ავტორი:

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ქალი, რომელიც პირბადეებს კერავს და უფასოდ არიგებს - "და სიმსივნით გარდამეცვალა, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, სიმსივნით დაავადებულებს გავუგზავნე"

ლია კაპანაძე მკერავია, საკუთარი სამკერვალო აქვს და ჰყავს მოსწავლეები, რომელთაც კერვას ასწავლის.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი დაინფიცირდა და აფთიაქებში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, ჩვენმა რესპონდენტმა გადაწყვიტა, პირბადეები საკუთარი ხელით შეეკერა და გაჭირვებული ადამიანებისთვის უსასყიდლოდ დაერიგებინა.

ქველმოქმედი ქალბატონი AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე იწყებს:

"საქართველოში კორონა რომ დაფიქსირდა, ხალხი ძალიან შეშინდა. შეშინებულ თვალებს რომ ვუყურებდი, აზრი გამიჩნდა, პატარა ქველმოქმედება მეც გამეკეთებინა - ჩემი სახსრებით პირბადეები შემეკერა. სიმსივნით და გარდამეცვალა ახლახანს, რითაც გულმოკლული ვარ და პირველი რაც გავაკეთე, ჩემი ნახელავის პირველი პარტია სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს გადავეცი.

მეკითხებიან, არ ყიდითო? ამაში ფულს როგორ ავიღებ?! როცა ამდენ ადამიანს უჭირს, ამ დროს ფულის გაკეთება ჩემთვის წარმოუდგენელია! მინდოდა, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ადამიანების დახმარების საქმეში წვლილი შემეტანა.

დაახლოებით, 1000 ცალამდე მაქვს შეკერილი. ჩემი პირბადეები მოხუცთა თავშესაფარს და იმუნიზაციის ცენტრსაც გადავეცი, ასე ცოტ-ცოტაობით ყველა გაჭირვებულ ადამიანს შევახვედრე" - გვიყვება ლია კაპანაძე.

მკერავი პირბადეებისთვის მასალად აფთიაქში შეძენილ სტერილურ მარლას იყენებს, რამდენიმე ფენას აფენს და ისე კერავს.

"მერე აფთიაქში მარლის დეფიციტიც გაჩნდა და მიტკალი შევაშველე, რადგანაც ადრე მიტკალს სამედიცინო თვალსაზრისითაც იყენებდნენ. თან, ასეთი პირბადის მრავალჯერადი გამოყენება შეიძლება. ირეცხება, იხარშება და გაუთოვებით კი ყველანაირი ბაქტერია და მიკრობი ნადგურდება...

მოკლედ, ერთი თვის განმავლობაში, აქამდე ასე მოვედი, ახლა ცოტა შევფერხდი, მაღაზიები დაიკეტა, არაფერი მუშაობს, ძაფს და მიტკალს ვეღარ ვყიდულობ. თუმცა, ცოტ-ცოტა კერვას მაინც ვახერხებ. მეზობელმა ძაფი შემომაშველა... ასე რომ, ვაგრძელებ ქველმოქმედებას.

- შეუძლიათ ადამიანებს თქვენი მეთოდით პირბადეების გაკეთება?

- კი, ყველას შეუძლია, არ არის რთული. მთავარია ჰქონდეთ მასალა და თუ კარგად მოიძიებენ სახლში, რაღაცას იპოვიან. ბევრი ადამიანი მიკავშირდება „ფეისბუქზე“, მწერს, ყველას ვეუბნები, დღის ბოლოს რომ მოვრჩები პირბადეების კერვას, ლაივში ჩამერთეთ და ყველას გასწავლით-მეთქი. მოსწავლეებს კაბის კერვას ვასწავლი და პირბადის კერვა რატომ არ უნდა ვასწავლო?! ყველას ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ კორონავირუსის მალე განადგურება!

"დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით" - როგორია თვითიზოლაცია-კარანტინის წესები

არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს... ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს - თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება - მარინა ეზუგბაია დეტალებზე