ავტორი:

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

COVID-19-ის პანდემიამ ადამიანები მათთვის უჩვეულო, არასტანდარტულ გარემოში მოაქცია, რამაც ფსიქოლოგიური კუთხით ბევრი გამოწვევა გააჩინა. ერთ-ერთი უცხოური კვლევის მიხედვით, თვითიზოლაციის რეჟიმის გამო ოჯახებში ძალადობის ფაქტებმა იმატა.

როგორ უნდა ავარიდოთ თავი ურთიერთდაპირისპირებას თვითიზოლაციის პირობებში, რა ფსიქოლოგიური სავარჯიშოები და ტექნიკები არსებობს სტრესის სამართავად და როგორ ვიურთიერთოთ სწორად ბავშვებთან ახალი რეალობის პირობებში - ამ და სხვა კითხვებით AMBEBI GE-მ ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს მიმართა.

- იმატა თუ არა ძალადობის ფაქტებმა საქართველოში, თვითიზოლაციის პირობებში და რა იწვევს ასეთ შემთხვევებს?

- ამასთან დაკავშირებით ჩვენთან რაიმე სპეციალური კვლევა, როგორც ვიცი, არ ჩატარებულა. თუმცა შეგვიძლია ვიმსჯელოთ ძველი ცოდნიდან და გამოცდილებიდან... ის, რომ იზოლაციაში ადამიანი არის მისთვის უჩვეულო, არასტანდარტულ გარემოში, ფაქტია და როდესაც ასეთ მდგომარეობაშია არა ერთი და ორი დღე, არამედ გაცილებით ხანგრძლივად, ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმდება და თუ რაიმე ხარვეზი აქვს, ვლინდება. თუ ძალადობისკენ არის მიდრეკილი, ეს ძალადობა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით გამოვლინდება. ზოგადად, როდესაც ორ ადამიანსაც კი უჩვეულოდ ხანგრძლივად აქვთ ურთიერთობა, ვიდრე მოერგებიან ერთმანეთს, მათ მტკივნეული და წინააღმდეგობრივი პერიოდის გავლა უწევთ. ამ შემთხვევაში კი ამას ემატება სტრესი, იზოლაციის პირობებში ოჯახის წევრები უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, ახალ თვისებებს აღმოაჩენენ ერთმანეთში, რაც აქამდე არ იცოდნენ. რაც საკმაოდ რთულია ისედაც, არასტრესულ გარემოშიც. შესაბამისად, არსებობს რისკ-ფაქტორი, რომ გახშირდეს უთანხმოებების, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ფაქტები ოჯახში.

- რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა ასეთ დროს, რომ საქმე ძალადობამდე არ მივიდეს?

- დავიწყოთ იმით, რომ რჩევა-დახმარება სჭირდება როგორც ძალადობის მსხვერპლს, ისე თავად მოძალადეს, თუმცა ცხადია, განსაკუთრებით თანადგომას საჭიროებენ მსხვერპლები. უნდა გვახსოვდეს ის, რომ მოძალადე შინაგანად სუსტი ადამიანია, რადგან იგი ვერ უმკლავდება სტრესს, ახალ გამოწვევებს და ამიტომ ძალადობს. ამასთან, მათი უმრავლესობა შემდეგ თვითგვემაში ვარდება, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ შეძლეს საკუთარი თავის კონტროლი და ამის გამო სხვებს ზიანი მიაყენეს. აქ რეკომენდაცია ასეთი იქნება ორივე მხარისთვის: ზოგადად დავფიქრდეთ, რა მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება. რა არის ახლა პრიორიტეტული? ვარკვიოთ ურთიერთობები ერთმანეთში, თუ ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ უხილავ მტერს? გადადეთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა, ერთმანეთისთვის პასუხის მოთხოვნა სხვა, უფრო შესაფერისი დროისთვის. ახლა ამის დრო არ არის. ყველა წვრილმანში ნუ გამოედევნებით ერთმანეთს. სხვა უფრო საჭირო საფიქრალით, საქმით დაკავდით. გონებრივად უფრო დაიტვირთეთ. იფიქრეთ იმაზე, რა ახალ ფილმს უყუროთ, როგორ გაიღრმაოთ ცოდნა, დაკავდით თქვენს საყვარელ სფეროში მეტი ინფორმაციის მოპოვებით. რაც უფრო მრავალფეროვანია გონებრივი დატვირთვა, მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ ოჯახის წევრის არასასურველ ქცევასა თუ საუბარს.

- მინდა გკითხოთ ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკის შესახებაც. ახლა, როდესაც ძირითადად სახლში არიან, საჭიროებისამებრ ვერ ხარჯავენ ენერგიას, როგორ დავაკავოთ სწორად ისინი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფსიქოლოგიური დისკომფორტი შეექმნათ?

- ასეთ დროს ბავშვის ასაკია გადამწყვეტი. სხვადასხვა ასაკში მიდგომა სხვადასხვანაირი უნდა იყოს. პატარა ბავშვებს დასჭირებათ მათთვის გასაგებ ენაზე თარგმანი. ზოგადად მშობელმა იცის, რა განვითარების ეტაპზეა მისი შვილი და იმის მიხედვით უნდა ესაუბროს ბავშვს, ისე, რომ ეს იყოს მისთვის გასაგები და მისაღები. პატარებს, რომლებსაც ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, შეგვიძლია ავუხსნათ ასე: არის ასეთი ვირუსი, რომელიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და ჩვენც რომ არ დაგვემართოს, საჭიროა, დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. ასეთი ვირუსები სხვადასხვა დროსაც იყო, ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა განსაკუთრებული იმითაა, რომ ახლა მასზე მეტი ინფორმაცია გვაქვს, მეტს საუბრობენ და ეს კარგიც არის, რადგან ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მას. ასევე, ვუთხრათ რომ ეს ვირუსი მკვლელი არ არის, რადგან ვინც იცავს წესებს და უჯერებს უფროსებს, მათ არაფერი არ ემართებათ. იყო ომები და სხვა ვირუსები და სხვა დროსაც იხოცებოდა ხალხი. ახლა შეგვიძლია გამოვიჩინოთ ყურადღება და თუ სწორად მოვიქცევით, ვირუსი საშიში არ იქნება. ასე შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვებს. რაც შეეხება ინტერნეტთან დროის გატარებას, ალბათ, ფსიქოლოგებს პირველად გვიწევს იმის თქმა, რომ ნუ აუკრძალავთ თქვენს შვილებს კომპიუტერთან დროის გატარებას. ახლა ინტერნეტს დიდი როლი ეკისრება ამ იზოლაციის პირობებში დროის სწორად გაყვანაში. უბრალოდ მივაქციოთ ყურადღება, რა ინფორმაციას ეცნობიან, მაგრამ არა ისე, რომ ეს მათთვის შემაწუხებელი იყოს.

- როგორ უნდა მოივიქცეთ, როდესაც შფოთვა განსაკუთრებით გვიძლიერდება? რამდენიმე ეფექტური ფსიქოლოგიური ტექნიკა გაგვიზიარეთ, რაც სტრესის მართვაში დაგვეხმარება.

- როდესაც, ასე ვთქვათ, ეს პანიკური შეტევა ეწყება ადამიანს, მაშინ ცოტა უჭირს ყურადღების გადატანა. ამიტომ სანამ დაწყებიათ, დაიმახსოვრონ, რა უნდა გააკეთონ იმ მომენტში, ეს გაახსენდებათ და უფრო იოლად გაუმკლავდებიან. საღი რეაგირების ფორმა ასეთია: ეს არ არის დასასრული და ცხოვრება გრძელდება, მაშინაც კი, როდესაც კორონა აქვს ადამიანს და წინასწარ რატომ უნდა იფიქროს ამაზე?! თუ სიმპტომები დაგროვდება, მაშინ უნდა მივმართოთ ექიმს. მაგრამ უნდა გამოვრიცხოთ - არის ეს ფიზიოლოგიური სიპტომები თუ უფრო სომატურია. პირველ რიგში, როდესაც თქვენს თავს გამოიჭერთ დაინფიცირებაზე ფიქრებში, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არასწორი ფიქრია და ამაში შეყოლა უფრო ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამიტომ ეცადეთ სხვა რამეზე, თუნდაც ძალიან ყოფით ფიქრებზე გადაერთოთ. მაგრამ თუ მაინც ვერ მოვახერხეთ ეს და აღმოვჩნდით ჩიხში, უკვე ფიზიკური აქტივობა უნდა შემოვიტანოთ. წამოვდგეთ ფეხზე, გავიარ-გამოვიაროთ, გამოვესაუბროთ ოჯახის წევრებს, დავამშვიდოთ ერთმანეთი და მივმართოთ თუნდაც რამდენიმე კარგად გატესტილ ფსიქოლოგიურ ვარჯიშს, რაც ეფექტურად ამცირებს სტრესს.

ყველაზე გავრცელებულია სუნთქვითი ვარჯიშები და ისინი მართლაც ეფექტურია. უამრავი ასეთი ტექნიკა არსებობს და ხელმისაწვდომია მათი ინსტრუქციები ინტერნეტითაც, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ - სუნთქვით ვარჯიშებს ძალიან სწორად და ზედმიწევნით სჭირდება წესების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იწვევს თავბრუსხვევას და ადამიანი, რომელიც ისედაც სტრესშია, შეიძლება პანიკაში ჩავარდეს. ამიტომ თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია მისი სწორად გაკეთება, სჯობს, თავი შევიკავოთ. სამაგიეროდ, შეგვიძლია სხვა უფრო ნაკლებად საფრთხილო ვარჯიშებს მივმართოთ.

ერთ-ერთი ძალიან აპრობირებული სავარჯიშო ასეთია: ვერტიკალურად ვდგებით, ხელები ჩამოშვებულია, მთელი ტანი ბრუნდება ჯერ ერთი მიმართულებით, მერე მეორე მიმართულებით, ისე რომ გულმკერდი მთლიანად მივატრიალოთ ჯერ მარჯვნივ, მერე - მარცხნივ, ეს მოშვებული ხელები იწყებს ქანაობას, გაიშლება, შემდეგ თანდათანობით არა მხოლოდ გაიშლება, მეორე მხარეს შემობრუნებისას მოიხრება კიდეც და ხან მხრებზე შემოგვერტყმება, ხან ზურგზე და ეს ხდება თავისით და ჩვენ ძალას არ ვატანთ. რამდენიმე წუთი ასეთი ვარჯიში და შედეგი სახეზე გვექნება. ძალიან ბევრი რამ არის ჩართული ამ დროს. ყურადღება გადატანილია და არა მხოლოდ გადატანილია, არამედ ამ ხელების ქანაობით აქეთ-იქეთაც ნაწილდება. ხელის მოშვებულობა და მოდუნებულობა, ასოცირებულია ჩვენს თავისუფლებასთან, დაცულობასთან, ეს მსუბუქი შემორტყმებიც მხარზე და ზურგზე სასიამოვნო განცდებს იწვევს.

მეორე ვერსია ასეთია: ვდგავართ ვერტიკალურად, ჯერ ფეხის ცერებზე ავიწევით, შემდეგ კანჭის კუნთებს ვჭიმავთ, შემდეგ ვჭიმავთ ბარძაყის კუნთებს, მკერდს, ზურგს, ყველა კუნთი შეძლებისდაგვარად კარგად დავჭიმოთ, დავჭიმოთ, გავაკეთოთ ღრმა ჩასუნთქვა და კარგად გავიზმოროთ და დავამთქნაროთ. ეს ქმნის იმის განცდას, რომ რაღაც ტვირთი მოგვეხსნა. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს პანიკაში, შფოთვის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე. ასეთ დროს მათ რაც არ უნდა ჩავჩიჩინოთ, მოდუნდი, დამშვიდდიო, ისინი ამას ვერ გააკეთებენ, არ აქვთ ამის ძალა, ამიტომ ეს ვარჯიში და ასეთი გადართვა იძლევა რეალურ ეფექტს. ეს ვარჯიშები პრევენციისთვისაც კარგი იქნება, ყოველდღიურად რომ გავაკეთოთ.

- საქართველოში იყო შემთხვევა, როდესაც სამედიცინო მუშაკი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანისგან დაინფიცირდა. არსებობს თუ არა რაიმე მეთოდები ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებში COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით და არის თუ არა მზად ამისთვის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა?

- ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული სპეციფიკა არ არსებობს. ის მედიკამენტები, რომლებსაც ქრონიკული ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტები იღებენ, შეუთავსებელი არ არის კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებთან. არანაირ უკურეაქციას არ იწვევს. ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად დაიცვან ჰიგიენა და უნებლიედ არღვევნ წესრიგს, თუ სავარაუდოდ ვირუსის მატარებელები არიან, იძულებით უნდა გადაიყვანონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. როგორც ჩვენ, ყველა დავჯარიმდებით ან შეიძლება დაგვაკავონ კიდეც, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის, ასევე საჭიროა, ისინიც იქნენ იძულებით გადაყვანილები. უბრალოდ, თუ დაფიქსირდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებში კორონავირუსი, არ ვიცი, რამდენად არიან აღჭურვილები ჩვენი დაწესებულებები შესაბამისი ტექნიკით. იქ საჭირო გახდება ბოქსირებული პალატის მოწყობა და ა.შ.

- და ბოლოს, რამდენად ხშირია კორონავირუსის გამო შეწუხებული ადამიანების მომართვიანობა თქვენთან? როგორც ვიცი, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტეს. როგორია მათი მდგომარეობა?

- ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, მერეც ალბათ აქტიური მუშაობა მოუწევთ ფსიქილოგებს და ფსიქიატრებს. კორონას გამო ჩივილებმა მოიმატა. კონკრეტულად კორონავირუსის გამო შეწუხებული პაციენტი ჯერ მხოლოდ ორი მოვიდა. ჩვენ უფრო ხშირად დისტანციურად გვიწევს მუშაობა ჩვენს ემიგრანტებთან იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და ა.შ. მათი ემოციური ფონი საკმაოდ მწვავეა, თუმცა ეს დისტანციური მუშაობა საკმაოდ ეფექტურია და კარგ შედეგებს გვაძლევს.

"ბრალდებულმა დაზარალებულის "აჭარაბეთის" ანგარიშიდან 9 190 ლარი გადმოირიცხა და გაანაღდა" - ქურდობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

"თუ უნდა შევხვდები ლევან შაქარაშვილს... უბრალოდ, რიდი მექნება, რომ გარდაცვლილის მამაა" - "ტვ პირველი" ვასილ მახარაძის საკნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს