ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი გარდაიცვალა. 86 წლის ქალი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო. გარდაცვალება დღის 14:00 საათისთვის დაფიქსირდა.

"დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების რიგით მე-3 შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში.

გარდა იმისა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები.

2 კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და გადარჩენა ვერ მოხერხდა”, - განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

ეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. წინა ორ შემთხვევაში პაციენტები 79 და 81 წლის ქალბატონები იყვნენ.

ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდეა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 პირი. 195 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 39 პირი, ხოლო 3 - გარდაცვლილი.

გარდაცვლილი 86 წლის ქალის შვილები ამ დრომდე ინფექციურში მკურნალობენ - "ეს იყო ოჯახური შემთხვევა"

"თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ... საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა" - თენგიზ ცერცვაძე

"ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს" - თენგიზ ცერცვაძე