ავტორი:

"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო" - როგორ ეხმაურებიან კორონავირუსზე შექმნილი სიმღერის კრიტიკას სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე

"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო" - როგორ ეხმაურებიან კორონავირუსზე შექმნილი სიმღერის კრიტიკას სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე

"ისტორიული კლიპის პრემიერა" - ასე დააანონსა გია ჯაჯანიძემ საკუთარ შოუში ქართული ესტრადის ცნობილი და კარგად დავიწყებული სახეების მონაწილეობით გადაღებული კლიპის STOPCOVID 19-ის პრემიერა, რომელიც ეკრანზე გასვლისთანავე სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.

"გათენდება, ოცნების მზე ანათებს, დაღამდება, იმედით დავუცდით დღეს" - ასე იწყება სიმღერა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპადაც კი "მონათლა".

იდეის ავტორი მომღერალი სოფო ბედია გახლავთ, კომპოზიტორი - კაკი ბოლქვაძე, ტექსტის ავტორი პოეტი ნანა ცინცაძეა, კლიპის რეჟისორი კი ბესო კვარაცხელია.

მომღერალი სოფო ბედია გაოგნებულია საზოგადოების დამოკიდებულით და ძალიან ნაწყენია მათზე, ვინც კლიპში მონაწილე მომღერლების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში სოფო იმასაც აღნიშნავს, რომ უკვირს, რატომ მიიჩნიეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპად კორონავირუსთან ბრძოლის თემაზე შექმნილი სიმღერა.

სოფო ბედია:

- ჩვენი მხრიდან გვინდოდა რომ ეს კეთილი მესიჯი ყოფილიყო, ვერ ვხვდები, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან რატომ დავიმსახურეთ. მარტის შუა რიცხვები იყო, ჩემ მეგობარ კაკი ბოლქვაძესთან ვიყავი სტუმრად. მოგეხსენებათ ქვეყანაში რა მდგომარეობაა და უცებ ისეთმა გრძნობამ ამიტანა, რომ ვიფიქრე, ხალხის გასამხნევებლად რამე გაგვეკეთებინა.

კაკის ვუთხარი, მიდი, დაწერე სიმღერა-თქო და მაშინვე მიუჯდა ინსტრუმენტს, ნანა ცინცაძეს დავურეკე და ვთხოვე ტექსტი დაეწერა, ბესო კვარაცხელიას კი კლიპის გადაღება. ღმერთი, ხატი, რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა?!

VIDEO: სოფო ბედიას ავტორობით შექმნილ კლიპს შესაძლოა, სამართლებრივი დავა მოჰყვეს - "ნებართვა არ გამიცია, არც ანაზღაურება მოგვითხოვია"

- საზოგადოების ნაწილმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპადაც კი აღიქვა...

- რა სისულელეა! პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს! ალბათ იმიტომ აღიქვეს, რომ კლიპში მონაწილე მომღერლების ნაწილი, "ოცნების" კონცერტებზეც მღეროდა. როდესაც სიმღერა დაიწერა, ძალიან დიდი სია ჩამოვწერე, გავაკეთე ჯგუფი სოციალურ ქსელში და ყველას შეტყობინება დავუგზავნე, რომ მიეღოთ მონაწილეობა.

ყველა მომღერალი მოვნიშნე, წარმატებული, შემდგარი, საზოგადოებისთვის ცნობილი, "ნაციონალების" მხარდამჭერი თუ "ოცნების". დავურეკე ყველას და ვუთხარი, ვისაც გაქვთ სურვილი, მობრძანდით სტუდიაში-მეთქი. სათითაოდ ჩავწერეთ ეს ხალხი, ყველა რეგულაცია დავიცავით, რომ ხალხმრავლობა არ ყოფილიყო.

მომღერლების ნაწილი არ იყო ქალაქში, ზოგმა თქვა, რომ ქრონიკული დაავადება აწუხებს, ზოგსაც დიაბეტი და ვერ გამოვიდოდა სახლიდან, არც გავამტყუნებ მათ. ხომ გეუბნებით, ეს კლიპი ყველანაირად მოკლებულია პოლიტიკას.

- სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ კლიპში თქვენი მეუღლის გამოჩენაზეც.

- ჩემი მეუღლე ჩემი განუყოფელი ნაწილია და გინდა ივარჯიშოს და გინდა არა, სულ არ მწყინს ხოლმე ამ თემაზე ხუმრობები. დიახ, რატომ არ უნდა ყოფილიყო კლიპში?!

ტექსტს მოუსმინეთ და მუსიკას ხალხნო, იმდენად მოკლე დროში გაკეთდა ყველაფერი, რომ რომელ ხარისხზეა ლაპარაკი. 26 მარტს მივიტანეთ გიასთან გადაცემაში. ცოტა მეწყინა, არ მინდოდა რომ 9 აპრილის თემაზე გასულ გადაცემაში მოხვედრილიყო, რადგან მაინც ასოციაცია "ტიტებთან" იქნებოდა, მაგრამ როგორც ჯაჯანიძემ მითხრა, სხვანაირად ვერ მოხერხდა.

ყველა ისტორიულ მოვლენას თავისი გამოხმაურება აქვს. რა დავაშავეთ, კიდევ ერთხელ ვკითხულობ? - გული გვტკივა მე და კაკის ამ კომენტარებს რომ ვკითხულობთ. კაკი ძალიან დიდი ხანია რაც მღერის. გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილმა ვერ იცნო და ამის გამო უნდა გათელონ?

ხანდახან ნამდვილად აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი სამშობლო, რომ ვერ ვტოვებ. რამ გააბოროტა ეს ხალხი ვერ ვიგებ, თემურ თათარაშვილზე გაბოროტდნენ, რადგან "ქართული ოცნების" მხადამჭერ კონცერტებზე მღეროდა? მერე რა, მეც ვმღეროდი, ჩემი ქმრის გამო დადებითად ვიყავი განწყობილი, ამის გამო უნდა ამომიჩემონ?

არანაირ პარტიას აღარ ვუმღერებ. უბოროტო ადამიანი ვარ და მხოლოდ სიკეთეზე ვფიქრობ. გამიპოლიტიკურეს ყველაფერი. არ მწყინს, სოფო ბედიას ქმარზე მეც მეცინება, მაგრამ ნერვები მეშლება, რომ უაზრო, პოლიტიკურ სარჩულს აკერებენ კლიპს" - გვითხრა სოფო ბედიამ.

სიმღერის იდეის ავტორთან საუბრის დამთავრების შემდეგ, სიმღერის ავტორს კაკი ბოლქვაძეს დავუკავშირდით, რომელიც ბედიასთან ერთად კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ჩვენი ინფორმაციით, ეს ფაქტი მან საკმაოდ მძიმედ გადაიტანა და ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა. ასევე ინერვიულა მომღერლის დედამ.

კაკი ბოლქვაძე:

- როგორ გადაიტანა ჩემმა ოჯახმა ეს დარტყმა, ეგ არ აინტერესებს ხალხს. ხალხს აინტერესებს მხოლოდ ცუდი. რაც შეეხება იმას, თუ პირველი რატომ ვიწყებ სიმღერას, იმიტომ რომ ჩემი დაწერილი სიმღერაა, მე დავწერე ეს სიმღერა და ვალდებული ვარ. თურმე ხალხმა ვერ მიცნო და კრიტიკულად შეაფასა კლიპი, ამაზე რა უნდა ვთქვა? ვზივარ და გაოგნებული ვარ! ან რა შუაშია პოლიტიკა?

სიმღერა მივუძღვენი იმას თუ რა მდგომარეობაშიცაა ჩვენი ქვეყანა, გაიხედეთ, რამდენი დაინფიცირებული გვყავს. მინდოდა პოზიტიური მესიჯი გამეგზავნა ხალხისთვის და მათრიეს არაფრის გამო. მე რომ სკანდალური ადამიანი ვიყო და სტატუსებით და აქტიურობით გამოვირჩეოდე, კიდევ მესმის. ჩემთვის ვზივარ და საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

- გავიგე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ...

- დიახ, ადვილი არაა ასეთ დღეში ჩააგდო ადამიანი. რცხვენოდეთ, მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის და აქ რას განიხილავენ! რაც შეეხება ქერა ქალბატონს ბავშვებით, რომელიც თითქოს ასევე ვერ იცნეს, ლუდა დუნდუაა, რომელიც "ნიჭიერში" ოქროს ღილაკით გადავიდა შემდეგ ტურში.

ყველა მონაწილე შოკშია, რა მოხდა, რა დავაშავეთ, საბავშვო ბაღი ავაფეთქეთ თუ ეპიდემიას ვავრცელებთ? აუცილებლად ბულინგის მსხვერპლი უნდა იყო, რომ გაგიცნოს მაყურებელმა, სირცხვილია, ქვეყანაში სადაც ეპიდემიას ებრძვიან, ხალხი იმას არჩევს, ვინ დაიწყო სიმღერა.

ჩემს ცხოვრებაში ვერავინ ვერ დამწამებს, რომ მე ოდესმე რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის მემღერა და ის ვითომ კოლეგები, რომლებიც მაკრიტიკებენ, სათითაოდ შემიძლია ჩამოვთვალო, ვინ რომელ პარტიას უმღეროდა.

- რა მოგცათ ამ გაკვეთილმა, როგორ გააგრძელებთ ახლა მუსიკალურ მოღვაწეობას?

- ეს არ იყო გაკვეთილი, სამწუხაროდ, ეს იყო შატალოდან გამოპარული ბრბო ხალხი, რომლებმაც მოიარეს ზოოპარკი და ვერც ბამბის ნაყინი ჭამეს და ვერც "კარუსელებზე" იკატავეს. მე ვარ მომღერალი და მაქვს თმენის ვალდებულება...

"ტაში უნდა დავუკრათ გახარიას..." - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი და აპირებს თუ არა აღდგომას ეკლესიაში წასვლას

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს