ავტორი:

"ვფიქრობდით, ომი მაინც იყოს, იარაღს ავიღებდი-მეთქი..." - ჩინეთში ჩარჩენილი ქართველი წყვილის იზოლაციის უმძიმესი 60 დღე

"ვფიქრობდით, ომი მაინც იყოს, იარაღს ავიღებდი-მეთქი..." - ჩინეთში ჩარჩენილი ქართველი წყვილის იზოლაციის უმძიმესი 60 დღე

გიორგი ხურციძისა და ლიკუნა ლობჟანიძის წყვილი ორი წელია ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქ შანდონგაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ჩინეთი საშიშ ქვეყანად იქცა და კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ შანსი ქვეყანა დაეტოვებინათ, ახლობლების გამო იქ დარჩენა არჩიეს.

გიორგი და ლიკუნა თვითიზოლაციიდან 60 დღეს ითვლიან. ქალაქის დაკეტილი კომუნებიდან გასვლის უფლება ჯერ კიდევ არ აქვთ და ცაც დაკეტილია, რომ სამშობლოში თუნდაც კარანტინში დაბრუნდნენ.

AMBEBI.GE ლობჟანიძე-ხურციძის წყვილს ესაუბრა:

- 17 იანვარს გავიგეთ, რომ ქვეყანაში რაღაც პრობლემა იყო. ჩინურ არხებს დიდად არ ვუყურებდით, მაგრამ გვითხრეს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. მალე სამყაროც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ჩინური ახალი წელი მოდიოდა, ამ დროს დიდია ქვეყანაში შიდა და გარე მიგრაცია, ხალხი ცდილობს საკუთარ სახლში იყოს. სწორედ ამდენი გადაადგილდების გამო ვფიქრობდი, რომ ვირუსის შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა.

23 იანვარს ვუჰანი დაკეტეს, 11 მილიონი ადამიანი კარანტინში მოხვდა, ქალაქში ჯარი ჩადგა. ახალი წელი რომ თენდებოდა, 25 იანვარს ჰუბეის პროვინციაც დაკეტეს და ორ დღეში 72 მილიონი ადამიანი კარანტინში აღმოჩნდა. არადა, მაშინ კორონავირუსის მხოლოდ 200 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 31 იანვრიდან მთელი ჩინეთი კომუნა-კომუნა (უბან-უბან) იყო დაკეტილი.

პირადად ჩვენ გარეთ გასვლა შეგვეძლო, მაგრამ მხოლოდ კომუნაში, აქ კომუნას ეძახიან, როგორც ჩვენთან უბანი ისეა. თუმცა, ორი კვირის მანძილზე გარეთ ადამიანი არ მინახავს, არავინ გადიოდა, მხოლოდ სასწრაფოს ხმა გვესმოდა, საშინელება იყო.

- ჩინეთში ტელევიზიებით, ალბათ, მხოლოდ ვირუსზე საუბრობდნენ...

- ჩვეულებრივი პროპაგანდა მიდიოდა - როგორ მალე აშენდა ჰოსპიტალი, როგორ უვლიდნენ მედდები ავადმყოფებს. ზოგადად, ჩინელები მითითებებს ძალიან დაემორჩილნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გაეპარათ შემთხვევები, ერთ-ერთი რითაც ჩინეთი მარტივად მოერია ვირუსს, ავტორიტარული რეჟიმია. ციფრული ავტოკრატია აქვთ - ყველას ყველაფერის ნახვა შეუძლია, სად გადაადგილდები, სად რას იხდი.

- "ფეიქნიუსები" თქვენთან ნაკლებად ვრცელდებოდა?

- არა, პირიქით, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ აქაური "ფეიქნიუსები" მერე თქვენთან გავრცელდა. მაგალითად, თვითმფრინავი გადაიფრენს და ქალაქს შეწამლავს, კარებები დაკეტეთო, ჩვენთან 24 იანვარს გავრცელდა რუსულ ენაზე.

- ვირუსის გავრცელების შესახებ უამრავი ვერსიაა, ჩინეთში რას ამბობენ ოფიციალურად?

- მეც ბევრი ვერსია წავიკითხე, მაგრამ აქაურ სამთავრობო არხზე მხოლოდ პანგოლინის ვერსიაა გამოქვეყნებული. ეს გახლავთ გადაშენების პირას მყოფი ცხოველი, რომელსაც ჩინელები ჭამენ. არსებობს ვერსია, რომ პანგოლინმა შეჭამა ღამურა და შემდეგ ადამიანმა მიირთვა პანგოლინი, რომელიც თერმულად არ იყო კარგად დამუშავებული. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ცოტა მოერია ვირუსს, ამბობენ, რომ ეს ხელოვნურად შექმნესო, თუმცა ჯერჯერობით მაინც პანგოლინის ვერსიაზე არიან შეჯერებულები.

- როგორი იყო ცხოვრება 24 საათი სახლში გამოკეტილი, ყურადღებას თუ გაქცევდათ ვინმე?

- დიახ, ზუსტად ისე მოგვექცა აქაური პოლიცია, როგორც ალბათ ჩინეთის მოქალაქეს მოექცეოდნენ, უფრო უკეთესადაც. მირეკავდნენ, რამე ხომ არ მჭირდებოდა ან მაწუხებდა. ნომერი ჩამაწერინეს, რომ რამე პრობლემა თუ მექნებოდა, ყველაფერში დამეხმარებოდნენ. იზოლაციის პირველ ორ დღეში ყველანაირი იმედი დავკარგე და შემდეგ საკუთარი თავი ხელში ავიყვანე. საქართველოში დაბრუნება არ გვინდოდა, რადგან შესაძლებელი იყო გზაში გადაგვდებოდა რამე და თან მაშინ, ჯერ არ იყო თქვენთან კარანტინის სისტემა შემოღებული და შეიძლებოდა, ვირუსი ჩვენ ჩამოგვეტანა.

- თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ ვირუსი თქვენც დაგემართათ?

- ერთხელ სიცხე მომცა, მაგრამ ყველა აქაური ქართველი იგივეს წერდა ჯგუფებში, სიცხე მაქვსო 37.2. დილას რომ ვიღვიძებდით, ვამოწმებდით გვახველებდა თუ არა, ან ყელი ხომ არ გვტკიოდა. ახლა მივხვდი, რომ ამ თემაზე ასე დეტალურად არ გვილაპარაკია ერთმანეთშიც კი მე და მეუღლეს, თითქოს ახლა თავიდან გავიარეთ ყველაფერი...

- ყველაზე მეტად რა დაგეხმარათ თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდის გადასალახად?

- ალკოჰოლი... რაღაც ეტაპის შემდეგ ხვდები, რომ ამხელა სტრესი რაღაცით უნდა მოიხსნა. 20 დღე ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ გაგვიჭირდა. ყოველდღე არ უნდა დალიო, მაგრამ პერიოდულად ძალიან გვშველოდა. ჯერჯერობით არ ვიცით გადავრჩით თუ არა, ზოგიერთ ადამიანში ისე ასიმპტომატურად მიმდინარეობს ეს ვირუსი. შეიძლება მჭირდა კიდეც და მოვიხადე.

იმიტომ არის ეს ვირუსი საშინელი, რომ თუ ჩემში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შეიძლება სხვას გადავდო და მას მძიმე სიმპტომებით გამოუვლინდეს. ამიტომ არის თვითიზოლაცია აუცილებელი. ჩინეთი თვითიზოლაციამ გადაარჩინა. როდესაც ჩვენი ქალაქი ჩაკეტეს, ათამდე შემთხვევა იყო და გახდა 49 და ამის მერე აღარ გაზრდილა.

- როგორ შეაფასებ ქართული ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ვირუსთან საბრძოლველად?

- ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს, მაგრამ არა - იდეალურად. გთხოვთ, მედიას ამაზე ყურადღებას მაინც ნუ გაამახვილებთ, რადგან ეს ხალხში ყალბ მოლოდინს იწვევს, მაინც კარგად ართმევენ თავსო და ხან ლისზე იკრიბებიან და ხან ორმოცზე. ჟურნალისტებს კარგი ნიუსის გავრცელება თუ გინდათ, დაწერეთ, რომ კორონავირუსი თვითიზოლაციით დამარცხდება. ყველაფერი მაინც ხალხზეა დამოკიდებული. ჯოკრის თამაში ოთხ კაცში თვითიზოლაცია არ არის.

ლიკუნა ლობჟანიძე: პირად შეურაცხყოფად ვიღებ, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ვირუსი მათ არ დაემართებათ და სახლში დარჩენა სისულელეა. თითქოს ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიმართა ისეთ გზას, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა მოიხადონ და ასე გამოიმუშავონ იმუნიტეტი. 60 დღეა აქ ვზივართ და ეს იმის გამოც არის, რომ გზაში არაფერი აგვეკიდა და თქვენთვის არ ჩამოგვეტანა. პირველ დღეებში ინფორმაციაც არ იყო, რას ებრძოდა ჩინეთი და მსოფლიო აგრძელებდა ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას. წარმოდგენა არ გაქვთ როგორი სტრესის გავლა უწევთ ექიმებს. ერთ ფორმას რომ იცვამენ და შედიან პაციენტებთან, ცხრა საათის მანძილზე ვერ გამოდიან მორიგეობიდან და წყალსაც ვერ სვამენ. ყველას ვთხოვ, რომ დარჩნენ სახლებში.

- ამბობენ, რომ ჩინეთში კარანტინისა და თვითიზოლაციის შემდეგ განქორწინებულთა რიცხვი გაიზარდა...

გიორგი: ალბათ, მართალია, რადგან ცოტა უცნაური ოჯახები აქვთ, ერთად დიდ დროს არ ატარებენ, არ მეგობრობენ ცოლთან და ახლო ურთიერთობა არ აქვთ. წარმომიდგენია, რა იყო კაცებისთვის კარანტინი, აქაც საუბრობდნენ მაგ თემაზე.

- გიფიქრია, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, პირველი რას გააკეთებ?

- მთაში წავიდოდი და ნიღბის გარეშე ვისუნთქებდი. კიდევ, საქართველოში მინდა დაბრუნება და ჩემი ოჯახის ნახვა. აქაური კორონა დავამარცხე და ახლა თქვენზე ვარ გადმოსული. ზუსტად ვიცი, რომ მძიმე ფაზაში შედიხართ და იმედია მარტივად გადალახავთ. თავიდან იმასაც ვფიქრობდით, რომ ომი მაინც იყოს-მეთქი, იარაღს ავიღებდი და ვიბრძოლებდი, ტყვიას მოვერიდებოდი... არა, ეს უხილავია, უსუსურად ხარ სახლში გამოკეტილი და ერიდები უხილავ ნაწილაკებს, რომლებსაც ვერ ხედავ და ჰაერში დაფრინავენ....

"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

"დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება