ავტორი:

"ჩვენს თავზე ძალიან ცოტას ვფიქრობთ, პირველ რიგში პაციენტია!" - რა რისკის ქვეშ მუშაობენ ქართველი სასწრაფოს ექიმები კორონავირუსის პანდემიისას

"ჩვენს თავზე ძალიან ცოტას ვფიქრობთ, პირველ რიგში პაციენტია!" - რა რისკის ქვეშ მუშაობენ ქართველი სასწრაფოს ექიმები კორონავირუსის პანდემიისას

მესამე თვეა მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას ებრძვის და ბრძოლის წინა ხაზზე ექიმები დგანან. კორონავირუსით გამოწვეულმა ფორსმაჟორულმა სიტუაციამ ექიმების ისედაც დატვირთული გრაფიკი კიდევ უფრო დაამძიმა. ბევრს ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა და ხშირად ისე გადის დღეები, ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ.

AMBEBI.GE-ს რესპოდენტები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმები არიან, რომლებიც გვიამბობენ, როგორ შეცვალა ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმების ყოველდღიურობა კორონავირუსმა და რა სირთულეებს აწყდებიან მუშაობის პროცესში.

მაია ქურდაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეცხრე ქვესადგურის ექიმად 15 წელია მუშაობს. ამბობს, რომ როგორც ექიმს, ბევრი რთული პერიოდი გამოუვლია - ომიდან დაწყებული, ბუნებრივი კატაკლიზმებით დამთავრებული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ მაინც სხვანაირად რთული დღის წესრიგი შექმნა:

"ძალიან ბევრი რამე გამოგვივლია ექიმებს - აგვისტოს ომში დაჭრილებს ვემსაურებოდით, იყო დარბევები, მიწისძვრები კატასტროფები, უმძიმესი ავარიები და ა.შ. მოკლედ ფრონტის წინა ხაზზე ვართ მუდმივად. ამ ვირუსმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი, თუმცა, ჩვენ ჩვეული სიმშვიდით და მონდომებით ვაგრძელებთ მუშაობას. ასე თავდაუზოგავად იმისთვის ვშრომობთ, რომ გავიდეთ შედეგზე - დავამარცხოთ COVID-19.

მაგრამ მხოლოდ მთავრობისა და ექიმების თავგამოდება ვერ გაგვიყვანს ფონს. მთავარია, მოქალაქეობრივი შეგნება და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება რაც მუდმივად გვესმის ექსპერტებისგან

ზოგადად, 112-ში ზარები სხვადასხვა ჩივილებით შედის და შემდეგ ხდება მათი გადამისამართება პრივილეგირებული ზარების მიხედვით. მსგავს ზარებშია კატასტროფები, ავარიები, უბედური შემთხვევები, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. როგორც წესი, ნაკლებად პრიორიტეტულია ვირუსული ინფექციები, ტემპერატურული ჩივილები, მაგრამ ახლა თითქმის გათანაბრდა და ერთ დონეზე დადგა კატასტროფები და რესპირატორული ჩივილები.

ჩვენი მუშაობის პროცესი ახლა ასეთია: რეკავს პაციენტი და თუ ასახელებს რესპირატორულ ჩივილებს, ოპერატორი აუცილებლად ეკითხება ეპიდანამნეზის შესახებ - ბოლო 20 დღის განმავლობაში უმოგზაურია თუ არა უცხოეთში, ჰქონდა თუ არა კონტაქტი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებთან.

ძალიან ხშირია ისეთი გამოძახებები, როდესაც ადამიანები მალავენ კლინიკურ ნიშნებს. ამბობენ, რომ აწუხებთ გული, როდესაც აქვთ სიცხე. სასწრაფო მაინც ყველა გამოძახებაზე მიდის და რაში სჭირდებათ ეს არ ვიცი. ამას შეიძლება იმიტომ აკეთებენ, რომ თვითშეგნება არის დაბალი. აუცილებელია იმის გათავისება, რომ ახლა რესპირატორული სიმპტომების დამალვა ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს, როგორც თითოეულ პაციენტს და მის გარემოცვას, ასევე ჩვენ, ექიმებს, რადგან ყველა გამოძახებაზე ეკიპირებული არ გავდივართ - ეპიდანამნეზის გაცნობის შემდეგ ვწყვეტთ, ეკიპირება გამოვიყენოთ თუ არა.

მე პირადად მქონია ასეთი გამოცდილება - გავედით გამოძახებაზე გულსისხლძარღვთა პრობლემების ჩივილით და ადგილზე მისულს დაგვხვდა სხვა სურათი: ორი წლის ბავშვიდან დაწყებული, დიდი ბებიის ჩათვლით ყველას ჰქონდა ვირუსული ჩივილები. ეს რომ გვცოდნოდა, რომ დაეფიქსირებინათ დარეკვისას, ცხადია, ეკიპირებით მივიდოდით. ასეთი რისკის ქვეშ გვიწევს მუშაობა.

ამიტომ ახლა ყველას რეანომობილში გვიდევს სპეციალური აღჭურვილობა ერთჯერადი ხალათები, ფარები, ნიღბები, ხელთათმანები და ა.შ. გამოძახებაზე გასვლის შემდეგ, გზიდან ისევ ვურეკავთ პაციენტს და ხელახლა ვაწარმოებთ გამოკითხვას. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საფუძველს, ამ საქმეში ინტუიციაც ჩავრთოთ და როდესაც ინტუიცია გვკარნახობს, რომ საჭიროა ეკიპირება, ყოფილა შემთხვევები, გზაში, რეანომობილში ჩაგვიცვამს.

- რატომ მალავენ ადამიანები ვირუსულ სიმპტომებს და რატომ სჭირდებათ ექიმებს ამდენი მოწოდება უმარტივესი მესიჯებით?

- ასეთი რამაც მსმენია პაციენტისგან, რომ ვუთხარი სპეციალური აღჭურვილობით უნდა მოვიდეთ-მეთქი, გინდათ ახლა მეზობლები გადამირიოთო? ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ მალავენ ტემპერატურას, მალავენ ხველას. მათ ეშინიათ საზოგადოების დამოკიდებულების. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება!

ჩვენ ვცდილობთ საკუთარ თავზეც ვიზრუნოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენს თავზე ძალიან ცოტას ვფიქრობთ. დარწმუნებული ვარ ყველა ექიმი ასეა. პირველ რიგში პაციენტზე ვართ ორიენტირებული და ძალიან ვთხოვ ყველას, გაითავისონ ეს და ნუ დამალავენ სიმპტომებს. ჩვენი მიზანი მხოლოდ მათი დახმარებაა. ჩვენ მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცი არ გვაქვს დადებული, ჩვენ სინდისის ფიციც გვაქვს დადებული საზოგადოების წინაშე.

გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაწევაც გვიწევს პაციენტებისთვის, ბოლო დროს აგიტატორის ფუნქციაც შევითავსეთ და ვცდილობთ, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვაგრძნობინოთ და ავუხსნათ, თუ რატომ არის აუცილებელი სიმპტომები ღიად დაგვისახელონ და არაფერი დამალონ. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ყველას, ძალიან ელემენტარული მოწოდებებია: ჰიგიენის წესების დაცვა, სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია. ამით შეიძლება გადავრჩეთ და გადავარჩინოთ მსოფლიო. თუ დავიცავთ ყველა ამ რეკომენდაციას, აუცილებლად გავიმარჯვებთ COVID-19-ზე" - გვეუბნება მაია ქურდაძე.

მისი კოლეგა, კიდევ ერთი ექიმი ია ჟიჟიაშვილი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ სასწრაფოს გამოძახების შემთხვევებმა არათუ მოიმატა, პირიქით იკლო კიდევაც გასულ ზამთართან შედარებით.

- ზამთარში სანამ ვირუსი გავრცელდებოდა, უფრო ხშირად გვიძახებდნენ ძალიან მარტივ პრობლემაზეც კი. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ ეშინიათ, ვირუსი არ მივუტანოთ. მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ისინი მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ამჟღავნებენ, ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და ისეთ უბრალო რამეებზე აღარ გვაწუხებენ, როგორც - ადრე. ასე რომ, გამოძახებებს არ მოუმატია.

რაც შეეხება ემოციური ფონს, ის ნამდვილად მაღალია ჩვენს საზოგადოებაში და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომ ჩვენ შევითავსეთ ფსიქოლოგიური გამამხნევებლების ფუნქციაც. ახლა უფრო მეტ დროს ვუთმობთ ყველაფრის ახსნა-განმარტებას. ეს ემოციური ფონი განსაკუთრებით მწვავეა იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები და ეპიდანამნეზი აქვთ.

მქონდა ასეთი შემთხვევა: ერთ ჩემს პაციენტს საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა, ჩამოსული იყო ორი კვირით ადრე იტალიიდან და ბოლო ორი დღე აღენიშნებოდა ცხელება, მაღალი ტემპერატურა. დამატებით გავესაუბრე პაციენტს და გადაწყდა, რომ გავსულიყავით ეკიპირებით, რაც სრულ დაცვას უზრუნველყოფს. გადავიყვანეთ ეს პაციენტი საავადმყოფოში და სანამ ტესტის პასუხები მოვიდოდა, სულმოუთქმელად ველოდით. შემდეგ მოვიკითხე, რა თქმა უნდა მისი ნებართვით და აღმოჩნდა, რომ უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ძალიან დიდი სიხარული იყო!

ზოგადად, თუ არ არის ეპიდანამნეზი საეჭვო, რესპირატორული ჩივილების შემთხვევაში პაციენტებმა პირველ რიგში უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს. ასე ხდება მთელ მსოფლიოში, სატელეფონო, ონლაინ-კომუნიკაცია შედგება პირველ ეტაპზე და თუ ექიმი ჩათვლის, რომ საჭიროა ფიზიკური კონტაქტი და გამოკვლევა, ინიშნება ვიზიტი. თუ ხდება ისეთი რამ, რომ ვერ დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს და შეექმნათ პრობლემა, ამ დროს გვირეკავენ ჩვენ და გავდივართ" - უყვება AMBEBI.GE-ს ია ჟიჟიაშვილი.

მისი მოწოდება და თხოვნაც იგივეა, რაც ყველა ექიმის მთელს მსოფლიოში.

"პირველ რიგში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ეს აუცილებელი პირობაა ნებისმიერი პრობლემის გამკლავებისას. მკაცრად დავიცვათ ყველა რეკომენდაცია: ჰიგიენა, თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცირება! მოვთხოვოთ საკუთარ თავს და სხვებსაც, ვინც ჯერ კიდევ ზედაპირულად ეკიდება სიტუაციას, არ მოგვერიდოს და მოვთხოვოთ პირდაპირ, დაიცვან რეკომენდაციები და შესაბამისი წესები" - ამბობს ექიმი.

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა - ქალი ქმრისგან დაინფიცირდა

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე