ავტორი:

როგორ ირთობენ თავს სახლში გამოკეტილი ცნობილები - "2 კვირაა არსად გავსულვარ... გვენატრება მეგობრები, მშობლები, ქუჩებში სეირნობა"

როგორ ირთობენ თავს სახლში გამოკეტილი ცნობილები - "2 კვირაა არსად გავსულვარ... გვენატრება მეგობრები, მშობლები, ქუჩებში სეირნობა"

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო ახალი ცხოვრების სტილზე გადაიყვანა, ადამიანები დისტანციურ მუშაობასა და სწავლებაზე გადავიდნენ, დროებით დაივიწყეს ხალხმრავალი შეკრებები, რესტორნებსა თუ თეატრებში სიარული, რადგანაც ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გზა, სწორედ ადამიანებს შორის დისტანციის დაცვაა.

AMBEBI.GE რამდენიმე ცნობილ ადამიანს გაესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ამ საყოველთაო შეზღუდვების და ცხოვრების სტილის შეცვლის შემდეგ, იღებენ თუ არა შინ სტუმრებს და სრულად იცავენ თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს:

ბახვა ბრეგვაძე - მსახიობი, ტელეწამყვანი:

"ძალიან ცოტა დროს ვატარებდი სახლში, ამიტომ ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა. ახლა მხოლოდ ტელევიზიაში მივდივარ, საიდანაც ადამიანებს აქტიურად მოვუწოდებ, რომ დარჩნენ სახლში. შესაბამისად, მეც, სამსახურის შემდეგ ვბრუნდები შინ და არსად გავდივარ...

ამასთან, მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი, ზედმიწევნით ვიცავთ WHO-ს და ჩვენი ექიმების რეკომენდაციებს... თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სამსახურში სიარული მიწევს, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ უკლებლივ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ და ვიცავ...

კლუბში ძალიან იშვიათად დავდიოდი, მხოლოდ მეგობრებთან სახლში, სტუმრად სიარული იყო ჩემი ძირითადი გართობა და განტვირთვა... ახლა როგორც გითხარით, არსად დავდივარ... ვარ სახლში, ვკითხულობ ბევრს, ვუყურებ ფილმებს და ვმუშაობ" - ამბობს ბახვა, რომელსაც ტელევიზიის გარდა, კიდევ სხვა სამსახურებიც აქვს, სადაც უკვე დისტანციურ მუშაობაზეა გადაწყობილი და სულაც არ უჭირს.

"სიტუაცია ახლა, როგორც ვხედავთ, მწვავე ფაზაში შედის და ყველას ვთხოვ, რომ დარჩნენ სახლში, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ახლობლებს, გარშემომყოფებს, უბრალოდ, სხვებს...

თუ ბევრნი არიან სახლში, ითამაშონ სამაგიდო თამაშები, ნახონ მათთვის საინტერესო ფილმები, წაიკითხონ წიგნები... დაფიქრდნენ და გადაახარისხონ მათი პრიორიტებები, დასახონ სამომავლო გეგმები, სახლის პირობებში ივარჯიშონ და ა.შ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ! იმედი მაქვს, ძალიან მალე გადავაგორებთ და სამუდამოდ განვდევნით ჩვენი ცხოვრებიდან კორონავირუსს! მერე კი ყველამ ერთად, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა პოსტკორონავირუსული შოკიდან" - უთხრა AMBEBI.GE-ს ბახვა ბრეგვაძემ.

ოპერის მომღერალი გია ონიანი წლებია, ოჯახთან ერთად გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს. მასაც, როგორც ყველას, ყველა სპექტაკლი, გასტროლი გადაედო და შინ დარჩა. ის ინტერნეტში თავის ვიდეოებსაც ავრცელებს და სიმღერით ცდილობს შეუმსუბუქოს განცდები ადამიანებს...

"ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ვიცავ. როცა საქმე თვითგადარჩენას ეხება, ძალიან დამჯერი ვხდები...ზოგადად ფრთხილი ადამიანი ვარ და ამ შემთხვევაში ზედმეტი სიფრთხილეც არაა ცუდი.

სახლში გამოკეტვა არ ყოფილა ადვილი, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში შენში ისეთი თვისებები იღვიძებს, რომ თავადაც გიკვირს. ყოველგვარ ნეგატივშიც შესაძლებელია პოზიტიური მხარე იპოვო, აქამდე თავისუფალი დრო სანატრელი მქონდა და ახლა თავზე საყრელად მაქვს.

ეს რამდენიმე დღე კიდევ დავისვენებ და მერე ორი ახალი ოპერის სწავლას შევუდგები, რომლებიც 2022 წელს უნდა შევასრულო. რა თქმა უნდა, ადრეა, მაგრამ საქმეს წინ წავიგდებ. გამოწერილი მაქვს ინტერნეტით ამ ოპერების კლავირები და მივიღებ თუ არა, მაშინვე დავიწყებ. ისე, საკმაოდ შრომატევადი საქმეა,ზოგადად ერთი ოპერის სწავლას 1 თვეს ვანდომებ. იმედია, მანამდე ეს კორონას მიერ გამოწვეული აჟიოტაჟი ჩაქრება და ნორმალურ რიტმს დავუბრუნდებით...

ჩემი გოგონა IX კლასშია და ონლაინ უტარდება გაკვეთილები. ვაჟი დიდია, მუშაობს დუსელდორფში, მაგრამ დაიკეტა მისი სამსახურიც და ახლა ერთად ვართ. ვერთობით ხოლმე, ჯოკერს, ჭადრაკს ვთამაშობთ, ვმღერით, ვხატავთ და კულინარიულ ექსპერიმენტებს მივმართავთ... არც სადმე გავდივართ და არც არავინ მოდის ჩვენთან. ვერიდებით გარე სამყაროსთან კონტაქტს.

იყავით სახლში, ახლა ყველაზე ეფექტიანი ესაა. იმედია, წამალსაც გამოიგონებენ და მოგონებას ჩაბარდება ეს ჭირიც და ეს დღეებიც!“ - გვითხრა გია ონიანმა და ქალაქ ბონზეც ისაუბრა, სადაც მისი თქმით თითქმის ყველაფერი დაკეტილია, გარდა აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სუპერმარკეტებისა. "სუპერმარკეტშიც სამართალდამცავები არეგულირებენ რიგებს შესასვლელში. ერთი რომ გამოდის, მერე გიშვებენ. დისტანციას ვიცავთ. პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტი უკვე კარგა ხანია გვაქვს..."

ლელა მებურიშვილი - მსახიობი, ტელეწამყვანი:

"ჩემი თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, რომელიც ცდილობს, არ შეიმჩნიოს, რა რთული სიტუაციაა გარეთ და გაახალისოს ოჯახი. დაახლოებით 2 კვირაა, არსად არ გავდივარ. ვზივარ სახლში ჩემს შვილებთან და ქმართან ერთად.

მეგონა, მეც წავიკითხავდი იმ წიგნებს რომელიც დიდი ხანია მინდა, წავიკითხო, ვუყურებდი მონატრებულ ფილმებს და ვითამაშებდი სამაგიდო თამაშებს, თუმცა ისეთი საქმეების გაკეთება გვიწევს, რაც ძალიან დიდი ხანია, არ გაგვიკეთებია. იმიტომ, რომ ვართ მარტო დამხმარის, ძიძების, ბებიების და ბაბუების გარეშე.

ამიტომ, აქტიურად ვართ ჩართული საოჯახო საქმეებში. ბავშვებიც მონაწილეობენ სახლის დალაგებაში, კერძების მომზადებაში, ჭურჭელის გარეცხვაში - ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

საერთოდ ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, არასდროს არ მბეზრდება ჩემს შვილებთან თამაში, თუმცა ამ სიტუაციაში ძნელია, რამით ისიამოვნო, დაძაბული არ იყო. რა თქმა უნდა, შინაგანად ძალიან აღელვებული ვარ თუმცა, ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, რამდენად შეგნებულად მივუდგებით სიტუაციას და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ყველაფერს.

იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ვრჩებით სახლში, არ ვიღებთ სტუმრებს და არ დავდივართ სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობრებიც სახლში არიან იზოლირებულები - ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან სტუმრად უნდა ვიაროთ. ნამდვილად ღირს რაღაც დროით მოთმენა, მაქსიმალურად იზოლირება არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოსავალი“ - გვეუბნება მებურიშვილი.

მსახიობის თქმით, ცხადია, თეატრში სპექტაკლებსაც ვეღარ თამაშობს, რადგანაც ერთი თვეა, მარჯანიშვილის თეატრში ყველა სპექტაკლი მოიხსნა. თუმცა, იმედს არ კარგავს, რომ მალე ის და მისი კოლეგები ახალ, საოცარ სპექტაკლებში ითამაშებენ.

"დისტანციურად რაც შეგვიძლია, ახალ პიესებზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი პიესაა, რომლის რეპეტიციებიც ასე დისტანციურად გვაქვს. რეპეტიციების პირველ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს "სამაგიდო სამუშაოებს" ვგულისხმობ, როცა შეგვიძლია ვისაუბროთ და ჩამოვყალიბდეთ სხვადასხვა თემაზე, პიესისა და გმირის გარშემო...

ყველას გვენატრება მეგობრები, მშობლები, თეატრი, კინო, ქუჩებში სეირნობა. ეს ყველაფერი ძალიან მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ ვერ დაგვიბრუნდებიან ის ადამიანები, ვისაც ჩვენი გაუფრთხილებლობის გამო საფრთხეში ვაგდებთ. ამიტომ, დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ერთმანეთი" - ამბობს ლელა მებურიშვილი.

მსახიობი ონისე ონიანი კი იმით გამოირჩევა, რომ სახლში დარჩენის შემდეგ ადამიანებს ინტერნეტით ახალ-ახალ ვიდეოს სთავაზობს, კერძების მომზადებას და სხვა საოჯახო საქმეებს ასწავლის, ამასთან, ამხიარულებს კიდეც მათ. ამ ვიდეოების იდეა მეუღლემ შესთავაზა.

როგორც ონისე ამბობს, სახლში ხანგრძლივი დროით რომ აღმოჩდნენ, გადაწყვიტეს მეგობრები, სხვა ადამიანები ასე გაეხალისებინათ. ეს მასაც სიამოვნებას ანიჭებს და უხარია, რომ ამ ვიდეოებს სხვებიც დიდი ინტერესით შეხვდნენ:

"ადამიანები მშვენივრად გახალისდნენ. ერთობიან, სწავლობენ და დროც გადის" - აღნიშნავს მსახიობი.

"ტაში უნდა დავუკრათ გახარიას..." - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი და აპირებს თუ არა აღდგომას ეკლესიაში წასვლას

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს