ავტორი:

"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს

"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს

"პანიკის ადგილი არ არის იმ გემზე, სადაც შენს გარდა, კიდევ უამრავი ადამიანი იმყოფება. პანიკიორები, მით უფრო, სახელმწიფო მოსამსახურეები, გათავისუფლდებიან. ადამიანი, განსაკუთრებით ექიმი, რომელსაც ახლა უკვე ეშინია ვირუსის, რომელიც არ მიდის სამსახურში, დაექვემდაბარება გათავისუფლებას" - ასე გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გარშემო დაწყებულ პანიკას ანატოლი ბიბილოვი.

რამდენიმე დღის წინ, ბიბილოვმა "დეპუტატებთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის ღელავდა, დაუცველი ექიმების გამო. ამის შემდეგ, ის ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოს ესტუმრა და პირობები დაათვალიერა. ადგილობრივები ინტერნეტში წერენ, რომ ბიბილოვი უკმაყოფილო არ ჩანდა, თუმცა საკითხავია, რა აძლევს მას ამ ვითარებაში ოპტიმიზმის საფუძველს.

ბიბილოვის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ მიმართვას, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს, რომელმაც სოციალური ქსელის თავის გვერდზე ცხინვალელი ექიმის განცხადების ტექსტი განათავსა.

ყველაფერი ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის ვლადისლავ ვალიევის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სამედიცინო დაწესებულების დირექტორს განცხადება გაუგზავნა, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

"კარანტინის დროს, ექიმებს უსაფრთხოების არავითარი მექანიზმები არ აქვთ. ეს ეხება, სამედიცინო ნიღბებს, ხელთათმანებს და სხვა სახის აუცილებელ ეკიპირებას, ამიტომ უარს ვამბობ მორიგეობაზე" - წერია ვალიევის განცხადებაში.

ადგილობრივების თქმით, საფრთხე რეალურია, რადგან ვლადიკავკაზში უკვე დაფიქსირდა ვირუსის 4 შემთხვევა. ამ რეალობაში კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან "საზღვარი" უკვე ჩაკეტილია, გავრცელების რისკები არსებობს და არც ის არის გამორიცხული, რეგიონში ვირუსი უკვე იყოს, უბრალოდ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.

"ექიმი ითხოვს უსაფრთხოების საშუალებებს, რათა იმუშაოს. რა არის აქ უჩვეულო? რატომ უნდა დაზარალდეს? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გარშემო ყველას დააინფიცირებს - სამსახურსა და სახლში? ის, რომ თურმე ახლა არ გვყავს დავირუსებულები, ნიშნავს, რომ არც გვეყოლება? მით უფრო, რომ რაღაც დროის განმავლობაში თურმე უსიმპტომოდ მიმდინარეობს..." - კითხულობს ადგილობრივი გერმან ხუაგევი.

"მადლობა იმ ექიმს გამბედაობისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ექიმებისგან განსხვავებით, პრობლემებს არ მალავს... რა უნდა პრეზიდენტს, ექიმი უსაფრთხოების საშუალებების გარეშე იღებდეს დაავადებულებს?" - წერს ვადიმ ჯოევი.

ამის კვალდაკვალ, ცხინვალის საავადმყოფოებში არსებულ სხვადასხვა სახის დეფიციტზე სხვა ექიმებიც ლაპარაკობენ.

cominf.org-სთან საუბარში ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ სამედიცინო ინვენტარის დეფიციტი აქვს, ასევე არ ჰყოფნით კადრები სასუნთქი აპარატებისთვის.

"ამ მიმართულების სპეციალისტები საავადმყოფოში არსებულ ტექნიკასთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია... ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზია რუსეთთან ჩაკეტილი საზღვარი, თავის მხრივ ამ ქვეყანამ სამედიცინო პროდუქტის ექსპორტი აკრძალა. ასე რომ, დროთა განმავლობაში, ალბათ ვითარების გართულებას უნდა ველოდოთ" - ამბობს ექიმი, რომლის თქმითაც, ჯერჯერობით მიმდინარეობს ექიმებისთვის ინდივიდუალური სპეცკომბინიზონების საკითხის მოგვარებაც.

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა