ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აპრილის ნომერი #4 (112), რომელშიც წაიკითხავთ:

ესპანური გრიპი - მსოფლიო ომზე მეტად მრისხანე ვირუსი

1918 წელს გრიპის ახალმა ვირუსმა უმოკლეს დროში გადაუარა მსოფლიოს და I მსოფლიო ომისგან ისედაც შეთხელებულ და დაკნინებულ მოსახლეობას მუსრი გაავლო. რამდენი ადამიანი შეიწირა ახალმა სენმა, ამის დაზუსტებით დადგენა შეუძლებელი გახდა, თუმცა ნამდვილად უფრო მეტი, ვიდრე ომმა. “ისპანკა” ახალი დროის ყველაზე დიდი პანდემია აღმოჩნდა.

ესპანური გრიპით დაავადდა 550 მილიონი ადამიანი - დედამიწის 1,8-1,9-მილიარდიანი მოსახლეობის 27%. ვარაუდობენ, რომ დაიღუპა 17-დან 50 მილიონამდე, ზოგიერთი შეფასებით კი 100 მილიონი ადამიანი. ეს უბედურება 1918 წლის იანვრიდან 1920 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. დღევანდელი პანდემია კორონავირუსის სახით, ცხადია, ასე საშიში არ არის, დღეს შეუდარებლად მაღალია ექიმების გამოცდილება და კვალიფიკაცია, სხვა დონისაა სამედიცინო ტექნოლოგია და პრეპარატები.

1918 წელს დანამდვილებით ისიც კი არ იცოდნენ, კონკრეტულად რა ხოცავდა ხალხს. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ დაავადება საშიში გრიპის ნიშნებს შეიცავდა. ამასთან, გრძელდებოდა I მსოფლიო ომი, რომელიც მხოლოდ 1918 წლის ნოემბერში დასრულდა. მაშინდელი მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო წერტილის დასმა არნახული გლობალური კონფლიქტისთვის.

ალბათ ამ მიზეზითაც იმდროინდელ გრიპს ასევე მოიხსენიებენ, როგორც “დავიწყებულ პანდემიას”. დღევანდელი გადასახედიდან მისი მასშტაბები შემაძრწუნებელია, თუმცა ის მალე მიივიწყეს. ავადმყოფობას ადამიანთა გონებაში ომის საშინელებების გახსენება ჩრდილავდა, ნახევარი მსოფლიო სამხედრო ხარჯების გამო ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული... გრიპის ერთგვარ მივიწყებას ხელს ისიც უწყობდა, რომ პანდემიას ელვისებური ხასიათი ჰქონდა.

ნაპოლეონი და ამერიკა

1799 წელს, როდესაც ნაპოლეონი საფრანგეთის პირველი კონსული და ქვეყნის, ფაქტობრივად, ერთპიროვნული მმართველი გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე ორ ათეულ წელიწადზე მეტს ითვლიდა. ფრანგები ამერიკელებს ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის ომის დროს ეხმარებოდნენ და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს მათ გამარჯვებაში ინგლისელებზე. 1783 წელს ბრიტანელებსა და ამერიკელებს შორის ზავი სწორედ პარიზში დაიდო... თუმცა, ფრანგულ-ამერიკული მეგობრობა საფრანგეთის რევოლუციამ საფრთხეში ჩააგდო. ევროპული ქვეყნები საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ირაზმებოდნენ, აშშ-ს კი არ სურდა გაეფუჭებინა ურთიერთობა არც მათთან და არც თავის მთავარ მოკავშირე საფრანგეთთან.

პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა საფრანგეთის რევოლუციური მთავრობა აღიარა, მაგრამ 1792 წელს დაწყებულ ომში არ ჩართულა. ამან ფრანგები გაანაწყენა, ვინაიდან 1778 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთსა და აშშ-ს შორის არსებობდა სამხედრო ალიანსი, რომლის ფარგლებში საფრანგეთმა დახმარება გაუწია ბრიტანეთის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკელებს. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ ამერიკელთა ნეიტრალიტეტი ფრანგულმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ მტრულად მიიჩნია. უარყოფითად მიიღო საფრანგეთმა 1794 წელს აშშ-ბრიტანეთის სავაჭრო-სანავიგაციო შეთანხმება. ამერიკელებმა ასევე უარი განაცხადეს, გადაეხადათ ვალი საფრანგეთისთვის და ეს იმით ახსნეს, რომ ისინი საფრანგეთის მონარქის მოვალეები იყვნენ და საფრანგეთის რესპუბლიკისადმი ვალდებულებები არ ჰქონდათ. საქმე სამხედრო დაპირისპირებამდეც კი მივიდა. 1798 წლის 7 ივლისს აშშ-ის კონგრესმა საფრანგეთთან ყველა ხელშეკრულება ბათილად ცნო და ამით ორ ქვეყანას შორის დაიწყო ე.წ. კვაზიომი, რომელიც 1798-1800 წლებში მიმდინარეობდა...

გეგუთი - სამეფო სასახლე “ოქროს ხანიდან”

საქართველოში საერო დანიშნულების ძეგლები, საკულტო ნაგებობებთან შედარებით, ცუდად არის შემონახული. ეს განსაკუთრებით ეხება სასახლეებს, რომელთა უმეტესი ნაწილი საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა. ამიტომ, მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენს სახელოვან მეფეთა თუ დიდგვაროვანთა ყოფა-ცხოვრების შესახებ მწირ ინფორმაციას ვფლობთ და ნივთიერი საბუთებიც, რომლებიც მათზე გვიამბობენ, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია.

ქუთაისიდან 7 კილომეტრში, სოფელ გეგუთში, წამომართულია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტრუქტურის ნაშთები, რომლებიც ერთი შეხედვითვე სასახლის შთაბეჭდილებას ტოვებენ. გეგუთის სასახლე მიჩნეულია გაერთიანებული საქართველოს მეფეთა ერთ-ერთ მთავარ რეზიდენციად. ის დაკავშირებულია ისეთ ცნობილ მეფეებთან, როგორებიც იყვნენ დავით აღმაშენებელი, გიორგი III და თამარ მეფე. სავარაუდოდ, გეგუთის სასახლე-კომპლექსმა დღევანდელი სახე XII საუკუნეში, გიორგი III-ის მეფობის დროს მიიღო. ძირითადი ნაგებობა კი ე.წ. ქართული აგურით – რიყის ქვით არის აშენებული. სასახლის მთავარი ნაწილი უზარმაზარი დარბაზია. იგი გადახურული ყოფილა 14 მეტრი დიამეტრის მქონე გუმბათით, რომლისგანაც ამჟამად დაახლოებით ნახევარია შემორჩენილი. დასავლეთ ნაწილში პომპეზური კიბის ნაშთებია.

გეგუთის სასახლის კომპლექსთან დამონტაჟდა მინის კონსტრუქცია, რომელზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებაც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით აღიქვას, დაინახოს დამცავი კოშკების პირვანდელი სიმაღლე, გადახურვის თავდაპირველი სტრუქტურა და სხვა დეტალები. ამ ტიპის ტექნოლოგია საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე პირველად არის გამოყენებული.

შავი ჭირი - ეპიდემიები მსოფლიოსა და საქართველოში

საუკუნეების განმავლობაში ყველაზე საშინელი დაავადების, შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია 1894 წელს დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრ იერსინმა და იაპონელმა ექიმმა და ბაქტერიოლოგმა კიტასატო სიბასაბურომ. ეს სენი ცნობილი იყო ძველი შუმერულ-ბაბილონური სამყაროსთვის და ბიბლიაშიც მრავლად არის დაცული ცნობები ჟამიანობის შესახებ. ძვ.წ. 430 წელს ათენში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ მოსახლეობის მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია. შავი ჭირის პირველი ყველაზე დიდი პანდემია აღინიშნა ბიზანტიაში VI საუკუნის 40-50-იან წლებში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს. დასაწყისში ჟამი 541 წელს გამოჩნდა ეთიოპიასა და ეგვიპტეში, საიდანაც ის მოედო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს, შემდეგ კი ევროპისა და აზიის სიღრმეშიც შეაღწია. ბიზანტიელი მემატიანის, პროკოპი კესარიელის თანახმად, ავადმყოფობა თავს დაატყდა დედამიწის არა ერთ რომელიმე ნაწილს ან საზოგადოების ერთ ფენას, არამედ ის შეეხო ყველას... განსაკუთრებით დიდი მასშტაბი შავი ჭირის პანდემიამ დასავლეთ ევროპაში მიიღო XIV-XVI საუკუნეებში, როდესაც 1347-1534 წლებში მისი მასობრივი გავრცელების 17 შემთხვევა აღირიცხა. ამის შემდეგაც დააბადება დროდადრო კვლავ ახსენებდა თავს ბიზანტიასა თუ ევროპის სახელმწიფოებს. XV საუკუნის დასაწყისში ჟამი მძვინვარებდა კონსტანტინოპოლსა და იმპერიის სხვადასხვა ქალაქში...

ძვ.წ. 430 წელს ათენში შავი ჭირით გამოწვეულ ცვლილებებზე ძველი ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდე წერდა: “ჭირმა ათენში უკანონობა წარმოშვა...” ბიზანტიურ მწერლობაში შავი ჭირის პანდემიის საინტერესო აღწერა ეკუთვნის პროკოპი კესარიელს. ევროპაში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ შექმნილი რეალობაა გადმოცემული ჯოვანი ბოკაჩოს “დეკამერონის” შესავალში. ეს ნაწარმოები 1350-1353 წლებში იწერებოდა, სწორედ მაშინ, როცა იტალიასა და, საერთოდ, ევროპაში “შავი სიკვდილი” მძვინვარებდა. ავტორის მონათხრობი, როგორც თვითმხილველისა, შეიძლება პირველწყაროდაც კი გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები: პაგანი - ათასი ტაძრის ქალაქი
  • "ამსტერდამის იალქანი"
  • ნოტრ-დამის საიდუმლოებებს ფერფლიდან “აღადგენენ”
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი – დოლბანდიდან გვირგვინამდე
  • ქართულ-ირანული ურთიერთობები. “შაჰნამე” ქართველთა თვალსაწიერში /
  • უძველესი სპარსული ეპოსი და საქართველო
  • ეთნოლოგია. ნადირობა – ხიფათის მოყვარულთა და გულოვანთა საქმე
  • კინოს ისტორიიდან. როგორ იღებდნენ მხატვრულ ფილმს “ვინ არის დამნაშავე?” / ქართული ფილმი გრანდიოზული მასობრივი სცენებით
  • ეთნოლოგია. სალხინო კვირა – ყველიერი
  • ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. “ესპანური სენი"
  • საბჭოთა სპეცსამსახურების “დამპლური თამაშები” (დასასრული)

30 მარტიდან „ჯეინ ეარის“ საკოლექციო გამოცემა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეორე თავი)

12 მიზეზი, თუ რატომ უნდა იკითხოთ ბევრი თვითიზოლაციის პერიოდში