ახლა ზაფხულია და როგორც წესი, პოლიტიკური ძალები ისვენებენ. მართალია, ერთი ექსპერტის შეგონება, რომ სამშობლო უნდა გიყვარდეს და მასზე უნდა იზრუნო წელიწადის ნებისმიერ დროს, უდავო ჭეშმარიტებაა, მაგრამ მცირე გამონაკლისების გარდა ცხელ აგვისტოში პოლიტიკოსები რაიმე ღონისძიების დაგეგმვას ერიდებიან. ერთადერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა კონსტიტუციის პროექტის განხილვა გახლავთ. სავარაუდოდ, კონსტიტუციის ახალ ვერსიას სააკაშვილის მარადმორჩილი პარლამენტი აგვისტოს ბოლოს იმ სახით მიიღებს, რაც ხელისუფლებას სურს, მაგრამ ახლა მსჯელობა, სავარაუდოდ, იმ თემებზე წავა, თუ ვის დატოვებს სააკაშვილი მემკვიდრედ და საერთოდ, რა პროცესები განვითარდება თავად ხელისუფლების შიგნით.
როგორც ჩანს, არსებულ ოპოზიციას რეალური რესურსი იმისათვის, რომ პროცესებზე რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს, არ აქვს. საქმე ისაა, რომ რაც არ უნდა ფრთიანი ანგელოზებისაგან შედგებოდეს ოპოზიცია, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა და ფინანსური რესურსი სიტუაციის რეალური შეცვლისათვის. ამიტომ საყვედურები, რატომ ვერ ახერხებენ ისინი რაიმე არსებითის მიღწევას და საარჩევნო გარემოს გაკონტროლებას და ა. შ. სრულიად უსაფუძვლოა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკოსებიც საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და მათ უმრავლესობასაც უწევს ყოველდღიურ პრობლემებთან ბრძოლა, როგორიცაა, თუნდაც ოჯახის რჩენის პრობლემის მოგვარება.
ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც რაღაც დოზით მოლოდინებს აჩენს საზოგადოებაში, რომ შემოდგომაზე გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობებს უნდა ველოდოთ, ეროვნული ფორუმია, რომელმაც რეგიონებში გასვლაც დაიწყო და ადგილებზე მუშაობს. სხვა პოლიტიკური ძალებიდან ისევ ქრისტიან-დემოკრატები გვახსენებენ თავს თუნდაც იმით, რომ ისინი რეალურად ემზადებიან თუნდაც პოსტ-სააკაშვილისეული პერიოდისათვის და მანამდე ადგილობრივ დონეებზე კადრებისა და ფინანსების მობილიზებით არიან დაკავებულები.
ტრადიციული თემატიკითა და სოციალური რიტორიკით ლეიბორისტები თანმიმდევრულად იბრძვიან მემარცხენე ფლანგზე, მაგრამ შესძლებენ თუ არა ისინი რაიმე გარღვევას თუნდაც ლეიბორისტულ საკითხებში, ძნელი სათქმელია.
რესპუბლიკელები გვახსოვს იმის გამო, რომ ამ პარტიაში საკმაოდ ბევრი ინტელექტუალია თავმოყრილი და ჟურნალისტი მათგან ინტერვიუსა და კომენტარის აღებას ვერ აარიდებ თავს, მაგრამ პარტია, როგორც წესი, საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობით და საარჩევნო პროცესში მონაწილეობით უფროა დაკავებული და ჯერჯერობით საკუთარ დღის წესრიგს ვერ გვთავაზობს.
მოსკოვისკენ მომზირალმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ასევე ყოფილმა თავმჯდომარემ მიმდინარე სეზონზე მოსკოვში სტუმრობებით დაგვამახსოვრეს თავი, მაგრამ იმისათვის, რომ პოლიტიკაში საკუთარი სიტყვა თქვა, პუტინისათვის ხელის ჩამორთმევა საკმარისი არ არის - საბედნიეროდ. თუმცა ნოღაიდელის პარტიამ იმითაც ისახელა თავი, რომ მათმა აგიტატორებმა არჩევნების შემდეგ თავი მოტყუებულებად და "გადაყრილებად" იგრძნეს და რედაქციებსა და არასამთავრობოებს მიაკითხეს, მაგრამ ესეც არ არის გასაკვირი და ახალი. საქმე ისაა, რომ სწორედ ხელისუფლების ამ ყოფილი თუ ახლანდელი წარმომადგენლებისაგან ქართულ საზოგადოებას იმდენჯერ უგრძვნია თავი იმედგაცრუებულად და გადაგდებულად, რომ რაიმე ახალ შეგრძნებას ისინი საზოგადოებაში ვერ გააჩენდნენ. ხომ გახსოვთ სოლომონ მორბელაძე: მომატყუეს, მოვატყუე და ერთი მოტყუებული კიდევ აგერ მელოდებაო.
ერთადერთი რამ, რამაც ამ ცხელ აგვისტოში შეიძლება, თავი შეგვახსენოს და გვაგრძნობინოს მოსალოდნელი საფრთხე, რუსული თავდასხმის დე-ჟავუა, მაგრამ რუსეთის მხრიდან რაიმე რეალური მოძრაობები და ომისათვის სამზადისი ჯერჯერობით, საბედნიეროდ, არ ჩანს და იმედია, არ გამოჩნდება.
ისევ პოლიტიკურ პროცესებს რომ დავუბრუნდეთ, დღეს ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა დაასკვნა: "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ სულ ცოტა, 2012 წლამდე რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი მოსალოდნელი არ არის და ქვეყანას ომის საფრთხე არ ემუქრება. აქედან გამომდინარე, მისივე აზრით, დასახლებული პუნქტების შეიარაღების თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადება მხოლოდ შიდა მოხმარებაზე იყო გათვლილი.
დღეს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ისე კომფორტულად გრძნობს თავს, როგორც არასდროს, რადგან როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევა შესძლო. კერძოდ, რუსეთმა სამხედრო შეიარაღებული ძალების ჰეგემონია შავ ზღვაზე შეუზღუდავი გახადა, საკუთარი სამხედრო ბაზები ნატოს წევრ სახელმწიფოსთან - თურქეთთან ახლოს გადმოანაცვლა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თანამედროვედ აღჭურვილ სამხედრო ბაზებს აშენებს, რომელიც შეუზღუდავია მისი სპეცსამსახურებისათვის. ამასთან, მოსკოვმა საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ქმედითი მისიის მოქმედება შეწყვიტა, ხოლო ის, ვინც მოქმედებს, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლასა და იქიდან ამბის გამოტანას ვერ ახერხებს. რუსეთს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მის მიერ აღიარებული რეჟიმები ჰყავს, ხოლო საქართველოში - ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მეტად ხელს აძლევს", - აცხადებს ლალიაშვილი და ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით თვლის, რომ "არანაირი ახალი საფრთხე საქართველოსთვის მოსალოდნელი არ არის".
მისივე პროგნოზით, "2012 წლამდე დარჩენილი პერიოდი საქართველოში უძრავობის ხანის კლასიკური ნიმუში იქნება, რომელსაც მმართველი ელიტა პერსონალური ბიუჯეტების გასასქელებლად გამოიყენებს". ამის შესახებ ნიკა ლალიაშვილმა სააგენტო "პირველს" განუცხადა.
როგორც ჩანს, ყველაზე საინტერესო პროცესები ისევ სახელისუფლებო გუნდში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შიდა სახელისუფლებო დაპირისპირების საკითხები გარეთ ნაკლებად ჟონავს, არსებობს სერიოზული ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გარემოცვის წევრები უფრო და უფრო ხშირად ხდებიან თავდასხმების მსხვერპლი. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, რომელიც ამავე დროს, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, სააკაშვილი ცდილობს, თანამდებობებზე ისეთი პირები დანიშნოს, ვისაც პირადად აკონტროლებს და ის უკვე შეშფოთებულია ვანო მერაბიშვილის უსაზღვრო ძალაუფლებით.
დღეს დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ პროცესებს საქართველოში დიდწილად სწორედ ძლევამოსილი ვანო მართავს. ის გვისმენს, გვიგზავნის აგენტებს, გვითვალთვალებს და ა. შ. როგორც ამბობენ, ვერა ქობალიასთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალების კვალიც ნაწილობრივ ქართული წარმოშობისაა და შესაძლოა, პოლიციამდეც მივიდეს ეს კვალი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სააკაშვილის გარშემო დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ბრძოლა იმისათვის, რომ 2013 წელს ვინმე მის მემკვიდრედ დასახელდეს.
რა თქმა უნდა, 2013 წლამდე სამი წელია დარჩენილი, მაგრამ ეს არც თუ ისე დიდი დროა. ამჟამად გამოკვეთილი კანდიდატურები ქართული მედვედევობისათვის თითქოს არ არსებობენ, მაგრამ ექსპერტები ზოგიერთ მათგანს უკვე ასახელებენ. ასე, მაგალითად, გიგი უგულავას თაობაზე ხმები უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ მართლაც ენდობა თუ არა მას სააკაშვილი იმდენად, რომ მემკვიდრედ დატოვოს, რთული დასაჯერებელია. მისთვის, როგორც ჩანს, მართლაც ნაკლებად ამბიციური და ასევე ნაკლებად ქარიზმატული დავით ბაქრაძე და ლევან ვარშალომიძე უფრო საიმედო პარტნიორები უნდა იყვნენ. ამის თაობაზე "რეზონანსთან" ინტერვიუში ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობდა ამ ორიოდე კვირის წინათ.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებაში რეალურად დგება ის დრო, როცა მას სააკაშვილი საკუთარი შესაძლებლობებით ვეღარ აკონტროლებს და უცხო პირებისა და მოკავშირეების დახმარება დასჭირდება მის ჩასაჩოჩებლად, მაგრამ ვინაიდან ვანო უფრო მოქნილიცაა და უფრო - შეუმჩნეველიც, მის მიმართ ღია დაპირისპირების გაჩაღება ნაკლებად სავარაუდოა.
როგორც არ უნდა იყოს, შემოდგომაზე პოლიტიკურ ძალებს რამდენიმე სიმბოლური და მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც აქვთ აღსანიშნავი. ესაა 7 ნოემბერი და 23 ოქტომბერი. სხვა მხრივ პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლებას, ალბათ, საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა ველოდოთ, თუ არ ჩავთვლით სახელისუფლებო კულუარული დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გამოჟონვას ზედა ეშელონებიდან.
ელისო ჩაფიძე