ავტორი:

FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

ედგარ ჰუვერი, რომელმაც 29 წლის ასაკში ჩაიბარა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტი, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ხელმძღვანელობის პერიოდში, უმნიშვნელო პოლიციური განყოფილება მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ორგანიზაციად აქცია.

მან შეძლო და დიდი დეპრესიის, რუზველტის რეფორმების, ცივი ომის და ვიეტნამის კონფლიქტის დროსაც შეინარჩუნა ძალაუფლება და ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, თუმცა წინააღმდეგობრივ ფიგურად იქცა, რადგან ქვეყნის წინაშე დამსახურების მიუხედავად, ბევრი მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა...

ამ ძლევამოსილი და საიდუმლოებით მოცული ადამიანის ცხოვრებას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "არაჩვეულებრივი ისტორიები" წარმოგიდგენთ:

  • ბავშვობა და იურიდიული კარიერის დასაწყისი

ფედერალური ბიუროს მომავალი დირექტორი 1895 წლის 1 იანვარს დაიბადა ვაშინგტონში. მისი მამა დირექსონ ნეილორ ჰუვერი კარტოგრაფიისა და გეოდეზიის უწყებას ხელმძღვანელობდა, დედა - შვეიცარიელი ემიგრანტების შთამომავალი ენი მერი შეიტლინი კი, საოჯახო მეურნეობას უძღვებოდა და ხუთი შვილის აღზრდაზე ზრუნავდა.

და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი და განებივრებული ედგარი ყოველთვის კარგად სწავლობდა სკოლაში, 11 წლისამ კი, ორგვერდიანი გაზეთის "ყოველკვირეული მიმოხილველის" გამოცემა დაიწყო, რომლისთვისაც სტატიებს დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე წერდა, მერე კი, დედის დახმარებით ახლობლებს და მეგობრებს ერთ ცენტად სთავაზობდა.

გონებაგამჭრიახი ედგარი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა და ყველა უმნიშვნელო წვრილმანს ამჩნევდა, დღიურს აწარმოებდა და ყოველდღიური ამინდის პროგნოზთან ერთად, ჯიბის ფულის ხარჯებს, ახლობლების, მეგობრების დაბადების დღეებს და ღირსშესანიშნავ თარიღებს ინიშნავდა.

VIDEO: ფედერალური ბიუროს შეფი, რომელმაც 29 წლის ასაკიდან ჩაიბარა ეს პოსტი და მას თითქმის ნახევარ საუკუნემდე ხელმძღვანელობდა

მართალია, სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ ჰუვერმა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში - ვირჯინიის უნივერსიტეტში ჩაბარების პერსონალური მიწვევა მიიღო, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო უარი თქვა და ჯერ ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, მერე სამსახურის დაკარგვით, ხანგრძლივი დეპრესიით დათრგუნული მამის მოვალეობაც საკუთარ თავზე იტვირთა უფროს ძმასთან ერთად.

ლექციებს ედგარი მხოლოდ საღამოს ესწრებოდა, დღისით კი, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში მუშაობა, სადაც იმდენად გულდასმით ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, რომ მალე კატალოგის ზედამხედველობა დაევალა. მართალია, ახალგაზრდას ბევრად სეროზული ამბიციები ჰქონდა, მაგრამ არც ბიბლიოთეკაში მუშაობას ჩაუვლია ფუჭად - სწორედ იქ შეძენილი გამოცდილება გამოიყენა სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილი მოქალაქეების რეგისტრაციის განყოფილებაში აღმოჩენილმა, თუმცა მანამდე ბიძის რეკომენდაციით იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც სამხედრო სამსახურიდან გაქცეული დეზერტირების მოძიებას ცდილობდა...

  • "წითელი საფრთხე" და მასობრივი დაპატიმრების სერია

1917 წელს, შეერთებული შტატების პირველ მსოფლიო ომში ჩაბმამ და რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ, ამერიკულ საზოგადოებაში ანტიკომუნისტური განწყობა გააძლიერა, ორი წლის შემდეგ რამდენიმე ქალაქში მომხდარმა აფეთქებათა სერიამ კი, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური განყოფილების შექმნა აიძულა, რომლის მთავარ მიზანს "ამერიკული საზოგადოებისთვის სახიფათო უცხოელების" გამოვლენა წარმოადგენდა.

სწორედ ახალ განყოფილებას ჩაუდგა ჰუვერი სათავეში, ალექსანდრ პალმერის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ კი, მისი თანაშემწე გახდა და მასიურ დაპატიმრებებთან ერთად, ამერიკის ტერიტორიაზე მოძიებული რადიკალების ქვეყნიდან გასახლებაც საკუთარ თავზე აიღო.

სწორედ მაშინ გამოიყენა ჰუვერმა ბიბლიოთეკაში შეძენილი გამოცდილება და კომუნისტურ პარტიებზე ჯერ მოძიებული, მერე სისტემატიზირებული ინფორმაციით სულ რამდენიმე კვირაში შექმნა არასაიმედო პირთა კარტოთეკა, რომელიც ჯერ 15 ათას "ეჭვმიტანილს" აერთიანებდა, 1921 წლისთვის კი, 450 ათასამდე გაიზარდა.

პალმერის თანაშემწის პოსტზე გამოუცხადა ჰუვერმა ბრძოლა ე.წ. "წითელ საფრთხეს", როცა მისივე მონაცემების საფუძველზე დაიწყო შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დაპატიმრებები და ქვეყნის ტერიტორიიდან მოქალაქეთა გასახლება. რამდენიმე წელიწადში ჰუვერმა 10 ათასზე მეტი ე.წ. "წითელი" დააპატიმრა, რომელთა უმრავლესობა სინამდვილეში არასდროს იზიარებდა კომუნისტურ იდეებს, თუმცა აქტიურად აპროტესტებდა შეერთებული შტატების ხელისუფალთა პოლიტიკას.

  • გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი

1924 წელს იუსტიციის ახალმა მინისტრმა ჰარლენ სტოუნმა ადმინისტრაციული აპარატის რეორგანიზება მოისურვა და პირველ რიგში კორუფციას გამოუცხადა ომი, ჰუვერი კი დროებით დანიშნა გამოძიების ბიუროს დირექტორის პოსტზე, თუმცა ახალგაზრდამ სრულად გაამართლა მინისტრის მოლოდინი და 29 წლის ასაკში უკვე ოფიციალურად ჩაიბარა ხელმძღვანელის თანამდებობა.

ყოველთვის საზრიანი, სხარტად მოაზროვნე ჰუვერი სწრაფად მიხვდა, რა სჭირდებოდა სამინისტროს და სტოუნის კვალდაკვალ თვითონაც განახორციელა რეფორმები - პირველ რიგში გამოძიების ბიუროში მაღალი თანამდებობის დაკავების მსურველთათვის გაზარდა მოთხოვნები, ახალი თანამშრომლებისთვის კი, მისაღები გამოცდები დააწესა, მნიშვნელოვნად აამაღლა პერსონალის კვალიფიკაცია და უმტკივნეულოდ განთავისუფლდა პოლიტიკური კავშირების მქონე თანამშრომლებისგან, როცა ხარვეზებზე მითითებით და მოთხოვნების გამკაცრებით, ბევრი ისე დააქვეითა, რომ უმეტესობამ საკუთარი ნებით გადაწყვიტა სამსახურის დატოვება.

ამასთანავე, ახლდგამომცხვარმა დირექტორმა ჯერ ინფორმაციის შენახვის ახალი წესი შემოიღო, მერე კი, დაქტილოსკოპიური კარტოთეკა შექმნა, რომელიც დროთა განმავლობაში თითის ანაბეჭდების უმსხვილეს ბაზად იქცა მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვნად გააძლიერა კორპორატიული შეგნება და გამოძიების ბიუროს შიდა კავშირები, შინაგანაწესები დაამკვიდრა და დრეს-კოდის მკაცრად დაცვა მოითხოვა, რადგან ძალიან არ მოსწონდა, როცა თანამშრომლებს საკუთარი კეთილდღეობით მოჰქონდათ თავი.

1934 წელს ჰუვერმა კრიმინალისტიკის სკოლა დააარსა და ეჭვმიტანილთა დაკავების უფლება მოიპოვა, რადგან მანამდე ბიუროს აგენტებს არც კრიმინალების დაპატიმრების, არც იარაღის თავდაცვის მიზნით გამოყენების საშუალება ჰქონდათ.

ჯონ დილინჯერი

სხვათაშორის, ჰუვერის რეფორმების შემდეგ, უფლებამოსილებაგაზრდილმა აგენტებმა მოიძიეს მოუხელთებელი განგსტერი ჯონ დილინჯერი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევისას ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, გამოძიების ბიურომ კი, წარმატებული ოპერაციის წყალობით შეიძინა საერთო სახელმწიფოებრივი სტატუსი და გამოძიების ფედერალურ ბიუროდ გადაკეთდა.

  • გამოძიების ფედერალური ბიურო ფრანკლინ რუზველტის მმართველობის პერიოდში

ედგარ ჰუვერმა ფრანკლინ რუზველტის მმართველობის პერიოდშიც შეძლო პოსტის შენარჩუნება. მეტიც, უკვე რეორგანიზებული ბიუროსთვის ერთგვარი დევიზი - "ერთგულება, სიმამაცე, პატიოსნება" მოიფიქრა, მერე კი, ფართო საზოგადოებასთან კავშირის დამყარებას შეუდგა, რადგან მიხვდა, რომ წარმატებული მუშაობისთვის სწორედ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება იყო საჭირო და არც შეცდა, რადგან სააგენტოს პოპულარობის ზრდასთან ერთად, ჰუვერიც, რომლის ციტატებს მთელი ქვეყანა იმეორებდა, ნამდვილ ეროვნულ გმირად იქცა.

1940 წელს ედგარ ჰუვერმა ფრანკლინ რუზველტის ბრძანებით, მისივე პოლიტიკურ ოპონენტებზე გააძლიერა კონტროლი, რასაც ავტომატურად ფედერალური ბიუროს უფლებამოსილების გაფართოვება მოჰყვა. ჰუვერმა სატელეფონო საუბრების მოსმენის, ფრანკლინის ე.წ. მტრების საქმიანობის გამოძიების და წერილების ადრესატის ნებართვის გარეშე გაცნობის უფლება მოიპოვა.

მართალია, 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ჯარების პერლ-ჰარბორზე თავდასხმის და შეერთებული შტატების მეორე მსოფლიო ომში იძულებით ჩაბმის შემდეგ ფედერალური ბიუროს აგენტებმა მასიურად დააპატიმრეს ამერიკაში მცხოვრები იაპონელები, იტალიელები და გერმანელები, მაგრამ სინამდვილეში დასაპატიმრებლად განწირულთა ნუსხა, რომელმაც თითქმის 3850 "მტერი" და "ჯაშუში" გააერთიანა, იაპონელების თავდასხმამდე ბევრად ადრე შედგა.

  • ჰუვერის მეთოდების კრიტიკა და მისგან განთავისუფლების მცდელობა

ჰარი ტრუმენმა ფედერალური ბიუროს შეფს ქედმაღლობა დაუწუნა, როცა მან ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტს მხოლოდ არაოფიციალური წერილი გაუგზავნა. მთავარსარდალმა ტრუმენმა ეს სუბორდინაციის დარღვევად ჩათვალა, თუმცა, ჰუვერმა მაინც შეძლო პოსტის შენარჩუნება, რადგან ამერიკის მთავრობის "რუხი კარდინალი" უკვე ფლობდა მოცულობით ინფორმაციას, სადაც ტრუმენზეც თავისუფლად შეიძლებოდა საინტერესო ფაქტების მოძიება...

მართალია, ფედერალური ბიუროს შეფის მეთოდებს ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ მან მაინც ბოლომდე ღირსეულად დაიცვა საკუთარი სტატუსი და არც ჯონ კენედის შეუშინდა, რომელიც რიჩარდ ნიქსონის მსგავსად, სულ ამაოდ ცდილობდა მისგან განთავისუფლებას. კიდევ ერთმა პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა კი, თავიდანვე უარი თქვა ძლიერ მეტოქესთან ბრძოლაზე და მისი გულის მოსაგებად ისიც კი განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლის კანონი ფედერალური ბიუროს დირექტორზე არასდროს გავრცელდებოდა...

  • კავშირი ჯონ კენედის მკვლელობასთან?

ედგარ ჰუვერისა და ჯონ კენედის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ყველამ იცოდა, რადგან "მარადიული დირექტორი" მონდომებით აგროვებდა კომპრომატს ახალგაზრდა პრეზიდენტზე, ღიად აკრიტიკებდა მის რომანტიკულ გატაცებებს და არასდროს იზიარებდა ლიბერალურ შეხედულებებს.

კენედის "ახალი ამერიკის" შექმნა სურდა, მაშინ როცა ძველი ყაიდის ჰუვერი უკვე არსებულის შენარჩუნებას ემხრობოდა. სიტუაცია კენედის მკვლელობის შემდეგ დამძიმდა, როცა გაირკვა, რომ ბიურო პრეზიდენტის დალასში ვიზიტამდე აკონტროლებდა მის სავარაუდო მკვლელს - ლი ჰარვი ოსვალდს, საზარელი ტრაგედიის შემდეგ კი, საქმეს არაორგანიზებულად იძიებდა და თითქოს შეგნებულად აჭიანურებდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გაჩნდა ეჭვი, თითქოს ჯონ კენედის მკვლელობის დამკვეთი სწორედ ჰუვერი იყო, თუმცა მისი მხილება ვერც ამჯერად აღმოჩნდა შესაძლებელი...

  • ჰუვერის გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი საიდუმლო ინფორმაციას თითქმის ყველა პოლიტიკურ მოღვაწეზე ფლობდა, მაშინ როცა თვითონ არც განგსტერებთან ურთიერთობას თაკილობდა, არც უფლებამოსილების გადამეტებით ბიუროს ფინანსებით სარგებლობას. ამასთანავე, გუვერს არა მხოლოდ ქალის სამოსი, არამედ მამაკაცებიც სერიოზულად ხიბლავდა. მეტიც, სწორედ მოადგილე კლაიდ ტოლსონი იყო მისი საყვარელი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გუვერის ერთადერთი მემკვიდრე და სოლიდური თანხის მფლობელი გახდა, მის სახლში გადაბარგდა და შეერთებული შტატების ის დროშა ჩაიბარა, რომელიც გუვერის დაკრძალვაზე მის სასახლეს ფარავდა.

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარ ჰყოფნით - საგამოფენო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო (ფოტოები)

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს

პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა