ავტორი:

"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი

"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრმა ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლა. დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა იტალიასა და ჩინეთს გადაუსწრო, ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი ის მეექვსე ადგილზეა იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის, ირანისა და საფრანგეთის შემდეგ.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 000-ს მიაღწია. ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვიც და ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 632-ია.

რა ვითარებაა ამერიკაში და როგორია იქ მოსახლეობის განწყობა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ნიუ-იორკში მცხოვრები 28 წლის ქართველი მსახიობი მარი ფეიქრიშვილი ესაუბრა. მას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, მის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვრცელი სტატია შემოგთავაზეთ. მარი ფეიქრიშვილმა სამსახიობო კარიერა 2015 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე ბევრ ამერიკულ ფილმსა და რეკლმაში იხილავთ.

- დღევანდელი მონაცემებით ამერიკა პირველ ადგილზეა ვირუსის გავრცელების მხრივ, ეპიცენტრი კი ნიუ-იორკია. აქ კორონავირუსმა ბევრი რამე შეცვალა. "თაიმს სქვერი", რომელსაც ყოველდღიურად 400 ათასი ტურისტი სტუმრობდა, დღეს თითქმის ცარიელია.

ნიუ-იორკი ყოველთვის ეპიცენტრი იყო მოვლენების, თუმცა ამ მხრივ ეს დრამატულია, მაგრამ მჯერა, რომ აუცილებლად დავამარცხებთ კორონავირუსს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვითარების შესაბამისად. მიუხედავად საწოლების დეფიციტისა საავადმყოფოებში, უკვე აშენდა რამდენიმე საავადმყოფო, მანჰეტენთან დააყენეს უზარმაზარი "გემი საავადმყოფო", ასევე აპირებენ რამდენიმე უნივერსიტეტის და დაწესებულების საავადმყოფოდ გადაკეთებას.

მიუხედავად ამისა, იმდენად დიდია გავრცელება, მაინც არის გამოწვევები პაციენტების მიღების მხრივ. ტესტირების უახლესი კრეატიული მეთოდები დანერგეს, მაგალითად, მანქანიდან გადმოუსვლელად შეგიძლია ვირუსზე ტესტის აღება, ხალხი ძალიან შეგნებული და გაერთიანებულია, ქუჩებში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გასვლა არ შეიძლება, სურსათის რიგები მოწესრიგებულია და დისტანციაა. ეკონომიკის მხრივ ეს უზარმაზარი დარტყმაა, ნიუ-იორკი და ამერიკა ამოძრავებს დღეს მსოფლიო ეკონომიკას. სახელმწიფო ამ მხრივაც გვერდში გვიდგას, მათ 2 ტრილიონი დოლარი გამოყვეს მაცხოვრებლებისთვის.

ვფიქრობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დროა გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. ის რომ მატერიურ ღირებულებებზე მეტად სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ. იმდენად ვართ დაკავებულები ყოველდღიური პრობლემებით, წუწუნით, სიბრაზით, დაპირისპირებით და აგრესიით, რომ მთავარი გვავიწყდება, გვავიწყდება ის, რომ ვიყოთ მადლიერები იმით, რაც გვაქვს და დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენს გარშემო არიან.

- მარიამ, როგორც ვიცი, ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში გიღებენ... ალბათ, ახლა ეს პროცესიც შეწყდა...

- თავიდან, სანამ სიტუაცია გართულდებოდა, გადაღებები მიმდინარეობდა. რადგან ეს ყველაფერი ხალხმრავალ ადგილზე ხდებოდა, დისტანცია შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც ვცდილობდით წესები დაგვეცვა. ყველაფერი ანტიბაქტერიული ხსნარებით მუშავდებოდა.

სამწუხაროდ, ახლა ყველა გადაღება დროებით შეჩერებულია, თუმცა იმედი მაქვს მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგება. მაქსიმალურად ვცდილობ, დავისვენო და დრო დავუთმო ჩემს ოჯახის წევრებს, რადგან ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე მუდამ დროის უკმარისობის განცდა მქონდა და ვერ ვუთმობდი საკმარის დროს მათ.

ვცდილობ თვითიზოლაცია პროდუქტიულად გამოვიყენო, მყავს უსაყვარლესი ძმიშვილი ლუკა, რომელიც 2 წლისაა და მასთან ერთად ყოფნა სამყაროს მირჩევია. უმაგრესი ბავშვია. ამის გარდა ყოველდღე ვკითხულობ წიგნებს, ვურეკავ ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ვუყურებ ფილმებს, ვაწყობ ფაზლებს, ვვარჯიშობ სახლის პირობებში, ვამზადებ საჭმელებს, ჩემდა გასაკვირად ამ ბოლო დროს გამიტაცა კულინარიამ...

ადვილი არ არის მთელი დღე სახლში ყოფნა, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ჩემი სახლში ყოფნით ვუფრთხილდები საკუთარი თავის, ოჯახის წევრების და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას..

- მოსახლეობაში როგორი განწყობაა?

- მოსახლეობის უმეტესობა პანიკაშია, რამდენიმე დღის წინ მომიწია გარეთ გასვლა და რომ დავინახე ადამიანები ნიღბებით და ხელთათმანებით დადიოდნენ, ერთმანეთთან დისტანციის გამო ქუჩიდან ქუჩაზე გადადიოდნენ, ვერ ვიჯერებდი თუ ეს ყველაფერი ნორმა იყო და რეალურად ხდებოდა, თავი ფილმში მეგონა...

"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე

"შესაძლოა, თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - ამირან გამყრელიძე

"ინფექციის გავრცელების ინტენსივობა, ალბათ ნაკლები გვექნება ზაფხულში და უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის"