ავტორი:

რა პრეპარატებს ურჩევს პაციენტებს COVID-19-ის წინააღმდეგ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - "ყველას პირბადე, ეს უმთავრესია..."

რა პრეპარატებს ურჩევს პაციენტებს COVID-19-ის წინააღმდეგ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - "ყველას პირბადე, ეს უმთავრესია..."

ექიმი იაგო ფრანგიშვილი 1998 წლიდან მუშაობს გერმანიაში. ჰამბურგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში დაწყებული პრაქტიკის შემდეგ მთელი დასავლეთ გერმანია მოიარა და 2017 წლამდე გერმანიის დიდ კლინიკებში მუშაობდა. შინაგან დაავადებათა და ზოგადი მედიცინის ექიმი, რომელსაც გავლილი აქვს პნევმოლოგიური და გერიატრიული დახელოვნებაც, ამჯერად სამ კოლეგასთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობის ცენტრს ხელმძღვანელობს და 6500-მდე პაციენტს ემსახურებიან ამბულატორიული დიაგნოსტიკითა და თერაპიის ფართო სპექტრით.

მას ასევე შეხება აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან. ახალი ვირუსის შესახებ AMBEBI.GE-ს ფრანგიშვილი ვრცლად ესაუბრა:

- კორონავირუსი ჩვენი ცენტრის ცხოვრებაში 2 მარტამდე არ არსებობდა. პირველად ავსტრიაში შემეხო ეს თემა. ვენაში ჩამოსულს, ვიდრე მიუნხენისაკენ მიმავალ სწრაფ მატარებელში ამიშვებდნენ, სიცხე გამიზომეს და პირბადე მომცეს. იანვრის ბოლოს მოგვაწოდა ჯანდაცვის უწყებამ ტესტირების, იზოლაციისა და ჰოსპიტალიზაციის ალგორითმები. გაცილებით ადრე, ვიდრე ცნობილი ვირუსოლოგები და ინფექციონისტები მოახდენდნენ მედიასივრცის და საზოგადოებრივი ოფიციალური ინფორმაციის სრულ "ოკუპაციას", მე თავიდან ალბათ ცოტა სხვა აზრი მქონდა და მეტი და აგრესიული ტესტირების მომხრე გახლდით.

თუმცა, გერმანულმა გამოცდილებამ იმ ტაქტიკის სისწორე დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსოლოგები დღესაც გაცილებით მეტ ტესტირებას ითხოვენ, მე პირადად ზუსტად ისეთი საფრთხე დავინახე თავიდანვე, როგორც ახლა ხდება და ამიტომაც მეგონა გერმანული გზა, ჩვენთვის მოწოდებული ალგორითმები არასაკმარისი. დღეს, ჩემი აზრით, ვირუსოლოგები და ინფექციოლოგები გაცილებით უფრო კოშმარულად ხატავენ სიტუაციას, ვიდრე ეს არის და სწორედ ამის გამო ხდება იმ შეცდომების დაშვება, რაც ჩინეთმა უკვე გაიარა, იტალია და ესპანეთი ახლაც გადის და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აგერ ახლა დაიწყო ეს გზა. მე მეშინია, რომ გერმანიამაც არ გადაუხვიოს გზას, არ აირჩიოს ის აგრესიულ მასიური ტესტირებისა და იზოლაციის გზა.

- თქვენ რამდენად ხართ ჩართული ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში?

- ადგილობრივი, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა გერმანიაშიც, ავსტრიაშიც, შვედეთშიც და საერთოდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორად და კარგად მუშაობს. გერმანიას ჯერ არ გადაუხვევია მკაცრი ალგორითმების გამოყენების გზისათვის. ტესტირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჰოსპიტალიზაციისათვის მოსამზადებელი პაციენტისა, ანუ ვისაც მძიმე ჩივილები აქვს. სამაგიეროდ, უმცირესი სურდოს, გრიპისმაგვარი სიმპტომების ან კორნავირუსიანის კონტაქტის შემთხვევაშიც კი, 2 კვირიანი კარანტინი აუცილებლობა გავხადეთ და რა თქმა უნდა, პირბადე. მიუხედავად იმისა, რომ პირბადე მხოლოდ ავსტრიაშია აუცილებლად გამოცხადებული, გერმანიამ პირბადეებზე ყურადღების გამახვილება ძალიან ადრე დაიწყო.

სახელმწიფოს მიერ ამ თემის ოფიციალურად გამოცხადებას ხელს უშლის ლოჯისტიკური და იურდიული პრობლემები, რომ თუ გამოაცხადე, უნდა დაარიგო და თუ დაარიგებ, უმაღლესი ხარისხის და საკმარისი იყოს. ჩვენ ექიმებმა პირველივე დღიდან ვურჩიეთ, გინდაც შინდამზადებული და ქაღალდის ხელსახოცის პირბადეების გამოყენებაც კი. უმთავრესი იყო პირბადე. გერმანიის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მოსახლეობასთან უპირველეს კონტაქტად, წინა ხაზად ითვლება ოჯახისა და საერთოდ ამბულატორიული სექტორის ექიმი. დღესაც, უკვე ეპიდემიის გამოცხადებიდან 5 კვირის მერეც, კორონაზე ტესტირებას და ჰოსპიტალიზაციას წყვეტს მორიგე ექიმთა ნომერი 116 117 და ადგილობრივი სამედიცინო სახელმწიფო უწყება.

გერმანიის მეორე უმთავრესი თავისებურებაა, რომ აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ღრმა ნაცხის ტესტირება ხდება და არა სწრაფი, არა სისხლის და ასე შემდეგ. გარდა ამ ღრმა ხახისა და ყელის ამონარეცხის ნაცხის ტესტირებისა, სხვა ყველა ტესტირება არადამაჯერებლად ითვლება. არ არსებობს ეპიდემიისათვის იმაზე საშინელი სიტუაცია, როცა უარყოფითად ტესტირებული პირბადის გარეშე დადის და ის დადებითია. ამიტომაცაა რომ ყველას პირბადე, ეს უმთავრესია. მე პირადად 6 ღრმა მოხუცი მყავდა კორონას პნევმონიით დაავადებული.

ექვსივე ამბულატორიულად მყავდა, არცერთი არ იყო საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი 84 დან 92 წლამდე გახლდათ. მათგან 4 მოხუცთა სახლის და 2 კი კერძო მოვლაში იმყოფება. ორი უმძიმესი, ლოგინად ჩავარდნილი ადამიანი გარდაიცვალა. ორივეს ჰქონდათ პაციენტის სურვილის მოწმობა, რომ არ სურთ არავითარი მართვითი სუნთქვა. თუმცა, მართვითი სუნთქვითაც ძნელი იქნებოდა წლებია ლოგინად ჩავარდნილი და მულტიმორბიდული პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივება. დღეს კი სასიხარულო ამბავი მოხდა, ჩემი 92 წლის ფილტვების ანთებიანი ქალბატონი, რომელსაც 12 მარტიდან ორმხრივი ფილტვების ანთება ჰქონდა, სრულიად გამოჯანმრთელდა. სამი ავადმყოფი ჯერ კიდეც საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, მაინც დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სარისკო ფაქტორები აქვთ.

- საქართველოში თუ გველოდება თქვენი შეფასებით ეპიდაფეთქება?

- საქართველო უნდა ითქვას, რომ სულ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ საკმაოდ კარგად მიდის. ადამიანები არ მიაწყდნენ კლინიკებს და არ ითხოვენ ტესტირებას, როგორც ეს ჩინეთში დაიწყო, მერე იტალიაში და ესპანეთში განმეორდა და ახლა ამერიკა მოიცვა. ეპიდემიის დროს იწყება პანიკა, ნებისმიერი დაცემინება კორონავირუსი გგონია და შიში მიგარბენინებს გადაჭედილ საავადმყოფოში. თუ ადამიანები მასობრივად მიაკითხავენ საავადმყოფოს, იქნება ეს ტესტირებისთვის თუ გაცივების სიმპტომებით, პერსონალს ძალიან გაუჭირდება ჩივილების დიფერენცირება. თანაც, მსგავსად იტალიელებისა და ესპანელებისა, ქართველი პაციენტის საავადმყოფოში არაყვანა გაძნელდება. თუმცა, იმედი მაქვს და ქართველები ხედავენ თუ რა გზა აირჩია ჩინეთმა, ანუ, გაიკეთა ყველამ პირბადე, იცავენ დისტანციასა და ჰიგიენას, ყველა მუშაობს, როგორც ადრე.

როგორ გგონიათ მილიარდიან ჩინეთს, რომელიც კორონას ბუდე იყო, ან გინდაც სამხრეთ კორეას ამერიკელებზე ნაკლები ვირუსის მატარებელი ადამიანები ჰყავთ? - არა. ისინი მიხვდნენ, რომ პანდემიის დროს აზრი არა აქვს პაციენტი ნულის ძიებას, აზრი არა აქვს ვინ ვისგან დაავადდა თუ დაავადდება. უმთავრესი ყურადღება არის გადატანილი ამ ვირუსის ერთადერთ მნიშვნელოვან და სასიკვდილო დაავადებაზე, ფილტვების ორმხრივ პნევმონიაზე, ამ ადამიანების აღმოჩენაზე, მონიტორინგზე და რაც შეიძლება გვიან და არა ადრეულად გადაყვანაზე მართვითი სუნთქვის აპარატურაზე, თუ რა თქმა უნდა, ძალიან ასაკოვანი არაა.

- რას ფიქრობთ გავრცელების გზებზე, ხელის დაბანის გარდა კიდევ რა არის მთავარი რჩევა, რაც ვირუსისგან დაიცავს ადამიანებს?

- გავრცელების გზა მხოლოდ წვეთოვანი გზაა, ანუ თუკი ადამიანთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანცია გაქვთ და 15 წუთზე მეტი პირისპირ საუბრობთ, ან 2 მეტრამდე ხართ და პირდაპირ მოგახველათ, ინფიცირების განსაკუთრებით დიდი შანსია. რა თქმა უნდა, ვირუსის დადასტურება საგნებზეც ხდება, მაგრამ, თუ თქვენს ლორწოვანში არ მოხვდა ამ ვირუსის საკმარისი რაოდენობა, უმძიმეს შემთხვევაში მატარებელი გახდებით მცირე ხნით და ლორწოვანი ამ მცირე რაოდენობას მოერევა. თუკი, რა თქმა უნდა, ვინმემ მოგახველათ და მერე ხელით ეს ვირუსი თქვენს ლორწოვანში გადაიტანეთ, ასევე დიდია ინფიცირების ალბათობა. ამიტომაა გარდაუვალი და საკმარისიც კი პირბადე, 1,5 მეტრი დისტანცია და მაქსიმალურად 15 წუთი ერთმანეთთან პირისპირ საუბარი. აი, ამ გზას ადგას დღეს ჩინეთიც და სამხრეთ კორეაც. თითქმის ყველანაირი ბიზნეს სამუშაო აღდგა ამ ჰიგიენური უმარტივესი წესების დაცვით. ამ გზას ადგას ჯერჯერობით გერმანიაც. სუპერმარკეტებშიც ისწავლეს თანდათან პირბადის აუცილებლობა. ასე რომ, ჰიგიენა არის ერთადერთი ბრძოლის გზა დღევანდელ რეალობაში.

- რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომელიც პოტენციურად საფრთხის წინაშე არიან?

- უფრო ანტი რჩევას მივცემდი და ესენია - ნუ გაიკეთებთ ღრმა ინჰალაციას, რამეთუ ზედაპირულად მყოფ ვირუსს ფილტვში ჩასვლაში დაეხმარებით. სამაგიეროდ, კარგია პასიური, ორთქლითი იჰალაცია ანუ უფრო სწორად ორთქლავს ფიზიოლოგიური ხსნარი ან სხვა რაიმე საშუალება და თქვენ სუთქავთ ჩვეულებრივ. ეს სასუნთქი გზების სიმშრალის წინააღმდეგ კარგია. ამიტომაცაა ალკოჰოლი ცუდი, აშრობს ლორწოვანს. ასევე არაა მიზანშეწონილი ანტიბიოტიკი ან სხვა იმუნური საშუალება, ე.წ. მედიკამენტური ვიტამინებიც. სამაგიეროდ, ბუნებრივი საშუალების წინააღმდეგ ვერაფერს ვიტყვი.

მშრალი ხველის დროს ამბროქოლი შედეგიანია, იწვევს ლორწოვანის გამომუშავებას. სამაგიეროდ აცც ანუ აცეტილცისტეინს მე პირადად არ გირჩევდით, იმიტომ რომ ლორწოვანის გათხელებას და ამოხველების გაიოლებასთან ერთად ამ ლორწოვანის ღამით ფილტვის ქვედა ნაწილებში ჩასვლას იწვევს.

ჩემს პაციენტებს, მოხუცებს, მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს, ამბროქსოლს, პარაცეტამოლს და არა იბუპროფენს და არც დიკლოფენაკს ვაძლევთ, თირკმლის ჰიპოქსიურობის გამო. სხვა შემთხვევაში იბუპროფენი არაფერს აფუჭებს. მაგრამ, მე მაინც პარაცეტამოლს გირჩევდით.

რაც მთავარია ნაკლები ანტიბიოტიკი, ნაკლები ამორეცხვები და გამორეცხვები ხახისა თუ ცხვირისა, რამეთუ, ნაწილი და საკმაო ნაწილიც ამ გამორეცხვებისას ფილტვისკენაც მიდის.

- თითქოს დედამიწა გაჩერდა, რა გაკვეთილი შეიძლება მივიღოთ პანდემიისგან?

- მსოფლიოს გაჩერება შეუძლებელია. დედამიწა მოძრაობს და გაჩერება უკუსვლაა. მეორეს მხრივ კი საქართველოსთვის კატასტროფულია „გარეთ გასვლის“ ასე უმკაცრესი შეზღუდვა. მაშინ როცა შვედეთმა გაასამმაგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიხშირე და რაოდენობა, როცა დიდი ავტობუსების ნაცვლად მინიავტობუსები და ტაქსების სისტემა გააძლიერა მაქსიმალური მგზავრის რაოდენობის დაწესებით, თბილისმა დახურა მინი ტრანსპორტი და კარგა ხანს დატოვა გაცილებით გადაჭედილი მეტრო და ავტობუსები.

ეს რა თქმა უნდა, ქალაქს სადღაც აპრილის შუა რიცხვებში საგრძნობლად დაუბრუნდება. თუმცა, თუკი მოვახერხებთ ტესტირებაზე კონტროლს და მხოლოდ მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციას, ჰიგიენის მაქსიმალურ დაცვას, მოხერხდება სიტუაციის კონტროლირება. მიდის მასობრივი პანიკა, რომ 2 დან 3 მილიონამდე გარდაცვლილი შეიძლება იყოს ან იქნებოდაო, ეს ადამიანებს პირდაპირ მიერეკება საავადმყოფოებისაკენ. დღეს გერმანიაშიც, ოღონდ ჩვენ, ოჯახის ექიმები, უკვე გამოცდილება გვაქვს და ეს ადამიანები დავდივართ, 24 საათი, დღე და ღამე, ან ტელეფონთან და ან სახლში მისვლით. ვარწმუნებთ ახლა ტესტის უაზრობაში, ჰოსპიტალიზაციის ჯერჯერობით აუცილებლობის არარსებობაში და დაახლოებით 5%-ს ვუკეთებთ ტესტირებას. ეს მაინც დიდი რიცხვია, ათას სულ მოსახლეზე გერმანია ყოველდღიურად დაახლოებით 1 ტესტს აკეთებს, ამერიკა 2-ზე მეტს. დედამიწა არსებობს ადამიანების ცხოვრებისათვის და არა ვეგეტეციისათვის, არა სახლში გამოკეტვისათვის. გარკვეული რისკის გარეშე ცხოვრება და სიცოცხლე არ არსებობს. ეს ყველამ ვიცით. უბრალოდ, ამ რისკის სწორი შეფასება უნდა მოხდეს და ავტომატურად სწორი გზაც გამოჩნდება.

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება

როგორია COVID 19-ის დერმატოლოგიური გამოვლინება - ვირუსის მრავალფეროვან სიმპტომებს გამონაყარი დაემატა