ავტორი:

"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები

"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტების შესაბამისად, სასამრთლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. კანონმდებლობა აქამდეც ითვალისწინებდა მოწმის ონლაინ-გამოკითხვის შესაძლებლობას, თუმცა პროცესები სრულად დისტანციურად საქართველოში პირველად ტარდება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ მოერგნენ ადვოკატები ახალ რეალობას და რა დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილს პირველი დისტანციური პროცესი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. იგი AMBEBI.GE-ს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს:

"დისტანციური წესით მოწმის დაკითხვას, თუ ის მაგალითად უცხოეთში იყო, კანონი აქამდეც ითვალისწინებდა. ანუ ეს რაიმე განსაკუთრებული და ახალი არ არის, თუმცა რაც შეეეხება სრულიად პროცესის დისტანციური წესით ჩატარებას, ეს მართლაც ნოვაციაა. მხარეებისთვის გარკვეული სახის დისკომფორტი არსებობს, თუმცა არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საერთო ჯამში, მაინც დადებითად შეიძლება შეფასდეს.

კარგი ის არის, რომ ზოგავს დროს და ფინანსურ მხარესაც. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეებზე დისტანციური სასამართლო პროცესები ცოტა არაბუნებრივია, რადგან ასეთი სახის პროცესები ცოცხალი უნდა იყოს და იქ აუცილებელი ცოცხალი, ფიზიკური ურთიერთობაა ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან. უფრო ეფექტური შეიძლება იყოს დისტანციური სასამართლო პროცესები ადმინისტრაციულ, სამოქალაქო პროცესებზე. რასაც ვერ ვიტყვით სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეებზე - ამ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს კიდეც დაცვის უფლება, თუმცა ახლა სხვა გამოსავალი არ არის.

მქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირის დისტანციური პროცესი. ამ საქმეში არსებობს მხოლოდ ბრალდებულის აღიარება და სხვა მტკიცებულება არ არის. 109-ე მუხლია, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. გარკვეული ტექნიკური ხარვეზები იყო. მხარეებს ერთმანეთის კარგად არ გვესმოდა. ბოლომდე და სრულყოფილად ინფორმაცია ვერ გავცვალეთ ერთმანეთში. ეს დასარეგულირებელია" - გვეუბნება უფლებადამცველი.

იურისტი კახა კოჟორიძე დისტანციურად მონაწილეობს სასამართლო პროცესში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლო პროცესებს მონიტორინგს წლებია უწევს. არასამთავრობო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი მერაბ ქართველიშვილი სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარებაში გარკვეულ საფრთხესაც ხედავს:

"საია წლების განმავლობაში ამონიტორინგებს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ სასამართლო პროცესებს არ ეყოლება ობიექტური მაკონტროლებელი თვალი, ამიტომ ვნახოთ ეს როგორ დარეგულირდება" - ამბობს იგი.

ახალი მოცემულობის გამო პროცესების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის საფუძველს ვერ ხედავს ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე. მისი თქმით, სასამართლო პროცესები იწერება და მისი მონიტორინგი დაინტერესებულ მხარეს უპრობლემოდ შეუძლია.

"ჩემი აზრით, ეს ეჭვები უსაფუძვლოა, რადგან ამ დისტანციური პროცესების კონტროლიც თავისუფლად არის შესაძლებელი. იწერება ეს სპეციალური პროგრამებით და შეუძლიათ გამოითხოვონ და შემდეგ დაამონიტორინგონ. სპეციალური პროგრამაა, რომელიც ოთხდონიანი დისტანციური კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, ამის საშიშროება ნაკლებად დგას.

რომ წარმოიდგინოთ სიტუაცია, პატიმარი გვერთვება საპატიმროდან, პროკურატურის ოფისიდან ჩართულია სახელმწიფო ბრალმდებელი, ადვოკატები დაცვას ახორციელებენ კომპანიის ოფისებიდან, ხოლო სასამართლო ზის დარბაზში და იქედან გვერთვება

თუ დანაშაული არ არის მძიმე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რაშიც ახლა მთელი ქვეყანაა, კარგი იქნება თუ გარკვეული მიდგომები შეიცვლება და რეალობაზე უფრო მორგებული გახდება. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლია, რომელიც აღკვეთი ღონისძიების საკითხებს არეგულირებს, თუ ეს მუხლი აქტიურ მოქმედებაში მოვა, ეს კარგ შედეგებს გამოიღებს.

მოსამართლე რომან ხორავა დისტანციურად მართავს სასამართლო პროცესს

ხაზგასმით ვამბობ, მძიმე დანაშაულებს არ ვგულისხმობ. არის კატეგორია დანაშაულებისა, რომლებსაც შეიძლება შეეხოს ეს მუხლი და ბრალდებული არ იქნეს დაკავებული. ასე ვთქვათ, ეს იქნება გარკვეული გადავადება პროცესების. დღეს შესაძლებელია შეღავათები გაეწიოს მხარებს, რადგან დღევანდელ რეალობაში ხალხი ჩაკეტილია სახლში, ასე რომ ბრალდებული მოწმეებზე ვერ მოახდენს ზეგავლენას, სახლში ხომ არ მიუვარდება?!

მოკლედ, ახალ პირობებში, თავისუფლად არის შესაძლებელი გადავადდეს ბრალდებულთა პროცესები და და რაც შეიძლება ნაკლებად იქნეს გამოყენებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით, რა თქმა უნდა, სადაც ეს შესაძლებელია" - ამბობს ბესიკ ქარცივაძე.

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები