ავტორი:

გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს

გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს

გურჯაანელ კაცს, რომელსაც სოფელ კოლაგში ტიტების ბაღი აქვს და კორონავირუსის პანდემიის გამო ყვავილებს ვეღარ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს.

63 წლის კაკო ჯეირანაშვილის შესახებ რეპორტაჟი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა გიორგი ალადაშვილმა მოამზადა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მეყვავილეს გურჯაანის სოფელ კოლაგში ტიტების ბაღი აქვს და ყოველ გაზაფხულზე ნავთლუღის ბაზარში ჩამოჰქონდა ჩასაბარებლად, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ბაზარი დაიკეტა, შესაბამისად, ჯეირანაშვილი ყვავილების გასაღებას ვეღარ ახერხებს და ტიტები ბაღში უჭკნება.

სტატია სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში და მოქალაქეებმა 63 წლის მეყვავილის დახმარების სურვილი გამოთქვეს. ინტერნეტმომხმარებელმა მარიამ ნატროშვილმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო "ტიტების კაცის" დასახმარებლად და სოციალურ ქსელში მებაღის შვილიშვილის ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა:

"პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ ბევრი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე. ძალიან ბევრი. მაგრამ, ეს ამბავი რომ წავიკითხე, პირველად ვიტირე თვითიზოლაციის მესამე კვირას.

კაკო ჯეირანაშვილი 63 წლის არის, გურჯაანის სოფელ კოლაგიდან. ტიტების ბაღი აქვს. ყვავილებს გაზაფხულზე ბაზარში აბარებს ხოლმე. ეხლა ბაზარი დაიკეტა და ყვავილები ვეღარსად ჩააბარა. სულ 2000 ლარის ყვავილები აქვს, ოფიციალურად არ ვარ რეგისტრირებული და რომც დაეხმაროს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს, მე ვერ მოვხვდები მათ რიგებშიო - ეუბნება რეპორტაჟის ავტორს, გიორგი ალადაშვილი.

ისე ყვება თავის ყვავილებზე, ისე ამბობს "ასე გაფუჭდება და დაჭკნება ჩემი ყვავილები", ვკითხულობ და ვკვდები. ჩემი ყვავილებიო, როგორ უყვარს თავისი გაზრდილი ყვავილები, რომლითაც ოჯახს არჩენს.

გიორგი ალადაშვილმა ნომერი მომცა, დავურეკე და ველაპარაკე, ისე ჩამოდით და წაიღეთ ფული არ მინდაო. სახლიდან არ გავდივარ და ვერ ჩავალ რომ წამოვიღო ეს ყვავილები და სახლებში ჩამოგირიგოთ.

ჰოდა, აი ანგარიშის ნომერი, შვილიშვილის ანგარიშია, რამდენიც შეგვიძლია იქნებ ჩავურიცხოთ და ტიტები დავპოსტოთ ჩვენ კედლებზე. მეყვავილე კაკოს კი ვთხოვოთ, რომ ჩარიცხული თანხის ტიტებით სახლი მორთოს, ან მეზობლებს დაუტოვოს ეზოებში ან არ ვიცი, მოვიფიქროთ ერთად.

ანგარიშის ნომერი "თიბისი ბანკში":

GE62TB7096445061100088

მიმღები: ნანა ბეჟაშვილი (კაკო ჯეირანაშვილის შვილიშვილი)" - დაწრა "ფეისბუქზე" მარიამ ნატროშვილმა.

მისი იდეა ასობით ადამიანმა რამდენიმე საათში აიტაცა და პირველი შედეგიც სახეზეა - როგორც ირკვევა, თანხა შეგროვდა, ამ ეტაპზე 5000 ლარზე მეტი.

"კაკო ჯეირანაშვილს ველაპარაკე. ძალიან ბევრი ადამიანი რიცხავსო... ძალიან გახარებულია, დღეს რა სიხარულიც მომანიჭეთ, მთელი ცხოვრება ასე იყავითო. როცა სახლებიდან გამოხვალთ, ბაღში მესტუმრეთო" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ანა ხონელიძე.

მთაავრი ფოტო: რადიო თავისუფლება

რას წერს საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტის შესახებ კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა