ავტორი:

"კორონავირუსის გამო ყველა ტაძარი დაიკეტა... ასეთი რამ 700 წელია არ მომხდარა" - რას ჰყვება ინდოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი

"კორონავირუსის გამო ყველა ტაძარი დაიკეტა... ასეთი რამ 700 წელია არ მომხდარა" - რას ჰყვება ინდოეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინდოეთში უცხოელების შესვლა 15 აპრილამდე აიკრძალა, შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები... ქვეყანაში დაკეტილია სკოლები, მოლები, კინოთეატრები...

ბოლივუდმა შეაჩერა გადაღებები, ბოლივუდის მსახიობები მოსახლეობას მოუწოდებენ ჰიგიენის ნორმები დაიცვან... ინდოეთის მთავარი ღირშესანიშნაობა ტაჯ-მაჰალი ვიზიტორებისთვის დაიხურა, რის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ინდოეთის ტურიზმის მინისტრმა, პრაჰლად სინგ სპატელმა დაწერა. ოფიციალური სტატისტიკით, ინდოეთში ამჟამად დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 191 შემთხვევა, მათგან 4 გარდაიცვალა.

ჩინეთის მეზობელ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე AMBEBI.GE ინდოეთში, კერძოდ პუშკარში (რაჯასტანი) მყოფ ქართველ მხატვარს მთვარისა ჯოისს ესაუბრა:

- 19 მარტამდე მშვიდად ვიყავით, მაღაზიებში ვარჩევდით ქვებს და საჭირო მასალებს, ჩვეულებრივად ვჭამდით ქუჩაში, ჩაის ვსვამდით... ყვავილებს ქუჩაში ვყიდულობდით ღმერთების შესამკობად და სახლში გვიან ვბრუნდებოდით! დაძაბულობა ამ ქალაქში დღემდე არ იგრძნობა, რადგან ინდოელებს ადვილად არ აშინებთ ვირუსები და ზღაპრები.

ეს ხალხი ძირითადად უზენაესზეა დამოკიდებული და ბოლომდე ასე სწამთ! დაბადებიდან იციან, რომ სიკვდილი არსებობს და ამ ქვეყანაზე სტუმრები არიან. სჯერათ კარმის და მოქმედებების. მშვიდად იღებენ კარგსაც და ცუდსაც! ეს ვირუსიც ღიმილის მომგვრელია, თუ რამ მოსასვლელია, ელოდებიან! ხელებსაც დღეში ათჯერ იბანენ და თან ბავშვური ღიმილით აყოლებენ, არ ვიცით რა იქნებაო... თუმცა ჩვეულებრივად გამოაბრძანეს "ვიშნუს" (ერთ-ერთი ღმერთი) ოქროს ქანდაკება, ბრილიანტებთ და ალმასებით შემკული... ათასობით ადამიანი ფეხშიშველი მოაცილებდა, აქ ყველაფერი რწმენით იმართება!

- სახელმწიფოს მმართველები რა რეკომენდაციებს იძლევიან?

- მთელი ინდოეთი ელოდებოდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლას... მან გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების მიზნით შეაჩეროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიკეტა ინდოეთის ყველა ტემპელი (ტაძარი)... ასეთი შემთხვევა ინდოეთს არ ახსოვს, 700 წელი არცერთი ტემპელი არ დახურულა!…პრემიერ-მინისტრი ძალიან ოპტიმისტურად განწყობილია, ინდოელებს სჯერათ მისი. მოსახლეობის უმეტესობას ძალიან უყვარს, რადგან პრემიერი მორწმუნეა. ამიტომ ენდობიან!

კორონავირუსს სერიოზულ გამოწვევად იღებენ გურუები და სასულიერო პირები! რადგან ინდოეთი სულიერების წყაროდ ითვლება მსოფლიოში, უდიდესი ცოდნა აქვთ ბრაჰმანებს და სადჰუებს. ამბობენ, რომ კალუიოგის დროა, სიბნელის (ბნელი ძალების) და ადვილი არ იქნება გამოწვევები...ინდოეთის პრემიერი კი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. თხოვს, არ აყვნენ პანიკას და საკვები ტომრებით არ შეიძინონ!…დღეს საღამოს სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა დაიკეტა ყველა ობიექტი, გადაიდო ქორწილები... ერთი დღე - 22 მარტი იქნება გამოცხადებული კარანტინი.

ინდოეთში სახლში უამრავ მცენარეულ ნაყენებს აყენებენ. ინდური მედიცინა დაყრდნობილია მცენარეულ შენარევებზე. დღეს ჩვენი ბინის მეპატრონემ არაჩვეულებრივი ნაყენი მოგვიმზადა. ეს წამალი წმენდს ყელს, კუჭ-ნაწლავს და სხეული ხურდება!…ჯანდაცვის მინისტრმა ომეოპატიური წამლები გამოყო და საავადმყოფოში უფასოდ არიგებენ. მართალია ევროპა ინდოეთს დასცინის, მაგრამ აქ უდიდესი ცოდნაა შემორჩენილი. ომეოპატია და აიურვედა (ინდური ალტერნატიული მედიცინა) მუშაობს, რადგან არ სვამენ ანტიბიოტიკებს.

- ინდოეთის უმეტეს ნაწლში ახლა თბილი ამინდებია და ვარაუდობენ, რომ სწორედ ამიტომ არ არის იქ ვირუსის ბევრი შემთხვევა?

- ამ ვირუსს ყველა აღიქვამს, როგორც ხელოვნურად შექმნილს! ამიტომაც პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუმცა ვარაუდობენ რომ სიცხეში ნაკლებად ვრცელდება!… ინდოელებს უცხოელების ეშინიათ, რადგან ვირუსი ძირითადად უცხოელებს შემოაქვთ…

- თუ ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდება, რამდენად არის ამისთვის ქვეყანა მზად?

- ინდოეთში მილიარდზე მეტია მოსახლეობის რაოდენობა და ყველაფერი ურთულესი იქნება. ეს იცის პრემიერმა, რომ ძალიან სარისკოა და ამიტომ დაიკეტა ამდენი რამ! თუ ვირუსი გავრცელდა, ინდოეთი ვერ გაუძლებს, რადგან არ აქვთ საკმარისი ადგილი საავადმყოფოებში, ტესტები, წამლების რესურსი, ამდენი ახალი ტექნოლოგიები... ინდოეთი …ეს არის უზარმაზარი სამყარო!

მგონი ზუსტ სტატისტიკას არ იტყვიან, პანიკა რომ არ შეიქმნას. მილიარდ მოსახლეობას ვერ შეაჩერებ! ინდოელები მშვიდები არიან, სანამ თავს ზღვარი გადავა. შემდეგ კი ჭიანჭველებივით შეიძლება მასობრივი ძვრები მოახდინონ! ინდოეთი ძალიან ძალიან სპეციფიური ქვეყანაა, უფრო ბავშვებივით არიან და ევროპელებივით ერთ ჭურჭელში ვერ ჩაატევ! არსად რომ არ გინახავთ ისეთი სისტემაა...…მედიცინა ძალიან განვითარებულია, ოღონდ თავისებურად. ძალიან ჭრელია ამათი მედიცინა, რომელიც მე ძალიან მიყვარს! ზოგადად სხვა ფასეულობები აქვთ!

აქ სახლები, ჯამები, ძროხები, ავტობუსები, ადამიანები, ჭიანჭველები, ქუჩები, ჭუჭყები, ყანები - ყველაფერი აზელილია! იმდენი არიან, რომ ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. თან ხელჩაკიდებული კაცები ჩვეულებრივად დადიან, ამ დროს შეიძლება მეგობრები იყვნენ. აქ რომ ვირუსი გავრცელდეს, არ ვიცი დისტანციას როგორ დაიცავენ. აქ იმდენად სხვა კულტურა და ყოფაა, ვირუსი რომ გავრცელდეს, მილიონობით ადამიანს გადაიყოლებს. ამიტომ ახლა ყველა ლოცულობს მსოფლიოსთვის. ინდოელებს ყველაზე მაღალ დონეზე ღმერთისადმი მსახურება შეუძლიათ.

ხოხბები დაცუნცულებდნენ დღეს ბაღში და ვიფიქრე, რა მადლია რომ ამ ქვეყანაში დაიბადნენ-მეთქი. ფარშევანგები, ფერადი, დიდი თუთიყუშები მოფრინავენ ყოველდღე... ხორბალს უყრიან და ეფერებიან. მოკლედ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ეს ქვეყანა ცუდისთვის არ მემეტება. მგონია, რომ აქაურობა თუ შეიცვლება, სამყაროც დასრულდება! ასე წერია წმინდა წერილებში, დედამიწის დასასრული იქნება, როცა ინდოეთი გათანამედროვდებაო.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი