისი მონაცემებით ჯერ დადასტურებული არ არის. ჯანმო-მ გუშინ თავის ოფიციალურ გვერდზე დადო სპეციალური მასალა, სადაც წერია, რომ ჯერჯერობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ არის წინააღმდეგი "იბუპროფენი" და მისი მსგავსი მედიკამენტები გამოვიყენოთ, რადგან არ არის ჯერ ამის ასაკრძალად საკმარისი მონაცემები.

- საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებმა სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმკურნალონ. რამდენად უსაფრთხოდ მიგაჩნიათ ეს მიდგომა?

- თუ ინფექციამ დაიწყო ეპიდემიური, ანუ მასობრივი გავრცელება, მაშინ ეს იქნება გამართლებული. რადგან 100-დან 80 შემთხევაში ეს ინფექცია მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, ან უმსუბუქესი სიმპტომებით, ანუ ჩვეულებრივ გაციებას ემსგავსება. როცა ვცივდებით ხოლმე, ამბობენ ადამიანები „გრიპი შემხვდაო“ აი, ისე განვითარდება 80 %-ში. ამიტომ თუ ბევრი შემთხვევა დაგვიფიქსირდა, პოტენციურად ყველა გაციებული ადამიანი არ უნდა მივიჩნიოთ, რომ კორონავირუსიანია.

საჭირო იქნება, ექიმს ერთხელ გავესინჯოთ, მაგრამ მაინც და მაინც საავადმყოფოში დაწოლა არ მოვითხოვოთ. შეიძლება ვიმკურნალოთ სახლში, თუმცა თვითიზოლაციის წესები მკაცრად უნდა დავიცვათ, რათა ოჯახის წევრებს არ გადაედოს. ახლა კორონავირუსის მქონე ორმოცი პაციენტი რომ არის საქართველოში, სტაციონარი და ბოქსები ჰყოფნის, მაგრამ 3000 რომ გახდეს, რომელი საავადმყოფო აუვა?

- თქვენ ამბობთ, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობას, ფაქტობრივად 80%-ს იოლად, ჩვეულებრივი გაციებასავით გადააქვს ეს ინფექცია. მაშ, როგორ ახსნით იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთ მაღალ მაჩვენებელს?

- იტალიას უნდა შევხედოთ სწორად და ჩავშალოთ გარდაცვალების შემთხვევები. იქ გარდაცვლილთა 80% არის 70 წელს გადაცილებული და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე. თუმცა არის 20-30 წლამდე გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ ძალიან დაბალი მაჩვენებელი 0.1%. ადამიანების უდიდეს ნაწილს, ვინც იტალიაში გარდაიცვალა, ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადება.

ამ ფონური დაავადებებიდან 75%-ს შეადგენდა არტერიული წნევის, გულსისხლძარღვთა პრობლემები. იტალია ხომ არ არის განუვითარებელი ქვეყანა? ძალიან დიდი ალბათობით 75% მოვლილი და წამალზე იქნებოდა, წნევა თავის ნებაზე მიშვებული არ ექნებოდათ.

აქედან გაჩნდა სწორედ ის ვარაუდი, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ - რომ შესაძლოა წნევის დამწევი წამლები, ასევე "იბუპროფენი", იწვევდეს ორგანიზმში იმ რეცეპტორების ჭარბ დაგროვებას, რომლებსაც იყენებს COVID-19 ორგანიზმში შესაღწევად

თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არის ვარაუდი და ის რამე მტკიცებულებას არ ემყარება. ბოლომდე არავინ არ იცის ჯერ. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ვარაუდს გამოთქვამს ამერიკაში ნომერ პირველი ინფექციონისტი ტომი ფაუჩი - ამერიკის ექიმთა ასოციაციის ჟურნალისთვის გუშინ მიცემულ რადიო- ინტერვიუში ისაუბრა ამაზე.

ამიტომაცაა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება შოკში, რადგან იმდენი ახალი აღმოჩენა და ინფორმაციაა, რომ სად არის სიმართლე და სად ტყუილი, ჯერ ძნელი დასადგენია. ერთი წლის შემდეგ ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, მაგრამ ახლა დრო არ ითმენს.

- მინდა გკითხოთ კიდევ ერთ პოპულარულ მოსაზრებაზე, რომ შესაძლოა კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი, ე.წ. ბიოლოგიური იარაღი იყოს კაცობრიობის წინააღმდეგ. თქვენ რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ეს ვარაუდი?

- დავიწყოთ იმით, რომ ასეთი რამ პირველად არ მომხდარა მსოფლიოში. მაშინ როდესაც კაცობრიობას საერთოდ არ ჰქონდა არანაირი იარაღი, არც ქიმიური და არც - ბიოლოგიური, ახალი შტამებით გამოწვეული გრიპის ვირუსები მუსრს ავლებდა სამყაროს.

იყო H1N1 და იმანაც დიდი სიკვდილიანობა გამოიწვია, შემდეგ გაჩნდა კორონავირუსის შტამები - SARS და MERSI. 2011 წელს ამის გადაცემა მოხდა ცხოველიდან ადამიანზე, 2012 წელს აქლემიდან ადამიანზე. ამ ვირუსს ახასიათებს ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა და ეს არ არის უჩვეულო მსოფლიო ეპიდემიოლოგიურ ისტორიაში.

რადგან შეუწავლელი ვირუსია, შეიძლება ყველაფერი დავუშვათ, მაგრამ სპეციალისტისგან იმის მტკიცება, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, სასაცილოდ მეჩვენება. მე პირადად ამ ვერსიას ვერ ვიზიარებ და არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა გამორიცხული არაფერია.

- შეგვიძლია თუ არა გადაჭრით ვთქვათ, რომ ჩინეთმა COVID-19 დაამარცხა?

- სხვათაშორის ბოლო დღეებში ჩინეთში იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არცერთი ახალი ინფიცირებული და არც გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. თუ ინფექცია ისევ არ შებრუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ეპიდემია დაამარცხა.

- რაც შეეხება საქართველოს, რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გატარებული ღონისძიებები და გავრცელების რა მასშტაბებს უნდა ველოდოთ?

- საქართველოში გავრცელება მოიმატებს, რადგან ამას ეპიდემიოლოგიური კანონზომიერება განაპირობებს. ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა ექსპორტირებული შემთხვევების შემცირება. თუმცა, ჩვენთან საზღვრები უკვე ჩაიკეტა და ის ღონისძიებები რაც გატარდა, გვაძლევს იმის პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ გავრცელება არ მიიღებს მასშტაბურ ხასიათს, და რაც იქნება, იმას, მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამედიცინო პერსონალი გაუმკლავდება!

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა ხდებოდა შარშან მიცვალებულთა დღეს თბილისის სასაფლაოებზე და რა ხდება ახლა - ფოტოები

რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს