ავტორი:

"ჩემი ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა იყოს კარგად" - მარინა ენდელაძე

"ჩემი ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა იყოს კარგად" - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ტელეკომპანია “მთავარი არხის” დილის გადაცემაში "შენი დილა" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც არამხოლოდ პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა სხვადასხვა დეტალზე.

ექიმის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობენ ექიმები ყველასგან და ქართველმა ხალხმა მძიმე სიტუაციაში კიდევ ერთხელ გამოავლინა ერთმანეთის გვერდით დგომის უნარი:

"ძალიან გადაღლილი ვარ... დილით ათის ნახევარზე ვარ სამსახურში, იყო დღეები საერთოდ ვერ მივდიოდით სახლში და წუხელ პირველად ადრე წავედი - ღამის 2 საათზე.

როცა ბევრი საქმეა კვების სურვილიც არ გვაქვს, მაგრამ საზოგადოებამ დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ და კვებით მომარაგებული ვართ. ვგრძნობთ ყველას მხარდაჭერას და ყურადღებას. ქართველები კარგი ხალხი ვართ და განსაკუთრებით გაჭირვებაში ვუდგავართ გვერდში ერთმანეთს.

მე ცოტა მძიმე, ტრაგიკული ცხოვრება მაქვს - შვილი მყავს გარდაცვლილი და ამ რეჟიმამდე ყოველდღე დავდიოდი სასაფლაოზე და ყვავილების ყველა გამყიდველი მიცნობდა, იმიტომ რომ ყოველდღე მიმქონდა.

იმ დღეს რომ მივედი, რაღაც დღეები რომ არ ვიყავი, ცოტა მეტი ვიყიდე, ორი გვირგვინი, რომ დამაგვიანდეს არ შემიძლია ჩემს შვილთან არ იყოს კანდელი და ყვავილები... გამოვიდა გამყიდველი და არავითარ შემთხვევაში თანხა არ გამომართვა... ძალიან შევწუხდი... ესეც სასიამოვნო ჟესტი იყო. ყველას უნდა რაღაც წვლილი შეიტანოს და ყურადღებას იჩენენ..." - ისაუბრა ენდელაძემ.

მანვე განმარტა, როგორ მუშაობენ დღის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ექიმები პაციენტებთან:

"მუშაობის საწყისი პერიოდი უფრო რთული იყო - სამ კვირაში, თუ ერთ თვეში 400 პაციენტი გავატარეთ, შემოსვლა-გასვლა და მაშინ უფრო რთული იყო, დაძაბულები ვიყავით. ახლა ჩვენთან ყველა ინფიცირებული წევს და გარკვეულწილად მობილიზებულები ვართ.

დილა იწყება ასე - ტარდება პრესკონფერენცია, ვიღებთ და ვაწვდით ინფორმაციას ერთმანეთს, დგება დღის გეგმა, ვის რა გამოკვლევა და ანალიზი უნდა ჩაუტარდეს, ამის შემდეგ კი ვიწყებთ ეკიპირებას პაციენტთან შესასვლელად. ახლა ცოტა უფრო ჩქარა ვიცმევთ ფორმებს, საკმაოდ რთულია ეკიპირებით მოძრაობა.

ვერ გეტყვით, რომ მძიმე ემოციით მივიღეთ ეს სიტუაცია, ჩვენ ინფექციონისტები ვართ და თავიდანვე ვიცით, რომ უნდა ვებრძოლოთ ინფექციას. არ გვქონია განსაკუთრებული შიშის შეგრძნება, მთავარია დავიცვათ ყველაფერი, რომ არ მოხდეს ბევრი მედიკოსის ინფიცირება, რისგანაც არავინაა დაზღეული, თუმცა მაქსიმალურად ამას ვცდილობთ...

ექიმს ყველას უნდა ჰქონდეს მთავარი თვისება - უყვარდეს ადამიანი და პროფესია. მე პირადად ასე ვარ, უამისოდ არ შემიძლია და სიმართლე გითხრათ, ამ პროფესიამ გადამარჩინა, რომ ფიზიკურად ვარსებობ, გადართული ვარ პირადი ტრაგედიიდან... ჩემი მძიმე ტრაგედიის შემდეგ, მეტი მზრუნველობა მაქვს, მეტად მეშინია სიკვდილის და მეტად მინდა ყველა ადამიანი იყოს კარგად" - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ცნობილ ინფექციონისტს 2017 წლის 28 მარტს ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი გარდაეცვალა. ირაკლი ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. იმ პერიოდში ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ტელეწამყვან ნელი აგირბასთან და წყვილის ერთწლიანი ქორწინება სამწუხაროდ, უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.

საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანია გამოჯანმრთელებული

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

„აქსის თაუერსმა“ მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა