კოკოითმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

კოკოითმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ცხინვალში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინი იმყოფება. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

ნოგოვიცინი ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ მიიღო და ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ნოგოვიცინმა კოკოითისგან ორდენი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა" და კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებაში აქტიური მონაწილეობისთვის მიიღო.

ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა განსაკუთრებულად აღნიშნა ნოგოვიცინის დიდი წვლილი 2008 წლის აგვისტოში ქართული და დასავლური მედიასაშუალებების მიერ წარმოებული "რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საწინააღმდეგო საინფორმაციო აგრესიის მოგერიებაში".

"ქართული აგრესიის მოგერიებისას, საქართველოს მშვიდობისაკენ იძულების ოპერაციის დროს თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ მსოფლიოს სამხრეთ ოსეთის მოვლენების შესახებ სიმართლე შეეტყო", - განაცხადა კოკოითიმ.

ე.წ. პრეზიდენტს ნოგოვიცინმა მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მისთვის მეორე სამშობლოა.

"ვემსახურები სამშობლოს - როგორც რუსეთში იტყვიან. ოსეთი ჩემთვის მეორე სამშობლოა. ეს ჯილდო ჩემთვის სრულიად მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა", - განაცხადა ნოგოვიცინმა.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ანატოლი ნოგოვიცინი მოსკოვში რეგულარულად მართავდა პრესკონფერენციებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?