ავტორი:

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

რამდენიმე დღის წინ რუსული ტელეკომპანია TNT-ს საღამოს ეთერში მძაფრსიუჟეტიანი სერიალი КОЛЛ-ЦЕНТР დაიწყო, რომელსაც რუს მაყურებელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ქართველებისთვის კი იმით აღმოჩნდა საინტერესო, რომ ერთ-ერთ პერსონაჟს - დავითს, რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია ასახიერებს.

"ბრავო ლევან, ვამაყობ შენით და ვერც გამოვთქვამ სიტყვებით, რამდენად დიდი სიხარულია ეს წარმატება" - ასე მიულოცა მეუღლემ, ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ხურციას წარმატება.

AMBEBI.GE მსახიობს დაუკავშირდა და უფრო დეტალურად ჰკითხა სერიალის შესახებ:

- ლევან, გვიამბეთ რუსული სერიალის და თქვენი გმირის შესახებ...

- ეს სერიალი წელიწადნახევრის წინ გადაიღეს. ვთამაშობ ქართველს, რომელსაც გასტაცებენ შვილს, შემდეგ იზოლაციაში მოაქცევენ ადამიანების ჯგუფს. ჩემი გმირი არის დავითი, რომელსაც აქვს სამშენებლო კომპანია და ჰგონია, რომ შვილი ფინანსების გამო გასტაცეს, თუმცა სულ სხვანაირად ვითარდება სიუჟეტი...

ყველა გმირს საკუთარი ისტორია აქვს. ამ სერიალით პარალელის გავლება შეიძლება სპექტაკლზე "12 განრისხებული მამაკაცი", რადგან ერთ სივრცეში მოქცეული ადამიანები ერთად აანალიზებენ განვლილ ცხოვრებას და შეცდომებს. სად და რა დროს ვუშვებთ შეცდომას ადამიანები, უმეტესად ვერ ვაანალიზებთ და ამაზე შემდეგ, სხვას უწევს პასუხისგება. უფრო ფსიქოლოგიური კინოსურათია...

- რამდენსერიანია სერიალი?

- ეს არის ფილმი რვა ეპიზოდად. პირველი სეზონი 8 სერიისგან შედგება. სიუჟეტის მიხედვით, 8-საათიან ლიმიტზე არის შეერთებული ასაფეთქებელი ბომბი და თითო საათში ვითარდება სხვადასხვა სიუჟეტი. მუსირებს აზრი, რომ ტერორისტებს ვყავართ ალყაში, მაგრამ ვნახოთ ვინ არიან რეალურად ისინი...

- როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება რუს რეჟისორთან?

- ნინო დოლიძის მეშვეობით მოხდა ჩვენი დაკავშირება. დიდი კასტინგი ჩატარდა, რომელსაც ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ასე მოვხვდი ამ სერიალში. მათ უნდოდათ ქართველი მსახიობი, ქართული სულისკვეთებით. რეჟისორებს, ალექსანდრე ჩუპოვს და ნატალია მერკულოვას ძალიან უყვართ ჩვენი ქვეყანა, სერიალის სცენარიც მათ დაწერეს და სურდათ საქართველოს მიმართ სიყვარული საქმითაც გამოეხატათ.

რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი და დამთანხმდნენ ამაზე. განსხვავებული სიუჟეტი და ჩვენი ქვეყნის მიმართ რეჟისორების დადებითი დამოკიდებულება იყო, ჩემთვის პროექტზე მუშაობისას მთავარი მამოძრავებელი.

- კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის ყველა პროექტი გაჩერდა, თქვენს საქმიანობაზე როგორ აისახა ეს?

- აზერბაიჯანში მქონდა პროექტი, უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ ჩაიშალა. ამას წინ უძღოდა ტერენს მალიკის ფილმი, სადაც მე და ანდრო სარიშვილი ვთამაშობდით. ეკა ანდრონიკაშვილმა და ეკა იოსელიანმა დაგვაკავშირა მალიკთან, ეს იყო შემოქმედებითი საჩუქარი ჩვენთვის. უდიდესი გამოცდილება იყო მასთან მუშაობა. ყველაფერი ჩაიშალა და გაჩერდა.

სხვა შემოთავაზებები საზღვარგარეთიდან ამ ეტაპზე არ იყო, საქართველოში გაჩერებულები ვართ. გული მწყდება ამის გამო, თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხალ ლეგენდასთან, რობიკო სტურუასთან მუშაობის და სწავლის საშუალება მაქვს ყოველდღიურად.

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?

46 წლის პენელოპე კრუსმა ფანები აღაფრთოვანა - ახალი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელიც ზაფხულში მოდად დამკვიდრდება (ფოტოები)

"მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ..." - რას უყვება ირაკლი მაქაცარია უკრაინულ "ვოგს" საკუთარ სტილზე, მისაბაძ პერსონასა და ბავშვობის ოცნებებზე?