ორიოდე დღის წინ კომპანია "ფორდმა" მომავალი თაობის არასაგზაოს - Explorer - შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. უახლოეს მომავალში ავტომობილის წარმოება ჩიკაგოში მდებარე ქარხანაში დაიწყება, ხოლო აშშ-ის დილერების სალონებში ავტომობილი მიმდინარე წლის ბოლოდან გამოჩნდება. არასაგზაო, D4-ის პლატფორმაზეა აგებული, რომელიც Foord Flex-სა და Lincoln MKT-ის ავტომობილებზეა გამოყენებული.
ამერიკული ავტომწარმოებლის წარმომადგენელთა თქმით, წინამორბედთან შედარებით, ახალი თაობის "ექსპლორერის" მასა, კონსტრუქციაში გაცილებით უფრო მსუბუქი მასალების გამოყენების შედეგად, 45 კგ-ით შემცირდა. მაგალითად, ესაა კაპოტი, რომელიც ალუმინით დაამზადეს. გარდა ამისა, "ფორდში" ამტკიცებენ, რომ "ექსპლორერის" საერთო ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. აგრეთვე გაიზრდება აეროდინამიკური მაჩვენებლები (აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,35-ია, რაც "ფორდის" მესვეურთა თქმით, კლასში საუკეთესო მაჩვენებელია) და გაუმჯობესდება ხმის იზოლაცია.
სიახლეს კლიენტებს ბენზინის ორი ძრავათი შესთავაზებენ: EcoBoots-ის 4-ცილინდრიანი, 2-ლიტრიანი, 237 ცხ. ძალის სიმძლავრის მქონე ტურბოაგრეგატითა და 3,5-ლიტრიანი, 290 ცხ. ძალიანი ატმოსფერული "ექვსიანით", რომელიც ძველ "ექსპლორერზე" გამოყენებულ, V6-ზე 20%-ით ეკონომიურია. ორივე მოტორი სიჩქარის გადაცემათა 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფით მუშაობს.
გარდა ამისა, ახალი თაობის არასაგზაო "ფორდ ექსპლორერს" სრული აძვრის ტრანსმისიის მართვის "გონიერი" სისტემა ექნება, რომელიც მას სხვადასხვა საგზაო პირობებში მუშაობის ადაპტაციის შესაძლებლობას მისცემს. სპეციალური გადამრთველის საშუალებით მძღოლს სვლის ხუთი რეჟიმიდან ერთ-ერთის ამორჩევა შეეძლება - ქალაქში, თოვლში, ქვიშასა და ტალახში მოძრაობის პირობებით ან მთიდან დაშვების შემთხვევაში, სიჩქარის შემზღუდავი საშუალების გააქტიურებით. აგრეთვე მანქანა ჩურვე ჩონტროლ-ის ფუნქციით აღჭურვილი სტაბილიზაციის ახალი სისტემითაც დაკომპლექტდება, რომელიც მძღოლს არჩეულ ტრაექტორიაზე შეკავების შესაძლებლობას მისცემს.
ამ მოდელისთვის კიდევ ერთ სიახლედ სავარძლების მესამე რიგი და უკანა სავარძლებზე უსაფრთხოების გასაბერი ქამრები იქცევა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას მგზავრთათვის გულმკერდის დაზიანების ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს. ჯერჯერობით უცნობია ავტომობილის ფასი. "ფორდში" მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ EcoBoots-ის 4-ცილინდრიანძრავიანი "ექსპლორერი" V6 მოტორიან ავტომობილზე ძვირი ეღირება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)