ავტორი:

რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე

რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 246,804-ს აღწევს, მისგან გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 000-ს აცდა. მაგრამ ვინ იყო ე.წ. პაციენტი ზერო - ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებით პირველი დაინფიცირებული და შესაძლებელია თუ არა მისი იდენტიფიკაცია?

BBC-ის ცნობით, გენეტიკური ანალიზი ვირუსის გავრცელების ხაზის გამოკვლევის საშუალებას იძლევა და არსებობს შესაძლებლობა, მეცნიერებმა იმ პირთა იდენტიფიკაცია მოახდინონ, რომლებმაც დაავადების გადაცემა პირველებმა დაიწყეს.

ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული "ნულოვანი პაციენტი" - მთავარი ჰიპოთეზები ვირუსის პირველ წყაროზე

ჯერჯერობით დაზუსტებით არავინ იცის, თუ ვინ იყო COVID 19-ის "ნულოვანი პაციენტი". ჩინელმა თანამდებობის პირებმა თავიდან გამოაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 დეკემბერს დაფიქსირდა, პნევმონიის მაგვარი ინფექციის ბევრი შემთხვევა კი მაშინვე უხანის ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზარს დაუკავშირდა.

თუმცა, ჩინელი მკვლევარები კვლევაში, რომელიც ლანსეტის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, ამტკიცებენ, რომ COVID 19-ის დიაგნოზი პირველ ადამიანს 2019 წლის 1-ელ დეკემბერს დაუდგინდა და ამ პირს ბაზართან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. მათი თქმით, პაციენტი ხანში შესული კაცი იყო ალცჰაიმერის დაავადებით, ის ბაზრიდან ავტობუსის 4-5 გაჩერების მოშორებით ცხოვრობდა, თუმცა დაავადების გამო, გარეთ თითქმის არასდროს გადიოდა.

მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ იგივე სიმპტომები შემდგომ დღეებში 3 ადამიანს გამოუვლინდა, მათ შორის ორს ბაზართან შეხება არ ჰქონია. COVID 19-ის გავრცელების ადრეულ ეტაპზე საავადმყოფოში მოხვედრილი 41 ადამიანიდან კი, 27 მათგანი ბაზარში იმყოფებოდა.

ჰიპოთეზა, რომ ეპიდემიის აფეთქება სწორედ ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზარში დაიწყო, სადაც ცხოველმა ვირუსი ადამიანს გადასდო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველაზე რეალურ ჰიპოთეზადაა მიჩნეული.

შეუძლია თუ არა ერთ ადამიანს, დაავადების ასეთი მასიური აფეთქება გამოიწვიოს?

დასავლეთ აფრიკაში, 2014-2016 წლებში ებოლას აფეთქებამ 28 000 ადამიანის დაინფიცირება და 11 000 მათგანის გარდაცვალება გამოიწვია. ებოლა საერთო ჯამში, 10 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მისი აფეთქება მხოლოდ ერთი ადამიანისგან - გვინეელი 2 წლის ბიჭისგან დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ, მაშინ დაინფიცირდა, როცა ხის ღრუსთან თამაშობდა, სადაც ღამურები ბუდობდნენ.

მერი მელონი კი ტიფის ციებ-ცხელების ნულოვან პაციენტადაა მიჩნეული. ციებ-ცხელება 1906 წელს, ნიუ-იორკში დაიწყო. ირლანდიელი ემიგრანტი, რომელსაც შემდეგ "ტიფიანი მერი“ შეარქვეს, შეძლებულ ოჯახებში მზარეულად მუშაობდა. სწორედ ამგვარი ოჯახები გახდნენ ტიფის შემთხვევათა კლასტერები, რამაც ექიმები მელონამდე მიიყვანა. მათ პაციენტს „ჯანმრთელი გადამტანი“ უწოდეს, რაც ნიშნავს, რომ თავად მელონი დაავადების სიმპტომებს თითქმის არ ამჟღავნებდ. ხშირად სწორედ ასეთი ადამიანები ავრცელებენ ინფექციას ფართოდ.

თუმცა, ტერმინი "ნულოვანი პაციენტი“ ხშირად სტიგმის ქვეშ ექცევა, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის ექსპერტთა დიდი ნაწილი დაავადების პირველი გამავრცელებლის იდენტიფიკაციის წინააღმდეგია, რადგან ამან შეიძლება, დაავადების შესახებ დეზინფორმაციას ან თავად ადამიანის ვიქტიმიზაციას (ადამიანის მსხვერპლად ქცევა) შეუწყოს ხელი.

სწორედ ასე მოხდა იმ მამაკაცის შემთხვევაში, ვინც შეცდომით შიდსის ეპიდემიის ნულოვან პაციენტად ითვლებოდა. კანადელი ბორტ გამცილებელი, ჰომოსექსუალი გეიტენ დუგესი აშშ-ში HIV-ის გავრცელებაში 1980-იან წლებში "დაადანაშაულეს“. საინტერესოა, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მეცნიერებმა კვლევით აღმოაჩინეს, რომ შეუძლებელია, დუგესი პირველი ყოფილიყო, ვინც შიდსის გადაცემა დაიწყო, რადგან HIV ინფექციამ ამერიკაში კარიბიდან, 1970-იან წლებში შეაღწია.

სწორედ HIV-ის ეპიდემიის დროს, სრულიად შემთხვევით შეიქმნა ტერმინი - „პაციენტი ზერო“: ლოს ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების მკვლევარები დაავადების გავრცელებას იძიებდნენ, ლათინურ ასო O-ს კი იმის აღსანიშნავად იყენებდნენ, რომ პირი კალიფორნიის შტატიდან არ იყო (outside the state of California). სხვა მკვლევრებმა სიმბოლო რიცხვ 0-ს მიამსგავსეს და სწორედ აქედან დაიბადა „ნულოვანი პაციენტის“ კონცეფცია.

"თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება" - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"შემოყვანისას უკიდურესად მძიმე იყო" - კორონავირუსით ინფიცირებულ მარნეულელ ქალს, შაქრიანი დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს

LIVE "ნიუსრუმიდან" - კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული სიახლეები