ავტორი:

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს წითელ კვერცხსა და პასკას - "თუ ადამიანი ვერ ახერხებს ამ ტრადიციის აღსრულებას, არ იფიქროს, რომ ცოდვის ან უბედურების საწინდარია"

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს წითელ კვერცხსა და პასკას - "თუ ადამიანი ვერ ახერხებს ამ ტრადიციის აღსრულებას, არ იფიქროს, რომ ცოდვის ან უბედურების საწინდარია"

მართლმადიდებელი სამყარო 3 მაისს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. პანდემიამ ქრისტიანებისთვის უდიდესი დღესასწაულის, აღდგომის აღნიშვნის წესიც შეცვალა.

საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდეს. ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი

AMBEBI.GE თბილისის სასულიერო აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს ესაუბრა აღდგომის მნიშვნელობასა და მისი პანდემიის დროს აღნიშვნის შესაძლებლობაზე:

- კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანების გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ ვერ მოახერხებს სააღდგომო ტრადიციების სრულყოფილად დაცვას. განგვიმარტეთ, რა დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკასა და კვერცხს ქრისტიანულ ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ისინი?

- უპირველესად, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერთმანეთისგან ტრადიციები და დოგმატური სწავლებები. წელს ეს როგორც არასდროს ისეა აქტუალური. ზოგიერთმა ტრადიციამ, თუ რელიგიური სწავლებების სხვადასხვანაირად გააზრებამ, გადაფარა დღესასწაულის ჭეშმარიტი არსი.

თუნდაც, რაც ახლა სააღდგომო ცეცხლთან დაკავშირებით ხდება. ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ თუ ეს სააღდგომო ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვიდა, რაღაცა ირღვევა. გავიხსენოთ, რომ წინა საუკუნეში, მაგალითად, 90-იან წლებში სააღდგომო ცეცხლი საერთოდ არ ჩამოდიოდა საქართველოში და ყველა მშვენივრად დღესასწაულობდა. წელს ისე დაიხატა სიტუაცია, რომ მე პირადად, როგორც სასულიერო პირი, გაოგნებული დავრჩი -

ხალხი, რომელიც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: ვაიმე, რა გვეშველება, ეს ცეცხლი თუ საქართველოში არ ჩამოვაო

მე მინდა ყველას ავუხსნა, რომ მთავარია, ქრისტიანი აცნობიერებდეს რა მოხდა აღდგომას და ამ აღდგომის სიხარულით ვიყოთ სავსენი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქრისტესმიერი აღდგომა, ჩვენი საკუთარი აღდგომის დასაბამია, რამეთუ ქრისტეს მიერ სიკვდილის დათრგუნვით ჩვენშიც დაითრგუნა სიკვდილი, რაც გამოხატულია იმაში, რომ მე კი გარდავიცვლები, მაგრამ ისევ აღვდგები, როგორც ქრისტე. ამას ადასტურებს მრწამსიც: "მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნოსასა ამინ".

ყველაფერი სხვა კი, არის მეორეხარისხოვანი. შეიძლება ისეთი დონის განსაცდელი იყოს მოვლენილი, რომ კვერცხიც კი ვერ შევღებოთ. წელს ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს თუნდაც, ენდროს ყიდვა. სხვათაშორის ერთი ძალიან განათლებული ადამიანი მწერდა ამასწინათ: იმდენად გვიყვარს კვერცხის შეღებვის ტრადიცია, სოფელში მივდიოდით სპეციალურად და მხოლოდ სოფლის ნამდვილ კვერცხს ვღებავდით, სხვას არც ვაკადრებთ ამ დღესასწაულს და ახლა ვერ ვახერხებთ წასვლასო, წუხდა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ წელს რაღაცეები შეიძლება დაერღვას მრევლს. ამიტომ მე და მინდა, გავახნევო ჩვენი მკითხველი, რომ თუ ვინმემ კვერცხის შეღებვა ვერ მოახერხა, ან პასკა ვერ გამოაცხო, ამით არ ინგრევა ყველაფერი. მთავარია, მათ ჰქონდეთ შინაგანი სიხიარული და ზეიმი თავიანთ სულიერ სამყაროში. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანების სევდის, ვინც ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ ეს ცოდვა არ არის და მათ ოჯახებზე ცუდად არ აისახება.

- რა სიმბოლური ახსნა აქვს წითელ კვერცხსა და პასკას რელიგიურად?

- ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ზეპირი გადმოცემისა და ტრადიციის ნაწილი. სჯულის კანონში პასკისა და კვერცხის შეღებვის აუცილებლობაზე ვერაფერს წავიკითხავთ, რადგან ამის შესახებ არანაირი საეკლესიო დადგენილება არ არსებობს.

ამ ყველაფერს თავისი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. მითუმეტეს ქრისტიანობის მართლმადიდებლური შტო სიმბოლიკაზე ძალიან ორიენტირებულია და ამასაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. სიმბოლოები გვახსენებს ჩვენ ამა თუ იმ მოვლენას, როგორც ბიბლიაში მომხდარს, ისე ისტორიულ ფაქტებს. ამ სიმბოლოების გაცოცხლებით, შესაბამისი მოვლენების თანაზიარნი და თანამონაწილენი ვხდებით.

პასკა უპირველეს ყოვლისა, თავისი არსით დაკავშირებულია რაღაცის გამოცხობასთან. ფქვილისგან ყოველთვის ყველაზე მთავარი საჭმელი რაც მზადდება, ეს არის პური. ებრაული პასექის დღესასწაულზე ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ეს ხმიადები იყო საიდუმლო სერობაზეც. აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ის ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ: სასუფეველი ჰგავს საფუარიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს. საფუარი მადლის სიმბოლოა - მადლით ხდება ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება, მადლით ხდება ადამიანის მოპოვება სასუფევლისთვის და ცხონება.

ამიტომ აღდგომის დღესასწაულზე ვამზადებთ საფუარიან პურს, აღდგომის სიხარულთან ერთად პასკა ასევე ზეციური საზრდოს სიმბოლოა ჩვენი სულებისათვის. პასკას სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ გაგებით, რომ ის ერთგვარი მადლმოსილი საკვები გახლავთ ჩვენს სააღდგომო სუფრაზე.

კვერცხი კი, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ როგორც ერთგვარი სიცოცხლის, განახლების სიმბოლო, კვერცხიდან ყოველთვის ახალი სიცოცხლე იბადება. მაცხოვარმა ახალი, მარადიული სიცოცხლე მოგვიტანა ჩვენ. მან გვითხრა, რომ ჩვენ არ ვართ დროებითი არსებები დედამიწაზე, ჩვენ ყველა ვართ მარადისობის შვილები.

შეეხება კვერცხი შეღებვის ტრადიციას, ეს უკვე ბავშვებმაც კი იციან, რომ დაკავშირებულია მარიამ მაგდალინელის ვიზიტთან რომის იმპერატორთან, სადაც მათ თვალწინ კვერცხი გაწითლდა. ასე რომ, პასკაც და კვერცხიც არის მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლო მადლისა, მარადიულობისა, ხელახალი შობისა, სიცოცხლისა. ეს არის თაობიდან თაობაში გადასული ტრადიცია, რომელის ფესვებიც იკარგება ძალიან უხსოვარ დროში და ჩვენ დადასტურებულად არ შეგვიძლია ვთქვათ, პირველად როდის და სად აღინიშნა პასკითა და კვერცხით აღდგომის დღესასწაული.

სასულიერო პირები ამას მივესალმებით, თუმცა ვიმეორებ, თუ რამე გარეფაქტორის გამო ადამიანმა ვერ მოახერხა ამ ტრადიციის აღსრულება, არ უნდა იფიქროს, რომ რამე ცოდვის ან უბედურების საწინდარია.

- ზოგიერთ ქვეყანაში კვერცხებს სხვადასხვა ფერად ღებავენ. აუცილებელია თუ არა ის მაინცდამაინც წითელი იყოს?

- ესთეტიკური ხიბლი საუკუნეების განმავლობაში თანდათან შეიძინა ამ ტრადიციამ და შეიძლება ითქვას, ერთგვარ ხელოვნებადაც იქცა. იღებება ფერადი დეკორატიული კვერცხები, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. როგორც მაგალითად უძველეს პერიოდში საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოები სხვანაირი იყო, დღეს კი ძალიან განვითარდა ყველაფერი და რა არ გვხვდება.

ზოგადად კვერცხის შეღებვა და მისი ფერი არ არის არანაირი საეკლესიო, დოგმატური სწავლების ნაწილი, რომელიმე საკლესიო კრების მიერ დამტკიცებული. ეს არის ტრადიცია. ამიტომ აუცილებლად წითელი უნდა იყოს თუ არა, ეს არავის დაუდგენია. თუმცა ჩვენს, ქართულ რეალობაში ასეა დამკვიდრებული და ალბათ სჯობს, რომ წითლად შეიღებოს, ჩვენთვის ეს არის არის უფრო ტრადიციული და მისაღები. თუმცა, სხვა ფერადაც თუ შევღებავთ, არაფერს ვაშავებთ.

- მინდა გკითხოთ კორონავისურის გამო ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებაც. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ზიარების წესი უნდა შეცვლილიყო. როგორ შეაფასებთ საპატრიარქოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

- უპირველესად ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მკითხველს და ყველა ადამიანს. წირვა იწყება უნიკალური სიტყვებით: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“ და "მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა". გთხოვთ ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ქრისტიანი პირველ ყოვლისა, უფალს ევედრება სამყაროს მშვიდობას. მასში მოაზრება ყოველი ადამიანი, ყოველი ერის შვილი, ჩვენგან ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ მყოფებიც, ამიტომ ჩვენ არავინ უნდა განვიკითხოთ.

ჩემი დაკვირვებით, მედიაში უფრო მეტად რელიგიურ პრობლემატიკას ეთმობა ყურადრება, ვიდრე თავად პანდემიის პრობლემატიკას და ამის წინააღმდეგ ბრძოლას. მე როგორც სასულიერო პირს, ეჭვი არ მეპარება, რომ რომელიმე საღვთო საიდუმლო დედამიწაზე, მათ შორის ევქარისტიის, წმინდა ზიარების საიდუმლო, რამე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეს საფრთხე არის სერიოზული,, ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული და ბევრიც გარდაცვლილი.

ჩვენ უნდა დავიცვათ ის წესები და რეკომენდაციები, რასაც მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი სამედიცინო საზოგადოება გვთავაზობს. მივესალები საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს წესების დაცვა ეკლესიაში. პირადად ჩვენთანაც ტაძარში ძალიან მკაცრად არის დისტანცია დაცული, მრევლს საკუთარი სახლიდან მოაქვს ერთჯერადი ჭიქები და თეფშები ზიარების შემდეგ სიტკბოებისა და სეფისკვერის მისაღებად. როგოც იცით, ეს არ არის ზიარების ნაწილი. ბევრ ტაძარში სულაც არ ხდება ზიარების შემდეგ სიტკბოების შეთავაზება მრევლისთვის, რადგან ზიარება არის უშუალოდ ბარძიმიდან საერთო კოვზით წმინდა ნაწილების მიღების პროცესი.

ზიარების წესი არ შეცვლილა და იგი არც უნდა შეცვლილიყო, რადგან არ შეიძლება საღვთო საიდუმლო დაავადების გადამცემი იყოს. პირიქით. თუმცა ყველა რეკომენდაციას ვიცავთ მკაცრად. ასევე, მოვუწოდებთ სახლში დარჩენისკენ იმ ადამიანებს, რომელებიც თავს უძლურებაში გრძნობენ და ზოგიერთ შემთხვევაში მოძღვარი აზიარებს სახლში მათ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით ასეთი ურთიერთდაპირისპირება აქტიურ მრევლსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის?

- მთავარი სათქმელი არის ეს, რასაც ახლა ვიტყვი: მე მოვუწოდებ ყველა ქრისტიანს, რომ დაიცვას ოქროს შუალედი სამეუფეო გზაზე, რაც არის ყველაზე სწორი გზა - 50/50-ზე. ე.ი. ქრისტიანი არც სასოწარკვეთილებააში არ უნდა ჩავარდეს და არც - ხიბლში. იგი ურწმუნოებამდე არ უნდა მივიდეს, რომ აღარ გაეკაროს ეკლესიას და მოსწყდეს საეკლესიო საიდუმლოებს, მაგრამ არ უნდა ჩავარდეს მეორე უკიდურესობაშიც - ისე გათამამდეს და თვითდაჯერებული გახდეს, იფიქროს, არასოდეს არაფერი მოუვა, არ დაინფიცირდება, რადგან ის არის რჩეული და ა.შ. ეს უკვე ხიბლის და სიამაყის გამოვლინებაა.

ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ მას საღმრთო მადლი იცავს, მაგრამ უნდა ვიყოთ სიფრთხილით და მორიდებით, შევინარჩუნოთ დისტანცია და ყველა ის წესი დავიცვათ, რასაც მედიკოსები მოგვიწოდებენ. კარგი იქნება თუ ეს წესები პოსტპანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება.

მე არ მიყვარს ანდაზა "ზოგი ჭირი მარგებელია". ვეთანხმები ივანე კარამაზოვს, დოსტოევსკის რომანის გმირს, რომელიც ამბობს, რომ არავითარი ბედნიერების არ მჯერა, თუ მის ძირში, ფესვებში იკარგება ბავშვის ტირილი და ადამიანის უბედრურებაო. ე.ი ვერანაირი ეკოლოგიური ან სხვა რაიმე სარგებელი, ვერასოდეს იქნება საპირწონე ათასობით დაღუპული ადამიანის სიცოცხლისა. რაც არ უნდა კარგი რამ მოხდეს ამ პანდემიის შემდეგ, ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ ვირუსმა შეიწირა, ან ვისაც ტანჯვა მიაყენა.

ჩემი რჩევაა ყველა ადამიანისთვის: მორწმუნესთვისაც და ურწმუნოსთვისაც, რომ კორექტულად, ძალიან მშვიდად და უზრდელობის გარეშე დაწერონ კომენტარები სოციალურ ქსელში. ნუ დასცინიან და შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ერთმანეთს უფლის სახელით. არ შეიძლება მორწმუნე ადამიანმა უძახოს ვინმეს "ეშმაკის მქოციქულო", "სატანა", "ანტიქირისტე" - ამ სიტყვებს ქრისტიანი არ ხმარობს. შეუძლებელია ერთმა ბაგემ წარმოთქვას "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ" და და ეს საშინელი სიტყვები. ნუ ჩავვარდებით ხიბლში, ვიყოთ მშვიდად, მოთმინებით, თავმდაბლად. ვილოცოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს თუ შეგვიძლია.

- და ბოლოს, მინდა გკითხოთ პატრიარქის ძალიან რეზონანსულ ქადაგებაზე მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, რაზეც იანვარში ისაუბრა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ხშირად იხსენებენ პატრიარქის ამ ქადაგებას და მას ნიშანდობლივს უწოდებენ...

- დიახ, ეს თითქოს დროში დაემთხვა პანდემიის დაწყებას. მაშინ მისი უწმინდესობის ქადაგებამ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში. თუმცა, ვინც საეკლესიო საზოგადოების წევრია, ყველა კარგად მიხვდა ყველაფერს. არამხოლოდ პატრიარქი, ნებისმიერი სასულიერო პირი ვალდებულია მშვიდობიანობის ჟამსაც გადასცეს მრევლს ევთადოლოგიური სწავლება. ანუ სწავლება მეორედ მოსვლის, ბოლო ჟამის შესახებ.

ქრისტიანობა თავისი შინაარსით არის აპოკალიპტური რელიგია. საერთოდ, ნებისმიერი რელიგია ასწავლის სამყაროს შექმნისა და მისი აღსასრულის შესახებ. მაზდიანობა ქადაგებდა სამყაროს შექმნას და განადგურებას, იუდაიზმი ქადაგებს სამყაროს აღსასრულს, როდესაც მოხდება ფინალური დღის დადგომა, ისლამი ქადაგებს საყოველთაო აღდგომას, ყურანში პირველივე სურაში აღნიშნულია "დიდება ღმერთს განკითხვის დღისას მომსვლელს"; ბუდიზმშიც არის ეს სწავლება, რომ სამყარო პერიოდულად უნდა გაქრეს.

ის რომ, სამყარო აღსრული დადგება და მისი წინმსწრები იქნება გარკვეული კატაკლიზმები, ეს ყველა ცოცხალ და მკვდარ რელიგიაშია. ამიტომ თუ ადამიანი ტაძარში დადის და ის ამბობს, რომ ქრისტიანია, მე მღვდელი ვალდებული ვარ, რომ მას ამაზე ინფორმაცია მივაწოდო. მაგრამ ეს უნდა აშინებდეს თუ უნდა უხაროდეს მას? მე ვეუბნები, რომ შენ საფლავში კი არ უნდა იწვე მუდმივად, არამედ შენ აღდგები, როგორც ქრისტე. სულიერადაც და შენივე სხეულით, რომელსაც ვერანაირი ვირუსი ვერ მოერევა და იცხოვრებ მარადიულად. ეს არ უნდა გვიხაროდეს? გეკითხებით, რატომ გვცემს თავზარს მეორედ მოსვლა?!

კარგი, ამ პანდემიას გადავურჩით, ოდესღაც ხომ მაინც დავიხოცებით? ის 102 წლის ადამიანი რომ განიკურნა იტალიაში კორონავირუსისგან, რამდენიმე, თუნდაც ათეულ წელში, ხომ მაინც გარდაიცვლება? დედამიწაზე ხომ არავინ დარჩება? ამიტომ ქრისტე სიკვდილის შემდეგაც გვპირდება აღდგომას და მარადიულ ცხოვრებას სიხარულში.

პატრიარქი 90-იან წლებშიც ქადაგებდა მეორედ მოსვლის შესახებ, უნდა ექადაგა ახლაც და ისევ უნდა იქადაგოს, მან, როგორც ერის სულიერმა წინამძღოლმა მუდმივად უნდა შეგვახსენოს ამის შესახებ. მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად სწორად გაგებული. ამაში არაფერია თავზარდაცემი. მთავარი ისაა, რომ არ უნდა დავაკავშიროთ კონკრეტული საკითხი ამა თუ იმ ბიბლიურ მოვლენასთან. ეს დაფარულია და მხოლოდ უფალმა იცის, როდის დადგება განკითხვის ჟამი. ხსნა არის უფალში!

"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე

"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ამ დროისთვის, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა... ერთადერთი, ბავშვები შეწუხებულები არიან აჟიოტაჟით, რაც შეიქმნა" - დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე