ავტორი:

რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."

რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."

19 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს - დღეიდან ქვეყანაში იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო შემცირდეს ადამიანების ერთმანეთთან კომუნიკაცია შიდა გავრცელების რისკის ზრდის გამო.

გახარიამ განაცხადა, რომ სხდომაზე ასევე განხილული იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა, რისი აუცილებლობაც დღეის მდგომარეობით არ დგას.

"პრეზიდენტთან ერთად გადავწყვიტეთ, როგორც კი ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ და როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ მას მივიღებთ" - განაცხადა გახარიამ.

ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი უკვე აქტიურად მოითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და თვლის, რომ ამ შეთხვევაში უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნება.

თუმცა საინტერესოა, კონკრეტულად როდის ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში და ხედავენ თუ არა ახლა მის საჭიროებას ექსპერტები - ამ საკითხების გასარკვევად AMBEBI.GE კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდესა და საია-ს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორს მერაბ ქართველიშვილს ესაუბრა.

  • რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა და რას გულისხმობს?

ვახუშტი მენაბდის თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სხვადასხვა შემთხვევაში ცხადდება და ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს ეპიდემია.

"პროცესი ასეთია: პრემიერ-მინისტრი წარდგინებით მიმართავს პრეზიდენტს, რომ გამოაცხადოს საგანგებო ვითარება, პრეზიდენტი დაეთანხმება და გამოაცხადებს საგანგებო ვითარებას, შემდეგ პრემიერი უკეთებს ამას კონტრასიგნაციას (დამატებითი ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც უკვე ხელმოწერილია), ანუ ისევ ეთანხმება.

ამის შემდეგ დოკუმენტი უკვე შედის პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანო კენჭს უყრის მას და ბრძანება თუ დამტკიცდა, ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის ათვლა იწყება იქედან, გამოაცხადებს თუ არა პრეზიდენტი მას

რაც შეეხება ჩემს შეფასებას, მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ საგანგებო მდგომარეობა სახუმარო საქმე არ არის და სანამ მოვითხოვთ მის გამოცხადებას, იქამდე დავფიქრდეთ, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. როცა ჩაივლის ეს კრიზისი, შემდეგ უფრო დავინახავთ რამდენად სწორი იყო ის ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ გადადგა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უფლებების სერიოზული შეზღუდვები და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინც უაპელაციოდ ითხოვს საგანგებო მდგომარეობას, იცის რას ითხოვს. საჭიროა რისკების დეტალურად გათვლა და ყველაფრის აწონ-დაწონვა.

ამას სჭირდება ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ქვეყანაში არსებული მარაგების, ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია და ამაზე არც მე და არც სხვა რომელიმე იურისტს არ ექნება ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ამას სჭირდება ძალიან ბევრი მონაცემი, რაც დღეს მთავრობის გარდა არავის შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ, თუ სხვა ვინმე გადაჭრით გეტყვით, რომ საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ეს იქნება არასერიოზული პასუხი" - განმარტა კონსტიტუციონალისტმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

მენაბდის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა:

  • თავისუფლების უფლება (დაკავება და ა.შ.);
  • გადაადგილების თავისუფლება;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
  • გამოხატვის თავისუფლება;
  • სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;
  • საკუთრების უფლება;
  • შეკრების თავისუფლება;
  • შრომითი უფლებები.

"საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ამისკენ მოვუწოდებთ მთავრობას" - დასძენს კონსტიტუციონალისტი.

  • რა ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ?

საია-ს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი განმარტავს, რა შეზღუდვები დაწესდება საგანგებო მდგომარეობის დროს:

"როცა გამოცხადდება საგანგებო სიტუაცია, მას შემდეგ პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით, გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. ეს აქტები განსაზღვრავს, რა უფლებები იქნება შეზღუდული. ისე არ იქნება რომ, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ყველა ის უფლება შეიზღუდება, რაც ჩამოთვლილია კონსტიტუციაში.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი არის კორონავირუსით გამოწვეული საფრთხე და ლეგიტიმური მიზანი არის ის, რომ დაავადების გავრცელება შეჩერდეს, აკრძალვებიც შესაბამისი დაწესდება. მაგალითად, მიმოსვლის უფლებებში იქნება ჩარევა, ასევე შეკრების უფლება იქნება შეზღუდული და ის რეკომენდაციები, რასაც ახლა მთავრობა გამოსცემს, იქნება სავალდებულო ხასიათის.

ვინც დაარღვევს ამ წესებს, სამართალდამცველებს შეეძლებათ ხისტად ჩაერიონ. ასეთ დროს მათი მოქმედებები ხისტი ხდება. მაგალითად, შეუძლიათ დააკავონ პირდაპირ ადგილზე, თუ არღვევს წესს და გადაიყვანონ საპატიმროში სასამართლოს გარეშე

კონკრეტულად რა უფლებები შეიზღუდება, ეს უკვე დეკრეტების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კონკრეტული ვადა არ აქვს. გარემოებაზეა დამოკიდებული. იგი ცხადდება როგორც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე კონკრეტულ რეგიონში.

ბოლოს, ეპიდემიის გამო საქართველოში, არა მთელ ქვეყანაში, არამედ კონკრეტულად აჭარის რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს. ეს მოხდა 2006 წელს, როდესაც გავრცელდა ფრინველის გრიპი" - განმარტავს მერაბ ქართველიშვილი.

ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

დაუდასტურდა თუ არა გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

"თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება" - კალაძე