ავტორი:

"ერთი-ორი თვე სახლში ჩაკეტვა საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკას" - რა შეცვალა თვითიზოლაციამ ნათია ფანჯიკიძის ცხოვრებაში

"ერთი-ორი თვე სახლში ჩაკეტვა საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკას" - რა შეცვალა თვითიზოლაციამ ნათია ფანჯიკიძის ცხოვრებაში

მსოფლიო პანდემიამ სრულიად შეცვალა ადამიანების ცხოვრება. ამ ეტაპს კაცობრიობის ისტორიაში "დიდი დასვენებაც" კი უწოდეს...

მაგრამ რადგანაც ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ეს კრიზისიც უნდა დასრულდეს. აჟიოტაჟი, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, ჩაცხრება, ყველაფერი ჩაივლის და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

ვიდრე შინ გამოკეტილი და უჩვეულო ყოფაში მყოფი საზოგადოება ამ ყველაფრის გამო ღელავს, სტრესულ გარემოში ცხოვრობს, AMBEBI.GE-მ რამდენიმე კითხვით ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს მიმართა:

- დიდი მოულოდნელობის წინაშე აღმოვჩნდით. გაზაფხულზე, როცა ადამიანს სიცოცხლე უხარია, კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში გამოკეტვა გვიწევს. ბევრი ამას შეგნებით უყურებს და წესებს ემორჩილება, არიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს ვერ ეგუება და სტრესშია... რას ურჩევდით, როგორ მოერიონ თავს?

- სტრესი, შფოთვის დონის აწევა ნებისმიერი საგანგებო მდგომარეობისას ნორმალური რეაქციაა, მთავარია რეაქცია მოვლენის ადეკვატური იყოს. დილას, თვალს რომ ვახელთ, სიცოცხლეში ვბრუნდებით, ამ შემთხვევაშიც სტრესის ჰორმონი გვაღვიძებს. როდესაც გვაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული რეჟიმი უნდა დავიცვათ, ფსიქიკა ჩვეულებრივზე მაღალ კონტროლს აწესებს გარემოზე, საკუთარ თავზე. ამ ტიპის სტრესი დამხმარეა, თავი გავართვათ განსხვავებულ მოცემულობას.

ჭარბი სტრესი კი, დროში გახანგრძლივების შემთხვევაში ადამიანის ძალებს ფიტავს და იმუნიტეტზეც ცუდად აისახება. სიტუაციის ადეკვატურ პასუხად მხოლოდ იმ ადამიანებში შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვისაც ცუდი საცხოვრებელი პირობები აქვს, მცირე ფართობზე ბევრი ადამიანი ერთად ცხოვრობს, სამსახური შეუჩერდა და ლუკმა-პურის მოპოვების პრობლემის წინაშე დადგა, რადგან დღიურ გამომუშავებაზე იყო, კონფლიქტურ ოჯახში ცხოვრობს, ან ოჯახური ძალადობის მხსვერპლია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს...

სხვა შემთხვევაში მომატებულ ემოციურ ფონს უნდა შევხვდეთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას და ვაკეთოთ სახლში ის, რის კეთებაც ბევრჯერ გვინატრია და დრო არ გვქონია...

- იმასაც ამბობენ, რომ როდესაც ეს ვირუსი გადაივლის, ბევრი ადამიანი ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. უშუალოდ, რა შეიძლება გამოიწვიოს სახლში ადამიანების ასე მასობრივად ჩაკეტვამ?

- თუ სახლში ჩაკეტვა დიდხანს გაგრძელდა, მაშინ შეგვიძლია ამის წინასწარმეტყველება, - ერთი და ორი თვე არაფერს საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკაში და მალევე დაუბრუნდება ყველა ჩვეულებრივ მდგომარეობას.

- თავად როგორ ცხოვრობთ - შეეგუეთ სახლში ყოფნას, შინ დისტანციურად სამსახურის საქმის კეთებას? რა შეცვალა თვითიზოლაციამ თქვენს ცხოვრებაში?

- უჩვეულოა, რა თქმა უნდა, როცა სახლში და სამსახურში ერთდროულად ხარ. აღმოვაჩინე ისიც, რომ ამან დრო სულაც არ გამომითავისუფლა, პირიქით, ონლაინ მუშაობასაც დრო მიაქვს და ამავდროულად, რადგან არ ასოცირდება სახლი სამსახურთან, სიზარმაცეც მიტევს.

სახლის საქმეც მეტი ინტენსიურობით დამემატა. "მაჭამე რამე" - ჩამესმის დილიდან საღამომდე, რაც მართობს კიდეც, ხუმრობის უამრავ საფუძველს მიჩენს. პროფესიული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მათ შორის, საზღვარგარეთთან დაკავშირებული საქმეები გადავადდა, გეგმა შეიცვალა, ან გაუქმდა... რას ვიზამთ, წუწუნი არ ღირს, დროს უნდა მიენდო, როგორც ტალღებს, ლეიბით რომ ხარ შესული ზღვაში, ზუსტად ასე...

- როგორც ცნობილია, მოყვარული მებაღე-მემცენარე ხართ. შინ არაერთი ლამაზი ყვავილი გაქვთ, რომელთაც უვლით. ახლა რამდენად იცლით ამ გატაცებითვის და ამ მიმართულებით რას ურჩევდით ადამიანებს?

- სახლის ყვავილებისთვის ახლა უკეთ ვიცლი. „კამარაში“, ჩვენს ფსიქოთერაპიის ცენტრში თვითიზოლირებულ გაზაფხულზე კი გული მწყდება. არადა, ყვავილების სხვადასხვა ფერის ჩანჩქერია - აპრილის მცენარეები ახლა ყვავიან და ყოველდღე ვერ ვხედავ. მხოლოდ დროდადრო მივდივარ მოსარწყავად და მოსავლელად...

ბოლოს კი ისევ იმას გავიმეორებ - ერთი და ორი თვე არაფერს საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკაში და მალევე დაუბრუნდება ყველა ჩვეულებრივ მდგომარეობას.

"მგონია, რომ ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია" - ხათუნა ზახაშვილი

"კორონამ სამყარო შეარყია, კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს" - ამირან გამყრელიძე

"სწრაფი ტესტი, რომელიც მას გაუკეთდა, ხარვეზიანი იყო" - კახეთში სასწრაფოს ექიმს PCR ტესტით ვირუსი არ აღმოაჩნდა