ავტორი:

"ეს 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან" - პაატა იმნაძე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებზე

"ეს 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან" - პაატა იმნაძე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც იმნაძე აღნიშნავს, საავადმყოფოდან გასაწერად რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი ემზადება.

„განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისვე ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი. კიდევ არის რამდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ემზადება კიდევ რამდენიმე პაციენტი გაწერისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არცერთი დამატებული შემთხვევა, რაც დღეს ქვეყანაში გამოვლინდა, ახალი კლასტერები არ არის. ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლეული იქნა ასევე მარნეულში სხვა პაციენტებიც, რომლებიც იმ საავადმყოფოში - „ჯეოჰოსპიტალსში“ იყვნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა. ასევე გამოკვლეულია „ჯეოსპიტალსის“ პერსონალი. ტესტირების შედეგად, ამ ეტაპზე ისინი ყველანი უარყოფითები არიან. ტესტირება ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ყველა უარყოფითია“, - განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურჯაანიდან თბილისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 2 მამაკაცი და 1 ბავშვი გადმოიყვანეს. მისი თქმით, საქართველოში გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი ჯერ არ გასულა.

„დღეს საქართველოში უამრავ ადამიანს აქვს გაციების სიმპტომები. რას ნიშნავს კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს? დღეს არის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების სეზონი. არ დამთავრებულა ეს სეზონი ჯერ. საქართველოში ვისაც ტემპერატურა აქვს და ვისაც წამოახველებს, ყველაზე თუ ვიფიქრეთ, რომ კორონავირუსი აქვს, ეს არის პანიკის დათესვის მცდელობა,“ - განაცხადა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაზრდილია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში კორონავრიუსით ინფიცირების შემთხვევების შემოსვლა ხდება.

„უკვე ფიქსირდება თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. დაემატა აშშ-დან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები. შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია საკმაოდ გაფართოვდა და ჯერჯერობით ყველა კონტროლის ქვეშ არის,“ - განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე გამოეხმაურა ასვე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იზრდება ე.წ. რომანოვების კლასტერით ინფიცირებულთა რიცხვი. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას თვითმკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის ჰომეოპათიურ საშუალებებზე, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, ნუ იქნება ამის იმედზე.

„ვისაც გვჯერა გაგვატარეთო, შეიძლება მითხრათ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ დაგიცავთ რაღაც ისეთი საშუალებები. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩვენზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ა.შ. ? ეს რომ წამალი იყოს და შველოდეს, წაიყვანდნენ მას თავის პატრონიანად და იქ გამოაშვებინებდნენ ამ წამალს, რომ გადაარჩინონ ის ქვეყნები, ხომ? წავიდნენ და დაეხმარონ იმ ქვეყნებს, ცოდოები არიან. ჩვენ კარგად ვართ“ , - განაცხადა იმნაძემ.

"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

LIVE: რა ბედი ელის ოლიმპიურ თამაშებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში?

"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს