ავტორი:

"ქალებისთვის კარანტინი ღამის კოშმარად იქცა“ - კორონავირუსის გამო ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

"ქალებისთვის კარანტინი ღამის კოშმარად იქცა“ - კორონავირუსის გამო ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

"დარჩი სახლში“ - ეს მთავარი მესიჯია, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და მედიკოსებისგან გვესმის. სახლში დარჩენა კორონავირუსის ახალი ტიპის, COVID-19-ის კიდევ უფრო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ამ ეტაპზე ერთადერთი გზაა, რადგანაც ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო არც წამალი არსებობს და არც ვაქცინა.

კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გამოვლენილი და ამ ქვეყნებში ადამიანები ცხოვრების განსხვავებულ წესებს ეჩვევიან, ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ემორჩილებიან.

მილიონობით ადამიანი სახლშია გამოკეტილი. რა თქმა უნდა, სახლში დარჩენას თან ბევრი უარყოფითი შედეგი ახლავს. რომ არაფერი ვთქვათ მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე, ყოველივემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოიწვია ოჯახური ძალადობის შემთხვევების გაზრდა.

ადამიანები სახლებში ოჯახის მოძალადე წევრების პირისპირ აღმოჩნდნენ და კორონავირუსის გამო, მათ გვერდით უფრო მეტი დროის გატარება უწევთ.

საფრანგეთი

როგორც france24.com წერს, ბევრი ფრანგი ქალისთვის კორონავირუსი ღამის კოშმარად იქცა, რადგანაც მთელი დღეების გატარება სახლში, ოჯახის მოძალადე წევრებთან ერთად უწევთ.

ოჯახური ძალადობის გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი ინფორმაციით, პარიზში ოჯახური ძალადობის შემთხვევები იზოლაციის წესების შემოღების შემდეგ 36%-ით გაიზარდა.

„ახლა ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტი ქალი მომმართავს, ისინი მეკითხებიან როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ, როგორ დააღწიონ თავი. ერთი ქალი მიყვება, რომ მისი ქმარი სვამს და როცა მთვრალია საშინელებებს აკეთებს. იზოლაციამდე ის ტელეფონით მესაუბრებოდა ხოლმე, როცა ქმარი გარეთ იყო გასული. ახლა კი, კაცი სულ სახლშია და დარეკვას ვეღარ ახერხებს. ასეთ მდგომარეობაში უამრავი ქალია“, - საუბრობს ერთ-ერთი პარიზელი ფსიქოლოგი france24-თან.

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ოჯახური ძალადობის გაზრდილ შემთხვევებზე წერს ბრიტანული გამოცემა theguardian.com. გამოცემა ყოველივეს კორონავირუსს უკავშირებს.

ხელისუფლების წარმომადგენელი ბევერლი ჰიუესი ამბობს, რომ თვითიზოლაციის წესების შემოღების შემდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა და ასეთი ფაქტების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი.

„მე ვფიქრობ, რომ ახლა ოჯახური ძალადობის შემთხვევების გაზრდის დასაწყისთან ვართ და მსგავსი ფაქტები თანდათან კიდევ მოიმატებს“, - ამბობს ჰიუესი და ყოველივეs უკიდურესად სტრესულ გარემოში ცხოვრებას უკავშირებს.

ჩინეთი

ალბათ, წაგიკითხავთ, რომ ჩინეთში კარანტინის დასრულების შემდეგ, ბევრი წყვილი განქორწინებას გეგმავს. ეს არ არის ხუმრობა და როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, მოვლენების სწორედ ამგვარი განვითარებაა მოსალოდნელი. იწერება უამრავ შემთხვევაზე, რომელიც ოჯახურ ძალადობას უკავშირდება.

უჰანელი პოლიციის ოფიცერი, ჩან ფეი ამბობს, რომ ჰუბეის პროვინციის ქალაქ ჯინგოში, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ოჯახური ძალადობის შემთხვევები სამჯერ გაიზარდა.

„ეპიდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა ოჯახურ ცხოვრებაზე. ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის 90% COVID-19-ს უკავშირდება“ - ამბობს პოლიციის ოფიცერი.

ის თვლის, რომ კარატინით გამოწვეულმა შფოთვამ, ასევე ეკონომიკურმა ზარალმა, რომელიც ბევრ ოჯახს დაატყდა თავს, ადამიანების ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

ამერიკის შეერთებული შტატები

ოჯახური ძალადობის გაზრდილ რაოდენობაზე წერს abcnews-იც. სამხრეთ კაროლინის, ჩარლსტონის ოლქის შერიფი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები სახლში დარჩნენ, ყოველ დღე ათით, ან ოცით იზრდება გამოძახებების რიცხვი, რომლებიც ძალადობასთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ამ ვითარებაში ძალადობის ზრდას განაპირობებს და ვფიქრობთ, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს“, - ამბობს შერიფი როჯერ ანტონიო.

"ვებრძვით კორონავირუსის პანდემიას და იზოლაციაში უნდა ვიყოთ, ეს ზრდის შიშს და სტრესს, პანდემია და თან იზოლაცია ძალიან სახიფათო მიქსია, რომელიც მოძალადის ოჯახის წევრებს წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაში აგდებს. წარმოიდგინეთ - არ არის უსაფრთხო სახლიდან გასვლა და არ არის უსაფრთხო სახლში დარჩენა“, - ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალების დამცველი ორგანიზაციის FreeFrom-ის აღმასრულებელი დირექტორი, სონია პასი.

კაშკაშა "კოცონები“ და გრანულოვანი ფენა - მზის ზედაპირის ფოტოები ყველაზე ახლო ხედით

ზაფხული მსოფლიოსთვის სახიფათოდ ცხელი ხდება - "სიცხის სტრესი" მილიარდზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა