ავტორი:

"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ინდოეთი კარანტინში და საკვების გარეშე დარჩენილი მილიონობით ადამიანი

"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ინდოეთი კარანტინში და საკვების გარეშე დარჩენილი მილიონობით ადამიანი

ინდოეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, კარანტინი გამოცხადდა. 1.3 მილიარდ ადამიანს უთხრეს, რომ სახლებში უნდა დარჩნენ. ჯერჯერობით ცნობილია, რომ კარანტინი 3 კვირას გასტანს, თუმცა დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია და ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტიანობაზეა დამოკიდებული.

როგორც BBC წერს, ინდოეთში მოსახლეობის უმეტესობა ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, კარანტინის გამო, კი ისინი საკვების გარეშე დარჩნენ. დელიში არის ქუჩა, სადაც ადამიანები დგანან და ელოდებიან, როდის მიაკითხავთ დამსაქმებელი და სამშენებლო სამუშაოზე დაასაქმებთ.

ინდოელი რამეშ კუმარის შემოსავლის წყარო სწორედ ასეთი სამუშაოები იყო, ახლა კი, სახლიდან გასვლა აეკრძალა. "დღეში 600 რუპიას გამოვიმუშავებ (8 დოლარი) და სახლში 5 ადამიანი მყავს დასაპურებელი. ცოტა ხანში საჭმელი გამოგველევა. მე ვიცი კორონავირუსის რისკი, მაგრამ არ შემიძლია ჩემს მშიერ შვილებს ვუყურო“, - ამბობს ის.

კარანტინი 24 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გამოაცხადა. ექსპერტების პროგნოზით, უამრავი ოჯახი რამდენიმე დღეში საჭმლის გარეშე აღმოჩნდება.

ინდოეთის ზოგიერთი რეგიონის მთავრობა ჰპირდება მუშებს, რომ ანგარიშზე თანხას ჩაურიცხავენ, ასეთივე დაპირება გასცა პრემიერ-მინისტრმა მოდიმაც. მისი თქმით, ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება იმ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურ ხელფასზე არიან დამოკიდებულნი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინდოელთა სულ ცოტა 90% დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში. მუშაობენ დაცვის თანამშრომლებად, ქუჩაში მოვაჭრეებად, ნაგვის შემგროვებლად, ოჯახში დამხმარეებად და ა.შ.

"კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს" - ამბობს ინდოელი მეწარმე

უმეტესობას არ აქვს საბანკო ანგარიში. გარდა ამისა, ადამიანები სამუშაოსთვის ერთი რეგიონიდან მეორეში გადადიან, ოჯახებით ძალიან ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს და უმეტესი მათგანის საცხოვრებლის შესახებ სახელმწიფომ არაფერი იცის. ეს ართულებს სიტუაციას, რადგანაც სახელმწიფო ვერ განსაზღვრავს, თუ როგორ დაეხმაროს მოქალაქეს თანხით, თუ არ ეცოდინება მისი ანგარიშის ნომერი, ოფიციალური საცხოვრებელი.

"საჭიროა რომ ხელისუფლებამ სრაფად იმოქმედოს, იმიტომ რომ სიტუაცია ყოველდღე იცვლება. ჩვენ უნდა შევქმნათ დიდი საზოგადოებრივი სამზარეულოები და ადამიანებს საკვები მივაწოდოთ, უნდა დავარიგოთ ფული, ან ბრინჯი და ხორბალი იმის მიუხედავად, ვინ რომელი შტატიდანაა“, - ამბობს აკილეშ იადავი, ინდოეთის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი.

ინდოელი კიშან ლალი, რომელიც ქალაქ ალაჰაბადში რიქშას დაატარებს, ამბობს, რომ კარანტინის გამოცხადების შემდეგ, უფულოდ დარჩა.

"მჭირდება ფული ოჯახის გამოსაკვებად. გავიგე, რომ მთავრობა აპირებს ფული მოგვცეს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ და როდის მოხდება“, - ამბობს კიშანი.

რიქშას მძღოლი, რომელიც ამბობს, რომ უფულოდ დარჩა

მისი მეგობარი ალი ჰასანი, რომელიც მაღაზიაში დამლაგებლად მუშაობდა, ამბობს, რომ უკვე აღარ აქვს საჭმლის ფული. "მაღაზია დაიკეტა და ფულს ვეღარ გამოვიმუშავებ. არ ვიცი როდის გაიღება, ძალიან მეშინია. ოჯახი მყავს და მათ ვინ მიუტანს საჭმელს?!“ - ამბობს ის.

ალი ჰასანი, რომელსაც საჭმლის ფული აღარ აქვს, მას შემდეგ, რაც კარანტინის გამო მაღაზია დაიკეტა და სამუშაო ადგილი დაკარგა

ბევრი ინდოელი თავად აწარმოებდა პროდუქტს და ქუჩაში ყიდდა. ასეთი მეწარმეა მოჰამედ დაბირიც, რომელიც ახლა შემოსავლის გარეშე დარჩა.

"უიმედოდ ვარ. მეშინია, რომ შიმშილი კორონავირუსზე უფრო მალე მოგვკლავს“, - ამბობს ის. ტაქსის მძღოლი ჟოგინდერ ჩონდჰარიც ამბობს. რომ უმუშევარი დარჩა.

"მესმის რამდენად მნიშვნელოვანია კარანტინი. კორონავირუსი ძალიან საშიშია და საჭიროა, რომ თავი დავიცვათ. მაგრამ ვფიქრობ, როგორ გადავრჩე და როგორ გადავარჩინო ოჯახი, თუ კარანტინი კვირების განმავლობაში გაგრძელდება“, - ამბობს ის.

BBC წერს ინდოელ ქუჩაში მომუშავე მეწაღეზეც, რომელმაც სახელი არ გაუმხილა ჟურნალისტს. მისი თქმით, წლებია ალაჰაბადის რკინიგზის სადგურზე ადამიანებს ფეხსაცმელს უსუფთავებს, მაგრამ ახლა სადგური ცარიელია. ამბობს, რომ ვერ გაიგო ადამიანები რატომ აღარ ჩანან, რატომ დაცარიელდა ქუჩები. წარმოდგენა არ აქვს რატომ შეწყვიტა ხალხმა გადაადგილება.

მეწაღე ალაჰაბადიდან, რომელმაც არ იცის, რატომ აღარ არიან ადამიანები ქალაქის რკინიგზის სადგურზე

"არ ვიცი რა მოხდა. ბოლო დღეებია სადგურზე ხალხი აღარ არის. საღამოს სიგნალის ხმა ისმის (ინდოეთში კომენდანტის საათი მოქმედებს), მაგრამ არ ვიცი რატომ“, - ამბობს ის.

ბოლო ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსით 562 დაინფიცირდა, მათგან 10 გარდაიცვალა, 40 გამოჯანმრთელდა.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით

რატომ კვდება კორონავირუსით უფრო მეტი კაცი, ვიდრე ქალი?

სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მსოფლიოს ყველაზე ხმაურიანმა ქალაქმა "დაიძინა“ - ფოტოები ნიუ იორკიდან, რომელიც კორონავირუსმა სიჩუმის ქალაქად აქცია